როგორ იშორებს ნინი წიკლაური დაოჯახებულ თაყვანისმცემლებს – ”ბებიაჩემი ძალიან დარდობს, რომ 27 წლის ასაკში გაუთხოვარი ვარ”
ჩემი დილა ენერგიულად იწყება. წინა ღამით, ლოცვის შემდეგ, უფალს ვთხოვ, რომ მომავალი დღე ბედნიერად გამითენდეს.
ადრე ბებიაჩემი მაღვიძებდა, მაგრამ სამსახურის გამო უთენია ადგომას მივეჩვიე და ახლა მაღვიძარას დაყენებაც კი აღარ მჭირდება. ჩემს ოჯახში ყველა ადრე დგება და ალბათ ამ ფაქტმაც მოახდინა გავლენა ჩემს რეჟიმზე. უზმოზე 1-2 ჭიქა წყალს ვსვამ. წყალი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაჯანსაღებლად, პლუს ხელმისაწვდომია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კონცერტებზე ან ტელევიზიაში გამოსვლისას საფუძვლიანი მაკიაჟის გაკეთება მიწევს, რაც დერმატოლოგიური პრობლემების მიზეზი ხდება. სითხე მის მოგვარებაში მეხმარება.
ძალიან მოწესრიგებული ვარ, ეს ხანდახან პედანტობაშიც შეიძლება გადამეზარდოს. დილიდანვე ზუსტად ვიცი, რისი ჩაცმა მსურს. საყიდლებზე სიარულისას კაბის მორგება არ მჭირდება, თვალით ვხვდები, მომიხდება თუ არა.
ზოგადად, ჭამა დიდად არ მიყვარს. თუ ერთხელ დავნაყრდები, მთელი დღე მყოფნის. ბებიაჩემმა და დედაჩემმა საუზმის დაძალება იციან, ამ შემთხვევაში უარს არ ვამბობ მაწონზე. ყავას იშვიათად ვსვამ, ჩაი მირჩევნია. სახლში ჩაის კოლექცია მაქვს. ორი ერთნაირი არომატის ჩაის ვერ იპოვოთ. სითხის დიდი დოზით მიღებისას საჭმელი არ მერგება, ასე რომ, ფიგურას წვალების გარეშე ვინარჩუნებ.
დადებითი თვისებები
თავმდაბლობა ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ხშირად, მაგრამ უშედეგოდ, მსაყვედურობენ, რომ არასწორი თვითშეფასება უარყოფთად აისახება ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე. ბუნებას ვერ შევიცვლი.
საკუთარ თავში ვაფასებ გულკეთილობას. შემიძლია, ადამიანს ნებისმიერ დროს დავეხმარო, მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩემი ახლო მეგობარია თუ უბრალო ნაცნობი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტაქსის ფული დაქალისთვის მიმიცია და თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავბრუნებულვარ შინ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი გასეირნება ძალიან სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. მგზავრები ჯერ ეჭვის თვალით მიყურებდნენ, ვერ გადაეწყვიტათ, მომღერალი ვიყავი თუ არა, მერე ერთმა ქალმა აღნიშნა: შვილო, შენ ან ნინი წიკლაური ხარ, ან ძალიან ჰგავხარ მასო. თავი წარვუდგინე. ძალიან გაუხარდა. ახლა კიდევ უფრო შემიყვარდიო.
შრომისმოყვარე ვარ, შემიძლია, ღამეები გავათენო მაშინაც კი, თუ შრომა არ დამიფასდება. ცხოვრება არ მღლის, პირიქით, სიცოცხლის სურვილით მავსებს.
”ჩემი ემოციურობა ხშირად მაზარალებს…”
საკუთარ თავში არ მომწონს ის, რომ ძალიან ემოციური ვარ. ”კურიერის” ყურებისას ვტირი ხოლმე, ფილმებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ღვინის აღმართზე ერთი მოხუცი ქალი ზის და დახმარებას ითხოვს, შეუძლებელია, მას გვერდით ცრემლების გარეშე ჩავუარო.
მე და ლევან ჯავახიშვილმა ”ორ ვარსკვლავში” სიმღერა Knocking on heavens doors შევასრულეთ. ჟიურის ყველა წევრმა ათი ქულით შეგვაფასა. წამყვანებმა მიკროფონი გადმომცეს, რომ კომენტარი გამეკეთებინა. პირველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მივხვდი, რომ ხმა შემეცვალა და კისერში რაღაცამ მომიჭირა. ავტირდი. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. დუტა ხუმრობდა, ოღონდ შენ არ იტირო და სულ დაბალ ქულებს დავაწერინებ ჟიურისო. მანქანა რომ მოვიგე, მაშინაც წამში წამსკდა მოულოდნელი სიხარულის ცრემლები.
”კარბონარა”– საფირმო კერძი
ოჯახში ყოველთვის მათამამებდნენ და მანებივრებდნენ. მე ჯერ ვსწავლობდი, მერე- ვმუშაობდი, ასე რომ, მზარეულობის შესწავლას ვერ ვახერხებდი. ერთ შაბათს შევიკეტე, არავინ შემოვუშვი და რამდენიმე სახეობის კერძი მოვამზადე. დედა და ბებია სასიამოვნოდ გავაოცე.
იმის მიუხედავად, რომ კარგი მზარეული ვარ, არ მეხერხება ყავის მოდუღება და ტორტის გამოცხობა. არც ერთი მიყვარს, არც მეორე. ყავას სხვების მსგავსად ვამზადებ, მაგრამ გემო იმდენად განსხვავებული აქვს, ყველა ატყობს, რომ ჩემი გაკეთებულია.
ჩემი საფირმო კერძია ”კარბონარა”. სხვებისგან განსხვავებულად ვკაზმავ. ვამატებ უცხოურ სუნელებსა და ნიორს.
ინგრედიენტები: სპაგეტი (200გრ), ბეკონი ან სოკო (100გრ), ზეითუნის ზეთი (1 ს.კ), ნაღები 20%-იანი (200გრ), კვერცხის გული (2 ც), ყველი, მარილი, პილპილი, ნიორი, სუნელები გემოვნებით.
მოხარშული მაკარონი და ნაღები ერთად მოთუშეთ. მოთუშვისას სპაგეტიში გახეხილი ყველი მოათავსეთ, მოგ-ვიანებით, ზემოდან ორეგანო მოაყარეთ და ნიორიც დაუმატეთ.
ქალის მეექვსე გრძნობა
ნებისმიერ ქალს შეუძლია განჭვრიტოს კაცის აზრები, გამოიცნოს, როგორი თვალით უყურებს იგი. ცოლიანი მამაკაცები ცდილობენ ხოლმე ჩემთან ფლირტს, მაგრამ საშუალებას არ ვაძლევ. ასეთ დროს თავს შორს ვიჭერ. ამას წინათ ნათესავის დაბადების დღეზე ვიყავი. მისი ერთ-ერთი დაოჯახებული ძმაკაცისგან ზედმეტი ყურადღება ვიგრძენი. მოვიმიზეზე, თითქოს მეჩქარებოდა და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.
მოურჯულებელი თაყვანისმცემელი ტრადიციული სტრატეგიით
ჩემი თაყვანისმცემლები სიჯიუტით გამოირჩევიან, არასდროს ესმით სიტყვა ”არა!” მთიული ვარ, რასაც ვგულისხმობ, ყოველთვის იმას ვამბობ, უარს მოგვიანებით თანხმობით არ ვცვლი. არ მიყვარს, როდესაც გოგონები უაზროდ იპრანჭებიან, ცოტა ხნით ეკეკლუცებიან ბიჭს, მერე კი თავის გზაზე უშვებენ.
რომანტიკული სიურპრიზები არ მაოცებს, რადგან ხშირად მინთებენ გულს, უშვებენ ფეიერვერკს, მირთავენ ეზოს ყვავილებით ან ბუშტებით, ცაზე სასიყვარულო წარწერებს მახვედრებენ, მწერენ წერილებს, ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ საოცრად ვიღიმი. ერთმა მომწერა – იქამდე მეყვარები, სანამ გაიღიმებო. როდესაც ყურადღებას შენთვის უინტერესო ადამიანი იჩენს, უხერხულად ხარ. კაცი ფულს ხარჯავს, რომ გასიამოვნოს, შენ კი მის მიმართ არაფერს გრძნობ.
ჩემი თაყვანისმცემლები ჩემს ხელში ჩასაგდებად ტრადიციულ სტრატეგიას იყენებენ. ჩემი ოჯახის წევრებს იცნობენ, მე კი ამას მოგვიანებით ვიგებ, მაშინ, როცა სახლში მისულს სასტუმრო ოთახში მხვდებიან. ზოგიერთი ბიჭი ფიქრობს: მთავარია, ოჯახს მოვეწონო, თორემ გოგოს ”შებმა” რა პრობლემაა? რა თქმა უნდა, ბებიისა და დედის შეძახილს: კარგი ბიჭია, იქნებ, დაფიქრებულიყავიო, გავლენა აქვს გოგოს გადაწყვეტილებაზე.
ბებიაჩემი ძალიან დარდობს, რომ 27 წლის ასაკში გაუთხოვარი ვარ. სიგიჟემდე უნდა ჩემი შვილების ხელში აყვანა. Bის მირჩევს, რომ გათხოვებამდე მეორე ნახევრის სიმთვრალე ვნახო და ნარკოლოგიურში დაწერილ დასკვნას გავეცნო. დღეს ოჯახები პანტაპუნტით ინგრევა პათოლოგიური სიმთვრალისა და ნარკომანიის გამო.
წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”