“სამი წლის წინ გავთხოვდი. გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რომ არ დავფეხმძიმდი, შევშფოთდი და დავიწყე ექიმებთან სიარული. როგორც ხშირად ხდება, მკითხაობა დაიწყეს – ხან – პროლაქტინი გაქვსო მაღალიო, ხან – ეს ჰორმონი არაა წესრიგშიო, იქ ის გაქვსო, აქ ესო, გამომიწერეს უამრავი წამალი და გადამრიეს. კიდევ უფრო დავისტრესე ამ ყველაფრის ფონზე და ისეთი დაძაბული დავდიოდი, არავისი დანახვა არ მინდოდა. შეკითხვებმა ხომ დამღალა: “აბა, რა არის ახალი?” “ხომ არ დარჩი?” “დაიწყე მკურნალობა?”
ნამდვილ ხსნასავით გაიხსნა ამ რუხ პერიოდში ჩემი ქმრის შემოთავაზება – მოდი, ყველაფერს შეეშვი, ცოტა ხანს სადმე წავიდეთ, დავისვენოთ და დავივიწყოთ პრობლემებიო. სიამოვნებით დავთანხმდი, ქვეყანაც ერთად შევარჩიეთ – ეგვიპტე, და გავემგზავრეთ.
სანამ წავიდოდით, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე გავცივდი, ყელი მტკიოდა და ვახველებდი. საშინელი დისკომფორტი მქონდა. თან ნერვები მეშლებოდა, ძლივს მივდივარ დასასვენებლად, თან შესანიშნავ კურორტზე და ამ ხველებამ უნდა ჩამიშხამოს-თქო დასვენება. როგორც კი ჩავედით, სასტუმროს ადმინისტრატორს შევჩივლეთ ჩემი მდგომარეობა და გვირჩია, ქუჩის გადაღმა მაღაზიაა, სამკურნალო ბალახეული აქვთ, რაიმეს შეგირჩევენო. მართლაც, გადავედით და ერთმა ეგვიპტელმა კაცმა გვირჩია, ეგვიპტური ყვითელი ჩაი დამელია, საუკეთესოა ამ დროსო. არ დამიჯერებთ, მაგრამ მეორე დღესვე სრულიად მომეხსნა ხველა. გაოცებულმა მოვიძიე ინსტრუქცია და ჩემი მწირი ინგლისურის ცოდნით მივხვდი, რომ არა მარტო ბრონქებსა და ხველებას შველოდა ეს მცენარე, არამედ ქალურ ჰორმონებსაც აწესრიგებდა. ისეთი იმედი გამიჩნდა, რომ ეს ჩაი მე სხვა პრობლემებსაც მომიგვარებდა, გიჟივით დავბრუნდი იმ მაღაზიაში, რამდენიმე კოლოფი ვიყიდე და დავიწყე ყოველდღე სმა. ჩემს ქმარსაც კი არ ვეუბნებოდი, რატომ გადავირიე ასე ამ ჩაიზე – ვშიშობდი, იქნებ არაფერი გამოვიდეს და ტყუილად იმედი არ გავუჩინო-თქო.
ჩაი თბილისშიც წამოვიღე და სანამ მქონდა, აქაც გავაგრძელე სმა. ეგვიპტიდან დაბრუნებიდან ზუსტად ერთ თვეში კი აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი… არ მინდა, ყველაფერი ამ ერთ ჩაის დავაბრალო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა. მერე ინტერნეტში ვეძებე ინფორმაცია, მინდოდა, ჩემი ახლობლებისთვისაც გამეზიარებინა, მაგრამ ინსტრუქცია და მსგავსი ცნობები ვერ ვიპოვე. ძალიან მინდა დამეხმაროთ, იქნებ დაწვრილებით ნახოთ ამ მცენარის შესახებ, ან ქართულად რა ჰქვია, მართლა შველის თუ არა მსგავს პრობლემებს და რა არის სინამდვილეში ეგვიპტური ჩაი.
მადლობა წინასწარ, 30 წლის ანა”.
რასაკვირველია, ჩვენი მკითხველის თხოვნა შევასრულეთ, მით უმეტეს, რომ მანამდეც რამდენიმე მკითხველმა დაგვისვა შეკითხვა ამ ჩაიზე და არა მხოლოდ ანას ვპასუხობთ, არამედ სხვებსაც, ვისაც აინტერესებს.
ჩვენში მას ჯერ თითქმის არ იცნობენ, მაგრამ ეგვიპტური ყვითელი ჩაი სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებულად ევროპის ქვეყნებში (მათ შორის, რუსეთშიც) ბუნებრივი საშუალებები, ბალახეული და განსაკუთრებით კი, აღმოსავლური მედიცინა, დიდად ფასობს. სწორედ აღმოსავლეთიდან გაიცნეს ე.წ. ყვითელი ჩაი, რომელსაც საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. რამდენიმე მკითხველმა გვამცნო ამ საშუალების შესახებ და გვთხოვეს, შეგვეკრიბა ცნობები, თუ რა არის ეს
ჩაი, რის გამო მოიპოვა პოპულარობა და რა შედის მასში.
სინამდვილეში, ეგვიპტური ჩაი არის პარკოსანი მცენარე, ულუმბო, უფრო ზუსტად კი მისი სახეობა – სათიბი. ამ მცენარეს ქართული კარაბადინიც იცნობს და ისიც ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერს.
როგორც ქართული ხალხური და აღმოსავლური მედიცინა იუწყება, ულუმბოს ნაყენი არბილებს ყელს, ტკივილს გულის არეში, აწყნარებს ხველასა და ასთმას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თაფლთან ერთად იხარშება. მისი ვაშლთან ნახარში კურნავს ნაწლავის წყლულებს. ზეთი სასარგებლოა მუცლის შესიებისას. თაფლში ნახარში ზეთი სასარგებლოა ნაწლავიდან ქვიშის გამოსატანად, აუმჯობესებს შარდდენას, მენსტრუალურ სისხლდენას, შველის ჰემაროის. განსაკუთრებით რეკომენდებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ასუფთავებს ნაწლავებს შლაკებისგან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კარგია კანის დაავადებების დროს, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობის გაუმჯობესებას, კარგია დიაბეტის პროფილაქტიკისთვის, ანემიის დროს, სხვადასხვა სახის ართრიტების დროს, აუმჯობესებს ლაქტაციას.
ყველაზე უკეთესი შედეგები კი, როგორც ამბობენ, აქვს სასუნთქი გზების მკურნალობის მხრივ (ბრონქიტები, სინუსიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია და სხვა), კუჭ-ნაწლავზე დადებითი ზემოქმედებისა ორგანიზმის გამწმენდი ზემოქმედების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს გახდომის მსურველთა შორის და მის თვისებებში ასევე გამოირჩევა ქალოური დაავადებებისა და იმპოტენციის მკურნალობა – ამის გამოც, ამბობენ, რომ ეგვიპტურ ჩაიდ წოდებულ ბალახეულს ევროპაში დიდად ეტანებიან.
მისი გამაჯანსაღებელი თვისებები განპირობებულია მისი ნაყოფის ფასეულობით, რომელიც ნამდვილი განძია მკიკროელემენტების, ვიტამინების, ამინომჟავების. მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდს, ეთერზეთებს, ცილებს, ტანინებს, A, C, B1, B2 და B9 ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, თუთიას და ა.შ.
როგორ სვამენ
რაკი გამოიყენება მისი არა ფოთლები, არამედ თესლი, ჩვეულებრივ მისი ჩაიდ დაყენება არ გამოდის. შეიძლება, ჩაის კოვზით ჩაიყაროთ ჭიქაში და ადუღებული წყალი დაასხათ, დაახუროთ თავზე და დააცადოთ ცოტა ხანს. თუმცა ეგვიპტელები ამბობენ, რომ თუ გვსურს, მისი ყველა დადებითი თვისება შევირგოთ, განსაკუთრებული რეცეპტით მოვამზადოთ. ის უბრალოდ უნდა მოვხარშოთ და ჩაიც მას პირობითად ჰქვია, რადგან ეს უფრო ნახარშია.
თესლი უნდა გაირეცხოს და რამდენიმე დღე გაშრეს. არომატი რომ კარგად გამოუშვას, ჯობს, ჯერ ტაფაზე ოდნავ მოხალოთ და მერე დაფქვათ. პატარა ქვაბში უნდა ჩაყაროთ ერთი ჩაის კოვზი, რომელიც 200-250 მლ წყალზეა გათვლილი. უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი და შემდეგ ჩამოასხათ პატარა ფინჯნებში.
უნდა დალიოთ ოდნავ განელებული და სასურველია, შაქრის ნაცვლად ერთი კოვზი თაფლი მიაყოლოთ. ასევე უხდება ლიმონი, კოჭა.
წყარო: http://www.mshoblebi.ge