დეკანოზი თეოდორე გაგნიძე 17 მაისის რელიგიურ მნიშვნელობაზე – რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ოჯახის სიმტკიცის დღის შესახებ

ხვალ, 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველოში სასულიერო პირები და მრევლი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა.

ამ დღესთან დაკავშირებით, Ambebi.ge-ს კითხვებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პასუხობს.

– რას გულისხმობს 17 მაისს დაწესებული ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე?
– ამ დღის ავტორი პატრიარქია და კარგი იქნება, თუ თავად ავტორს დავეკითხებით სიღრმისეულად, რა იგულისხმა 17 მაისის ამ დღესთან დაკავშირებით. ეს დღე არის მოტივაცია იმის აღნიშვნისა, რომ დღევანდელ ადამიანს, როგორც ყველა დროის ადამიანს, სჭირდება შეხსენება ამ თემების შესახებ, რომელიც ღირებულებებს წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში არის სწორედ ოჯახი. ადამიანი შეიქმნა არა რაღაც ბოლო არსებად, არამედ ადამიანი შეიქმნა, როგორც ოჯახი, მამაკაცად და დედაკაცად, ისე როგორც გვასწავლის წმიდა წერილი. სადაც ოჯახი არ არის, იქ ფაქტობრივად, ადამიანური ცხოვრება იმდენად დაკნინებულია, რომ შეიძლება მისი განვითარება ვერ მოხდეს ისე, როგორც საჭიროა და კაცობრიობა დაიღუპოს.

– საიდან გაჩნდა ამ დღის დაწესების იდეა?
– ვფიქრობ, ასეთი დღეების ყოველწლიურად აღნიშვნა არის ფსიქოლოგიური ბიძგი. სამყაროში არსებობს სხვადასხვა დღეები, მაგალითად: სიყვარულის, მადლიერების, ბედნიერების დღეები, რომლებსაც აღნიშნავენ, ეს კი არის ოჯახის სიწმინდის დღე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ბიძგი მისცეს ადამიანებს, გაახსენოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში. ოჯახის ერთ-ერთი გარანტია ადამიანის თავისუფლებაა. ამ თავისუფლებაში კი ვგულისხმობ ადამიანურ თავისუფლებას და არა ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ და ცხოველურ თავისუფლებას. დღეს ისეთი დღე დგება, რომ ხანდახან ეჭვი გვეპარება, ხომ არ ხდება ბრძოლა ამ უმთავრესი ღირებულების წინააღმდეგ სამყაროში, რომელსაც ოჯახი ჰქვია. ამიტომ ამან განაპირობა, რომ პატრიარქმა გადაწყვიტა ეს დღე დაწესებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი იდეა.

რატომ დადგინდა ამ დღის აღნიშვნა 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, საზოგადოების ერთი ჯგუფი ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს?
– საქმე ის არის, რომ ჰომოფობიასა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, ამ სახით შემოთავაზებული, შეფუთულია ლამაზად, ამის შიგნით კი არის იდეოლოგია, რომელიც სწორედ ოჯახურ ერთობას, მამაკაცისა და დედაკაცის ერთობას არღვევს. სწორედ ამიტომ იქნა ამ დღეს დაწესებული ოჯახის სიმტკიცის დღე. საზოგადოების ნაწილს უნდა იზეიმებს, უნდა არა. ჩვენ, თითქოს ვთავაზობთ ალტერნატივას, რომ აი ეს არის ის დღე, რომელიც არავის ზღუდავს. რაც შეეხება იმ ლამაზად შეფუთული გარეგანი ფორმის შინაგან არსს, ეს არის დარტყმა სამყაროს სწორედ იმ მთავარ ღირებულებაზე, რასაც ოჯახი ჰქვია, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა. ეს მიზანდასახულად გაკეთდა. მიმაჩნია, რომ ეს დღე, რასაც აღნიშნავენ სამყაროში გარკვეული ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ემსახურება სწორედ იმ უბედურებას, რასაც ტრადიციული გაგებით, ადამიანური გაგებით ოჯახი ჰქვია, სწორედ ეს არის მიზეზი.

ეყარო: ამბები.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები