შიშის ქვეშ მცხოვრები თბილისელები და უგზო-უკვლოდ გამქრალი ცხოველები თბილისის ზოოპარკიდან

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეულმა მტაცებლებმა თბილისელებს მოსვენება დააკარგვინა და ზოგს თითქოს ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიაც დაავიწყა.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ვოლიერებს გარეთ დარჩენილი ცხოველები დიდ თავსატეხად მას შემდეგ იქცა, რაც თეთრი ჯიშის ვეფხვმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პანიკაში ჩავარდნილმა თბილისელებმა ჯერ კიდევ ვერ დააზუსტეს თუ რამდენი ცხოველი იყო ოფიციალურად ვოლიერებს გარეთ, ამიტომ “შიდა პატიმრობა” თვითნებურად დაიწესეს და ყურმოკრულ ცნობებს ცხოველების სხვადასხვა ადგილმდებარეობის შესახებ, ფეისბუქის გვერდებიდან აზიარებდნენ.

პანიკის გამოხატულების სხვადასხვა ფორმები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

მტაცებლის შიშით ზოგი სამარშუტო ტაქსში ფანჯრების ბოლომდე დაკეტვას ითხოვდა, ზოგი კი ცხელი დღეების მიუხედავად იგივე მეთოდის გამოყენებას საკუთარ სახლშიც არ მორიდებია. კუს ტბისა და ლისის ტბის ტერიტორიებზე კი ახალგაზრდების სიმრავლემ საგრძნობლად იკლო.

არ წყდებოდა ზარები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, სადაც ოპერატორებს კონკრეტული უბნებიდან მტაცებლების არსებობის შესახებ ატყობინებდნენ. ცხოველების მონიტორინგის სამსახურის წარმოამდგენლები კი მთელი ღამეების განმავლობაში ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძებნას თბილისის უბნების სხვადასხვა წერტილში ახორციელებდნენ და გამოძახებებზე გასვლას ვერ აუდიოდნენ. ზარების უმეტესობა ცრუ იყო. მაშინ, როდესაც თბილისელებს მტაცებლები სადარბაზოებსა და საძინებლებში ელანდებოდა, მათი ღრიალის ხმა კი ყველა მხრიდან ესმოდათ, ამ დროს არასრულწლოვნები გართობისთვის მომენტს არ უშვებდნენ, მტაცებლის ხმას მობილურ ტელეფონში იწერდნენ და “დინამიკებს” გარეთ რთავდნენ, რომ მტაცებლის არსებობა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.

მოგვიანებით, მედიაში მტაცებელთან განმკლავების უცნაური წესი გავრცელდა, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მაშინვე იქცა იუმორის თემად და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტიპის გასარჟებულმა ფოტო თუ აუდიო ვარიანტებმა პირველი ადგილი დაიკავა. სოციალურ ქსელში ამტკიცებდნენ, რომ ეს არასერიოზული და სასაცილოა, რადგან მტაცებელთან პირისპირ შეხვედრისას ყველა რჩევა- შეგონება შეიძლება დაგავიწყდეს და მტაცებლის გემრიელი ლუკმა გახდე, ამიტომაც ისინი აღნიშნულ პროცესში ერთხმად სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოითხოვენ.

საკითხისადმი არანაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა მედია, რომელიც დაუზარელი სისხარტით ანიუსებდა ინფორმაციას, იმის შესახებ თუ სად, რომელი ცხოველის სამძებრო-სამუშაოები ტარდებოდა.

ზოოპარკიდან გაურკვეველი რაოდენობის გაქცეულ ცხოველებს 112-ში შესული ზარების საფუძველზე დღემდე ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით დაკარგული ცხოველების კვალი ამ პატარა ქალაქში ჯერ არსად გამოჩენილა. ამრიგად, როდის დასრულდება თბილისელების ცხოვრება ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე,ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები