გია ჯაჯანიძე სირაქლემაზე ოცნებობს

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს სახლში არა მარტო შინაური, გარეული ცხოველებიც კი ჰყოლია. მართალია, კარს ფართოდ უღებს ყველანაირი სახის ცხოველსა და ფრინველს, მაგრამ ბოლოს დასთან ან ყოფილ ცოლთან ამისამართებს. სულ ახლახან გიას ლაიკა აჩუქეს, რომელიც მისსავე დაბადების დღეს, 26 მარტს დაბადებულა.

– ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ჩემი ცხოვრება ჭიათურაში სულ გვყავდა ძაღლები. მერე უკვე, როცა გავიზარდე და ცნობიერება ჩამომიყალიბდა, ჩემმა ნათესავმა მომიყვანა ორი ლამაზი თუთიყუში, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, რომ გალიაში იყვნენ, გავუღე კარი და გაფრენის საშუალება მივეცი, თუმცა არსად წასულან. ჩვენსავე ეზოში ადესის დიდი ტალავრის ქვეშ ცხოვრობდნენ. მერე ჩემმა ძმამ გაუკეთა ხის სახლი, ჰყავდათ ბარტყები, გამრავლდნენ, მგონი, ჯამში თორმეტნი გახდნენ, ეზოს არ სცილდებოდნენ. თუ არ ვცდები, 5 წელი ცხოვრობდნენ ჩემთან, ბოლოს სინდიოფალამ შეგვიჭამა. სხვათა შორის, დაახლოებით 25 წლის წინ კიევიდან ცალთვალა პუდელიც ჩამოვიყვანე, რომელმაც ასევე ძალიან დიდხანს იცხოვრა ჩემთან, მერე დაბერდა და მოკვდა.

– ამის შემდეგ არ გყოლია არანაირი ცხოველი?
– რა აღარ მყოლია. ერთხელ ახლობლის ოჯახში მელა ვნახე, მომეწონა, მაჩუქეს და ორი თვე პეკინზე სამოთახიან სახლში მყავდა, მერე ჩემს დასთან წავიყვანე, რომელსაც კერძო სახლი აქვს, ჩემმა სიძემ დიდი გალია გაუკეთა და მშვენივრად იყო. კარგა ხანს გვყავდა დიდ გალიაში, გაიზარდა და გალიიდან ნადირობდა. ჩემს დას ჰყავს ჩემი მიყვანილი ციცრები, ფარშავანგი, რომელთაც მელა, მგონი, ჰიპნოზს უკეთებდა, მივიდოდნენ ეს ფრინველები გალიასთან, სტაცებდა მელა თათს და ხოცავდა, გალიიდანაც კი ნადირობდა. ძალიან რომ გაიზარდა, ქალბატონ ნათელა პატარკაციშვილს ვაჩუქე, წაიყვანეს აგარკზე, სადაც დათვის ბელი და ეგზოტიკური ფრინველები ჰყავდათ. გაუკეთეს საოცარი გალია და დიდხანს ცხოვრობდა იქ.
ერთი კვირა ღორიც იყო ჩემი ბინადარი. წინასაახალწლო პერიოდი იყო, ასტროლოგიურად ღორის წელი მოდიოდა, სარეკლამოდ მომიყვანეს პატარა გოჭი, რომელთან ერთადაც ფოტოები გადავიღე, მაგრამ უკან აღარ წაიყვანეს, მე დამიტოვეს. ერთი კვირა ეს ბურვაკი ”პარკეტზე” დაბაკუნებდა, არ იცი, რა დღეში ვიყავი. ვიხვეწებოდი, გოჭი ვინმეს არ გინდათ-მეთქი, მსურველი არავინ გამოჩნდა და ბოლოს სოფელში გავაგზავნე.

– როგორც ვიცი, ახლახან ძაღლი გაჩუქეს.
– ასეა. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მაჩუქა და რატომ გააკეთა ეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ირინა მჭედლიძე ძალიან მიყვარს, მას ჰყავს თეთრი ლაიკა. ამ ლაიკას ჩემს დაბადების დღეზე, 28 მარტს ეყოლა 6 ლეკვი, ექვსივე მდედრი. რადგან ლეკვები ჩემს დაბადების დღეზე დაიბადნენ, ირინამ ერთი მე მაჩუქა და ძალიან გამახარა.
ზოგადად, ჩემთვის ძაღლის ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა სახლში მყავს კიკინიანი ძაღლები რომ არიან, არც ვიცი, რა ჰქვია მაგ ჯიშს, თუ არ ვცდები, იორკშირული ტერიერი.

– თუ ძაღლის ჯიშებში ვერ ერკვევი, როგორ არჩევ, რომელი გინდა?
– თვალებში ჩავხედავ და ვიცი, ის ძაღლი ჩემია. როგორც წესი, ცხოველები და ფრინველები საბოლოოდ ჩემს დასა და ყოფილ ცოლთან მიმყავს. ყოფილ ცოლთან მყავს კატა – ეგვიპტური სფინქსი, სამი თუთიყუში, ოღონდ ერთი ძალიან დიდია და მტრედი, რომელიც აივანზე გადის, მაგრამ არსად მიდის.

– მათთან განშორება არ გიჭირს?
– არა, კვირაში 3-4-ჯერ ვნახულობ, ვზრუნავ მათ გასუფთავებაზე, ჭამაზე და ა.შ. სამუდამოდ დავიტოვებდი ჩემთან სახლში ცხოველებსა და ფრინველებს, მაგრამ ფართი არ მიწყობს ხელს, ამიტომაც ვოცნებობ საკუთარ სახლზე, სასწაული ცხოველები მეყოლებოდა.
ჩემი ოცნებაა, მყავდეს სირაქალემა. ნეტავ იცოდე, როგორ მინდა. იცი, რატომ? თურმე სირაქლემა გრძნობს ბოროტ ადამიანებს, როგორც უნდა ეცადო, რომ კეთილად მოაჩვენო თავი, ვერ მოატყუებ. გრძნობს პიროვნების ნეგატივს და პანჩურებს ურტყამს, ვისაც ამოარტყამს პანჩურს, ე.ი. ის ბოროტია. ვგიჟდები ამაზე. ჩემთან რომ მოვლენ ვიღაცები, ახლობლები რომ ჰქვიათ და რომ დამიწყებენ, ვაიმე, საყვარელოო, ამ დროს კი ჩემი სირაქლემა გაუქანებს და პანჩურს ამოარტყამს, თქვი, როგორი იქნება (იცინის). საოცარი… ქუჩაში რომ ვიარო სირაქლემებთან ერთად, წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება…]

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები