მედიაკრიტიკა: სახელობითი შოუები საქართველოში “თუ არ მოგწონთ, არსებობს პულტი და გადართეთ…”

რას გვაძლევს ამდენი სახელობითი შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში? გვინდა, ან გვჭირდება თუ არა, ნამდვილად, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს”, “გია ჯაჯანიძის შოუს”, “ეკა ხოფერიას შოუს”, “პროფილისა” და მსგავსი გადაცემების ეს რაოდენობა ქართველებს და შეესაბამება თუ არა ქართული ტელევიზიის განვითარებას ამ გადაცემების ხარისხი? თუ ეს გადაცემები უბრალოდ, ტელევიზიების ფინანსური კეთილდღეობის წისქვილზე დასხმული წყალია, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს მათი მხრიდან თავის მართლების მიზნით გაკეთებული, გარკვეულწილად,  საზოდაოების დამამცირებელი განმარტება, რომ ეს ხალხის დაკვეთაა, რეიტინგულია, საზოგადოებას მოსწონს და ა.შ.

ნუთუ მხოლოდ სხვისი ტრაგედიების მოსმენით და სხვისი გარდერობის თვალიერებით ვერთობით? ნუთუ ამდენი თავისუფალი დრო გვაქვს იმის გასაგებად და გასარჩევად, რატომ აქვს დაძაბული ურთიერთობა “გაფეისებულ” თამუნა ვაშალომიძეს დედასთან?

ჟურნალისტები, რომლებსაც დღეს საკუთარი, სახელობითი შოუები აქვთ, აქტიურ ჟურნალისტიკაში ნამდვილად საინტერესო და მრავალფეროვანი ბეგრაუნდით გამოირჩევიან. შეიძლება ითქვას, რომ მათი ცოდნა და კვალიფიკაცია არ იძლევა იმის თქმის მიზეზს, რომ ისინი არ იცნობენ ან ჟურნალისტიკის ნორმებს, ან არ აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. თუმცა ფაქტია, რომ პასიურ ჟურნალისტიკაში მოხვედრის შემდეგ ამ ადამიანებმა საზოგადოებას, მაყურებლის კრიტიკულად განწყობილი ნაწილის აღქმით, უხარისხო, სკანდალურ თემებზე ორიენტირებული, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანების უფლებების შემლახველი ახალი ტრენდი შესთავაზეს. “სახელობითმა” გასართობმა შოუებმა წლების წინ მართლაც მიიზიდა მაყურებელთა გარკვეული კატეგორია და ეს შოუები დღესაც საკმაოდ პოპულარულია. თუმცა მაყურებლის გარკვეული ნაწილი კრიტიკულად აფასებს მსუბუქი, ბანალური თემებით დატვირთულ შოუებს, რომლებიც მეტწილად, ადამიანების ემოციებზე აპელირებას ისახავს მიზნად და ხშირად ამას მაყურებლის გაღიზიანებაც მოსდევს ხოლმე…

Ambebi.ge დაინტერსდა, როგორია ახალი თაობის მედიაკრიტიკა წინა თაობის ჟურნალისტების მიერ დამკვიდრებულ ამ მედიატრენდთან დაკავშირებით.
როგორც ჟურნალისტი, ბლოგერი, Mediachecker.ge-ს მედიაკრიტიკის სვეტის ავტორი, თამარ კარელიძე აღნიშნავს, ასეთი გადაცემების არსებობა სატელევიზო სივრცეში ცუდი არ არის, მაგრამ მსგავს გადაცემებში ხშირად ირღვევა ეთიკური სტანდარტები. ის მაგალითისთვის გია ჯაჯანიძის ერთერთ შოუს ასახელებს, რომელიც გაყრილი მშობლების თემას ეხებოდა, სადაც სტუდიაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ მიყვანილი, რომელიც ეთერში არ უნდა ყოფილიყო. აქ, თამარ კარელიძის თქმით, კანონის, კოდექსის დარღვევაზეა საუბარი. ამიტომ, ის ფაქტორი, რომ გია ჯაჯანიძე პროფესიით ჟურნალისტი არ არის და მან წესები არ იცის, მას, მის პროდიუსერს თუ გადაცემაზე მომუშავე გუნდს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

