“მაპატიე, ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი…”

დედის სიკვდილის შემდეგ ნაპოვნი წერილი და ძვირად ღირებული “ახირება”
ინგა ვაჩეიშვილი 7 წელია, სამკაულებს ქმნის. ალბათ იფიქრეთ, რომ ამ საქმით თავის რჩენას ახერხებს, ფულს შოულობს.
ბოლოს და ბოლოს, სამკაულების ბიზნესი ხომ საკმაოდ შემოსავლიანია, მაგრამ ინგას შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – საკუთარ შემოსავალს, რომელსაც სულ სხვა საქმით შოულობს, თავის გატაცებას ახმარს – მსოფლიოს მასშტაბით აუქციონებზე ყიდულობს იშვიათ, ბუნებრივ ქვას, მერე მას ოქროში ჩასვამს, რაღაც დეტალებს დაამატებს და ამ იშვიათ ნაკეთობას გასაყიდადაც ვერ იმეტებს…

– სულ მეკითხებიან, ასე ნელა როგორ მუშაობ? 7 წელიწადში მხოლოდ 11 ბეჭედი დაამზადეო? – უკვირთ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩემი ნამუშევრები ძვირად ღირებული ოქროსა და ქვებისგან არის დამზადებული. ძვირფას ქვებს სხვადასხვა ქვეყანაში, აუქციონზე ვყიდულობდი. მაგალითად, ბუნებრივი ამეთვისტოსგან დამზადებული “თევზი” რამდენიმეკრატიანია. ეს სამკაული ვერ გამეორდება, მსგავსი ნივთის დამზადების საშუალებას არ მოგცემს თუნდაც, ქვის ფორმა, ფერი… ვფიქრობ, ჩემი სამკაულები არის პოსტკომუნისტური შაბლონური მიმდინარეობის დამსხვრევა. როგორც მხატვარს ტილოზე მუშაობისას სჭირდება მუზა, ასეთი ბეჭდების დამზადებაც მერწმუნეთ, მუზის გარეშე შეუძლებელია. სულ 11 ნამუშევარი მაქვს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულს თავისი ისტორია და სახელი აქვს. მაგალითად, “შემოდგომა ვერაზე”, “მხოლოდ შენ ერთს”, “იმედის იალქანი”, რომელიც შაჰის ფირუზით არის დამზადებული (მოგეხსენებათ, არსებობს ლეგენდა, რომ შაჰი ამზადებდა სამკაულებს და ჰარამხანის ბინადრებს ჩუქნიდა. ამბობენ, რომ ფირუზი ნეგატიურ გარემოში შავდება და თუკი შაჰის ნაჩუქარი სამკაული გამუქდებოდა, იმ ქალთან ურთიერთობას აუცილებლად გაწყვეტდა). ამ ბეჭედს იალქანის ფორმა აქვს, გემი მიდის გაურკვეველი მიმართულებით. სხვათა შორის, ეს ქვა ინგლისში შევიძინე.

GzaPress- ძვირად ღირებული სამკაულების კეთების ინტერესი რამ გაგიჩინათ? მით უმეტეს, რომ ამ ნამუშევრებს არ ყიდით.
– ჰო, ბევრს უკვირს, რომ გასაყიდად ვერ ვიმეტებ (იღიმის). რა ვქნა, ეს ჩემი გატაცებაა, ჩემი ცხოვრებაა.

– ჩემი აზრით, ძალიან მდიდარი უნდა იყო, ასეთი ფუფუნების საშუალება რომ მისცე საკუთარ თავს…
– სიმდიდრე სულაც არ არის საჭირო ამ ყველაფრის შესაგროვებლად და დასამზადებლად. მდიდარი ნამდვილად არ ვარ. რაღაცები მოვიკელი, რაღაცების ხარჯზე მოვახერხე სასურველი ქვების ხელში ჩაგდება.

– ქვებს აუქციონზე ყიდულობთ, მაგრამ როგორ ახერხებთ ამას მუშაობის პარალელურად?
– დედა ინგლისში ცხოვრობდა და იცოდა ჩემი ახირების შესახებ. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი ნამდვილად ესმოდა. ჰოდა, ქვებს თავად მიგროვებდა. უნდოდა, მეც ლონდონში ჩავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სწავლა, ამეწყო კარიერა. ქვებისა და ლითონის ექსპერტ-შემფასებელი ვარ. დედაც კარგად ერკვეოდა ძვირფას ქვებში. როცა ის გარდაიცვალა, ეს საქმიანობა დროებით შევწყვიტე… მისი გარდაცვალების შემდეგ ვიპოვე წერილი, სადაც ეწერა: “მაპატიე, ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი… ვერდიქტი გამოტანილია!” მისი სიკვდილის შემდეგ თითქოს, ხელი ჩავიქნიე, მაგრამ მერე ისევ დედის ეს სიტყვები გახდა ჩემთვის მუშაობის გაგრძელების სტიმული.

GzaPress- ეს წერილი რატომ დაგიტოვათ? იცოდა, რომ სიკვდილი ახლოს იყო?
– დიახ, ცუდად გახდა და ექიმებმა ვარდიქტი გამოუტანეს; უთხრეს, – 2 თვე გაქვს დარჩენილიო. სარკომის მძიმე ფორმა ჰქონდა…

– მეგობრები რას გეუბნებიან, მოსწონთ თქვენი ნამუშევრები?
– ბევრი ნაცნობ-მეგობარი გაკვირვებას ვერ ფარავს. არ ესმით, რაში მჭირდება ეს ყველაფერი და რატომ ვხარჯავ დროს, წლებს ისეთი ნივთების მოძიება-შექმნაში, რომელიც ბევრს ვერაფერს მომიტანს. გამოგიტყდებით და თავადაც არ მაქვს პასუხი კითხვაზე: რატომ გამიტაცა ასე ბუნებრივი ქვების სიყვარულმა, მაგრამ ჩემთვის ეს იგივეა, რაც მხატვარისთვის ფუნჯი, ტილო, ხატვა. როგორც ის იხარჯება თავის შემოქმედებაში, მეც ასე ვიხარჯები სამკაულების შექმნისას – რა ვქნა, სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ.

