ჯვრის წერა და ფორმალობა თბილისში რომ დავბრუნდებით მერე იყოს
როგორც იცით, ახლახან გია მაისშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თურქეთში ოპერაცია გაიკეთა.
ის ჯერ კიდევ ოპერაციის შემდგომ მკურალობის ინტენსიურ, ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს.
დღეს ბატონმა გიამ საზოგადოებას 2 კარგი ამბავი ამცნო: სიკვდილი დაამარცხა და ცოლი შეირთო.
აი, რას წერს ის:
“ჩემო ძვირფასებო, მინდა სტამბულიდან სასიამოვნო ამბავი გამცნოთ. სიკვდილს რომ თვალებში ჩახედავ და უკან დაახევინებ, ეს სხვა ადამიანად გაქცევს, ცხოვრება განსხვავებულ განზომილებასა და მნიშვნელობას შეიძენს. დღეს სიცოცხლემ იზეიმა სიკვდილზე და ერთი პაწია ქართული იჯახი დაიბადა აქ, კონსტანტინოპოლში, ძველი ბიზანტიის გულში, ქრისტიანობის, ჩვენი მართლმადიდებლობის აკვანში. მე და ჩემი გულისსწორი, რომელმაც ჩემთან ერთად გამოიარა ეს განსაცდელის ჟამი და ფაქტიურად იმ ქვეყნად წასული არ დაუთმო ჩემი თავი სიკვდილს, ეომა მას ისეთი თავგანწირვით, როგორც ეს მხოლოდ ნამდვილ ძუ ლომს ძალუძს, “გავიპარეთ” პატარა ეკლესიაში და ერთმანეთს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ფიცი მივეცით და ერთმანეთის წინაშე თავი ცოლქმარად გამოვაცხადეთ. დანარჩენი ჯვრის წერა და ფორმალობა თბილისში რომ დავბრუნდებით მერე იყოს, ახლა უბრალოდ ვერ დაიტია გულმა ასეთი ბედნიერება და მომინდა მისი თქვენთვის გაზიარება, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უზომო სიყვარულით, სული კი უჩვეულო სითბოთი და ნეტარებით. ახლა მესმის გალაქტიონის–“მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი”… დაიბადა ოჯახი განმანათლებლებისა, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზულია! თქვენ გენაცვალეთ, ვინც ასე განიცდიდა და ლოცულობდა ჩემი სიცოცხლისათვის. ამან მომცა ძალა და შემართება, დიდი შეტაკება მოგებულია, თუმც ბრძოლა კვლავ გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, რომლისთვისაც კვლავ გეაჯებით ნუ შეწყვეტთ თქვენს გულწრფელ ლოცვებს.
დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე! სადაც ამხელა სიყვარულია, იქ სიკვდილისთვია აბა ვისა სცალია.
“არა, არა, მე თანახმა არა ვარ, ეს რა ცირკი მოგიწყვიათ. თუ ქორწილია ქორწილი იყოს-გუნდით, არქიელით, გუბერნატორით”…