რატომ ითხოვენ ქართველი ვარსკვლავები რუსულად დახმარებას – მომღერლები სკანდალში გაეხვნენ
სოციალურ ქსელებში დილიდან ახალი სალაპარაკო თემა გაჩნდა. ვრცელდება აჩი ფურცელაძის, მიშა მესხის, რეპერ გიორგი პავლიაშვილის, ანუ მასტერის, თემურ თათარაშვილის, ნინი ქარსელაძის და სხვა ქართველების ფოტოები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ ან იქ დროებით იმყოფებიან.
ისინი რუსულად ერთად დგომისა და საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების ნაწილი რუსებისადმი მოწოდებამ გააღიზიანა და მიიჩნევენ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არანაირი დახმარება არ უნდა ვითხოვოთ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე რეპერი მასტერი ამბობს, რომ ისინი არა რუსებს, არამედ იქ მცხოვრებ ქართველებს მიმართავენ.
გიორგი პავლიაშვილი, მასტერი: – ზუსტად გეტყვით, რა ხდება. ჩემმა მეგობარმა, ბექა ხოფერიამ დამირეკა და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო აქციაში, რომელიც ეხმარება ერთ ბიჭს, მას სტიქიის შედეგად დედა და დეიდა გარდაეცვალა, თუ სწორად მახსოვს… 17 წლის ბიჭია. ამ აქციის ძირითადი წევრები, როგორც თავიდანვე ამიხსნეს და ასეც არის, არიან ქართველი ემიგრანტები, ვინც რუსეთში ცხოვრობს. გროვდება თანხა ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გადასარიცხად. ვიღაცებმა გაიგეს, რომ კრემლს ვთხოვდით ფულს ან სახელმწიფოს. მხოლოდ რუსეთში მყოფ ქართველებს ვთხოვთ ერთად დგომას. არის ასეთი კონტრშეკითხვაც, თუკი ქართველებს მიმართავთ, რუსულად რატომ გიწერიათო. ჯერ ერთი, ასე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მე კომენტარი ქართულად მივეცი.
და მეორეც – ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც ფიზიკურად არ იციან ქართულად კითხვა. მაგალითად, ცნობილი რეპერი L’one ვერ კითხულობს ქართულად, მაგრამ ჩვენს თაობაში ძალიან პოპულარულია და ქართული სულის ადამიანია.
ალბათ, ეს გათვლილი იყო ეთნიკური წარმოშობის ქართველებზე, რომლებიც დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. იმასაც დავამატებ, რომ მართლა ვფიქრობ, ეს ანტიპიარი, რაც წამოვიდა, ერთმა ჯგუფმა ააგორა.
ჩემს გვერდზე, რომელსაც 80 000 ლაიქი აქვს, როცა განვათავსე ფოტო, არანაირი კრიტიკა არ წამოსულა. უბრალოდ, ერთმა ადამიანმა გააზიარა და შემდეგ იქიდან წაიღო ყველამ, ამიტომ მგონია, ერთი ჯგუფის ნამოქმედარია, რომელიც ყველაფერს სხვანაირად უყურებს.
წყარო: http://primetimenews.ge