“ნანუკას შოუს ყურებისას სულ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არარსებულ საქართველოზე გვიყვება. ეს ვიღაცას შეიძლება მოსწონს, ვიღაცისთვის კი გამაღიზიანებელია. ამას რომ თავი დავანებოთ, ხშირად აქვს გადაცემაში რეკლამის ელემენტები. ახალი რეგულაციით, ეს კანონით დასჯას ითვალისწინებს. რაც შეეხება ეკა ხოფერიას – ზოგადად, ძალიან უცნაური ფენომენია, როცა შეგიძლია, გადაცემა მეგობრების ან ბიზნესის გასაპიარებლად გამოიყენო. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები არ არიან ხოლმე მომზადებული გადაცემებისთვის. განსაკუთრებით, ისეთი სენსიტიური თემების დროს, რომლებიც სოციალურ თემებს ეხება. მაგალითად, როდესაც შშმ პირზეა საუბარი ან რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელზე”, – ამბობს თამარ კარელიძე და ეკა ხოფერიას იმ გადაცემას იხსენებს, სადაც

ჟურნალისტმა ახალგაზრდა, ჭარბი წონის მქონე ბიჭს არაეთიკური შეკითხვა დაუსვა. “არაფერი ამართლებს ამას. მათ შორის, არც ის, რომ ბიჭს შემდეგ ოპერაცია დაუფინანსეს და სტაჟიორად დაასაქმეს”,- ამბობს თამარ კარელიძე.

ეკა ხოფერიას ამავე გადაცემაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტი, ბლოგერი, გადაცემა “წითელი ზონის” რედაქტორი, ლაშა ქავთარაძე, როდესაც მედიის მიერ დარღვეულ ეთიკის ნორმებზე საუბრობს. ის ასევე გია ჯაჯანიძის ერთერთ შოუს იხსენებს, სადაც არასრულწლოვანის გაუპატიურებას ეხებოდა საუბარი და დაზარალებული ბავშვის არაპირდაპირი იდენტიფიცირება ხდებოდა.
“ამას შეიძლება, იმაზე უარესი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე იმას, რის გამოც ეს ბავშვი რესპონდენტი გახდა და მას სამომავლოდ ორმაგად, სამმაგად მეტი ზიანი მოუტანოს, მეტი საფრთხე შეუქმნას. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება ამ შოუებისადმი ცალსახად უარყოფითია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელოვნურად დანერგილი სტანდარტია. ეს ბუნებრივად ხდება”,- ამბობს ლაშა ქავთარაძე და აღნიშნავს, რომ მსაგვსი ტიპის შოუები სხვა ქვეყნებშიც არის, სადაც აღარ აქვთ პრობლეები მედიასტანდარტებთან დაკავშირებით, მაგრამ სიყვითლე, ეპატაჟურობა და სკანდალურობისადმი არანორმალური სწრაფვა მათი შოუებისათვის დამახასიათებელია. თუმცა, მთავარი განსხვავება ქართულ მედია სივრცესა და იმ სივრცეს შორის ის არის, რომ “იქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. და იქ არის შოუები, რომლებიც არ აკეთებენ თავიანთ რეიტინგს მომხმარებელთა და თავიანთი რესპონდენტების უგულებელყოფის ხარჯზე. ისინი ამ ყველაფერს პროფესიონალიზმის ხარჯზე ახეხებენ”.

რაც შეეხება ქართულ მედიასივრცეს, ლაშა ქავთარაძის თქმით, ქართულ მედიაში დღეს ასეთი სტანდარტი არსებობს: მნიშვნელოვანია არა ეთიკურობა, პროფესიონალიზმი და კარგად გაკეთებული გადაცემა, არამედ რეიტინგი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რეკლამასთან და არხის შემოსავლებთან. თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოშიც ნელ-ნელა იწყება ისეთი გადაცემები, რომელბიც ხარისხზე არიან ორიენტირებული და იმედოვნებს, რომ საქრთველოშიც მალე დაერქმევა ყველა შოუს თავისი სახელი.
“ამის პოტენციალი ყველა ჟურნალისტში არსებობს, უბრალოდ, ამაზე უნდა იყოს დაკვეთა ერთი მხრივ, მაყურებლების, ხოლო მეორეს მხრივ, დამსაქმებლის მხრიდან”,- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

რამდენ ხანში გაჩნდება მაყურებლისა და დამსაქმებლის მოთხოვნა ისეთ შოუებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ შელახავენ და ჟურნალიტურ ეთიკას არ დაარღვევენ, რთული განსასაზღვრია. მაყურებლის ერთ ნაწილს, რომელიც აზარტით ელის მორიგ “გიჟურ” სანახაობს ამგვარი შოუებისგან, კმაყოგფილებას გვრის კიდევ უფრო მეტი დუდუკი და ცრემლი, მეორე ნაწილს კი, რომლისთვისაც გამაღიზიანებელი და ერთგვარად, შეურაცხმყოფელია ქართული სახელობითი შოუების ასეთი შინაარსი, შოუს შემქმნელებისგან ხშირად აქვთ პასუხი – თუ არ მოგწონთ, არსებობს პულტი და გადართეთ…

წყარო: ამბები

კომენტარები

სხვა სიახლეები