არადა, მართლაც ძალიან ბევრი დრო მეხარჯება იმაში, რომ ვიპოვო სასურველი ქვა, ბრიალიანტი, ალმასი, ზურმუხტი, ლალი… სხვათა შორის, ალმასი რომ შემეძინა, ბევრი ქარვა გავყიდე. არადა, ახლა ხომ ქარვის ბუმია… აი, ეს ბეჭედი – “ქრიზანთემა” დამშვენებულია ლალით, ზურმუხტით, ამეტრინით, ბრილიანტებით.

– ყველაზე მეტად, თქვენი რომელი ნამუშევარი მოგწონთ?
GzaPress- ყველაზე ძვირფასი მაინც “კარდინალეა”, რომელიც პანაგეის ფორმით არის გადმოცემული. ალმასებით გახლავთ მოჭედილი და გრავირება აქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ეს ბეჭედი სასულიერო პირს უნდა ეკეთოს, მაგრამ გასხვისება მენანება…

– არ გიფიქრიათ პარალელურად ისეთი სამკაულის შექმნაზე, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადი იქნებოდა, რომ ამით დამატებითი შემოსავალი გქონოდათ თუნდაც, საკუთარი ახირების დასაკმაყოფილებლად?
– არა, არა, ეს ჩემი საქმე არ არის და ამას გულს ვერც დავუდებ. ჩემი მოთხოვნილებაა, ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაული ვაკეთო. ეს ფუფუნებაა, მაგრამ ამავდროულად, თანხის დაბანდებაც ხომ არის?! არ მესმის, რატომ უნდა გავიკეთო მხოლოდ ოქრო და პლასტმასისგან დამზადებული, არასინთეზური ქვა, როცა ბუნებრივიც არსებობს?.. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ჩემი ბეჭდები გამოფენაზე გაიტანეს. მითხრეს, იქნებ გაყიდოო, მე კი ისეთი არარეალური ფასები დავასახელე, რომ იცინოდნენ, – კლიენტები დააფრთხოო (იცინის). სხვებისთვის არ მემეტება ჩემი ნამუშევრები.
აი, ეს “ყვავილი თოვლზე” ამავე სახელწოდების ქართულ ფილმს ეძღვნება. მის დასამზადებლად გამოვიყენე ქართული მთის ბროლი, რომელსაც ამშვენებს ლალის “ყვავილი” და ზურმუხტის “ფოთოლი”.

– აუქციონზე ნივთის შეძენისას არჩევანში არასდროს შემცდარხართ?
GzaPress- არა, სერიოზულ აუქციონებზე ვთამაშობ, რომელიც იუველირებისთვის იმართება. სხვათა შორის, საქართველოში ძალიან საინტერესო ქვების შოვნაა შესაძლებელი… ახლახან ნამუშევრების გამოფენა საქართველოშიც მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი, ასეთი სამკაული ხომ ჩვენთან არასდროს გამოუფენიათ და მეშინოდა შეფასებების. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სოციალურ ქსელშიც კი, სადაც ხშირად წერენ უარყოფით კომენტარებს ამა თუ იმ პოსტსა თუ სურათზე, მხოლოდ დადებითი მინაწერები დამხვდა, რაც ძალიან მიხარია. მე ხალხს ვუჩვენე ავანგარდი, ახალი სტილი და გავანდე ჩემი გულის ამოძახილი. მიხარია, რომ მოეწონათ.

– ამბობ, ქვებისა და ლითონის ექსპერტ-შემფასებელი ვარო, მაგრამ სხვა პროფესიაც გაქვთ, არა?
– მხატვარიც ვარ, ხელოვნებათმცოდნეც…

– შვილები გყავთ?
– 21 წლის გოგო მყავს, მესამე კურსზეა, ვაჟი კი 17 წლის გახლავთ, “კომაროველია”. შვილები თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, ჩემი ეს გატაცება დიდად არ მოწონდათ და მეუბნებოდნენ: კარგი, რა, დედა, როდის უნდა შეეშვა ამ ყველაფერსო, ახლა უკვე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი საყვარელი საქმეა და ამას ვერ შევეშვები!

GzaPress- ცოტა უცნაურია, რომ ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, ისევ საკუთარ “ხუშტურზე” ფიქრობს…
– (იცინის) კი, ეს ნამდვილად ხუშტურია, სწორად აღნიშნე. შეიძლება, სურვილი რომ დამეკმაყოფილებინა და აუქციონზე რაღაც შემეძინა, ამისთვის გარკვეულ ეტაპზე ვიღაცას რაღაც დავაკელი, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ როგორც დედა, რეალიზებული ვარ. შვილებისთვის ყოველთვის კარგი მეგობარი, კარგი მშობელი ვიყავი და დღემდე ასეა. ბოლოს და ბოლოს, ის, რასაც თუნდაც, საკუთარი ხუშტურის გამო ვაკეთებ, ისევ მათთვის მინდა. მსურს, რომ იამაყონ ჩემით.

კომენტარები

სხვა სიახლეები