სიყვარულში გამოტყდომის მეთოდები ქალთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ქალები თავისი ბუნებით დაახლოებით ერთნაირი ინდივიდები არიან – სენტიმენტალურები, კომპლიმენტებისა და სიურპრიზების მოყვარულები… ცოტაც ბავშვურები. თუმცა, როცა საქმე სიყვარულს შეეხება, ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო საიმისოდ, რომ თქვენმა რჩეულმა მისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორად გაიგოს და რაც მთავარია ჯეროვნად დააფასოს.

ვერძს სიყვარულში აჯობებს რაიმე სახის “რომანტიკული გმირობის” თანხლებით გამოუტყდით. ტრადიციული – “მე შენ მიყვარხარ” სანთლების შუქზე მას თქვენ მიმართ დიდ ინტერესს არ გაუღვივებს.

კუროს სტაბილური მამაკაცები ხიბლავს, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ქალი თქვენი ზრახვების შესახებ გუმანით მაინც რამეს ეჭვობს, არ გირჩევთ ემოციების სპონტანურად გადმოფრქვევას. კუროს ასეთი საქციელი ძალიან დააფრთხობს.

ტყუპს არ სჭირდება სიტყვები თქვენი მის მიმართ გრძნობის დასადასტურებლად და მით უმეტეს ნუ მოსთხოვთ მას იმავეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ბუნებრივი, ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირები მოსწონთ. ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს!

კირჩხიბს სიყვარულში საქორწინო ბეჭდის თანხლებით თუ არ გამოუტყდით (შესაძლოა მის შეძენას ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ, ან თითის ზომა გაქვთ დასაზუსტებელი) მან შესაძლოა იფიქროს, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის გესაჭიროებათ. ცრემლებად დაიღვრება და ძალიან გაგიჭირდებათ მისი შემორიგება.

ლომს სიყვარული სერენადისა და ძვირფასი რესტორნის და ასეთივე ძვირფასი სამკაულის გარეშე თავმოყვარე მამაკაცმა არ უნდა აუხსნას, განა იმიტომ რომ ეს ქალი მეშჩანია, არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ დედოფალზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავადაც ხომ მეფურად უნდა გამოიყურებოდეთ.

ქალწულს სიყვარულის ახსნა, უაზრო რომანტიკული სიტყვების რახა-რუხი და ათასგვარი სახის სენტიმენტალური სისულელეები ძალიან დააფრთხობს. აჯობებს მომავალი სახლის დიზაინი და რემონტის საკითხები შეუთანხმოთ, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იქნება.

სასწორთან თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული ნიჭის მაქსიმალური მობილიზება დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ სადილს სანთლის შუქზე, ვარდის ფურცლებით ავსებულ აბაზანას, ლამაზა შეფუთულ საჩუქრებს… მოკლედ, ჩვენ მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიგვიდია.

მორიელის მოსახიბლად სასურველია რაიმე ტიპის თავზეხელაღებული საქციელი ჩაიდინოთ. შუაღამისას “დალაშქროთ” მისი აივანი, ან სულაც სახიფათო ლაშქრობაში მიიწვიოთ და რომელიმე მთის მწვერვალზე გამოუტყდეთ სიყვარულში. მერწმუნეთ გაამართლებს.

მშვილდოსანის დასატყვევებლად საუკეთესო ვარიანტი მოგზაურობაა. დაპატიჟეთ იგი რომანტიკულ ვიქენდზე, მოუწყეთ დაუვიწყარი დასვენება და პარალელურად საკუთარ გრძნობებშიც გამოუტყდით. ოღონდ სასურველია ურთიერთობის სასწრაფო წესით დაკანონება არ დააძალოთ, თორემ დიდი შანსია მოგზაურობიდან მარტოოდენ მისი მეგობრის სტატუსით დაბრუნდეთ.

თხის რქას სიყვარულში ტრადიციულად, ყველა წესის დაცვით უნდა გამოუტყდეთ. ორმაგად კარგი იქნება თუ ამას, მისი თქვენი ოჯახის წევრების გაცნობის ცერემონიალთან ერთად გააკეთებთ. ასე ფრთხილ თხის რქას მიზეზი აღარ ექნება ეჭვი შეიტანოს თქვენი ზრახვების კეთილსინდისიერებაში.

მერწყულს სიყვარულში შეგიძლიათ ხუმრობით, თამაშ-თამაშით გამოუტყდეთ. ითამაშეთ “სახლობანა” ან “ცოლ-ქმრობანა” მეგობრების წრეში, ამის შემდეგ კი შესთავაზეთ ამ როლში ცოტა უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩეთ.

თევზი ქალისთვის სიყვარულის ახსნა, მთელი რიტუალია. ამიტომ კარგი მომზადება დაგჭირდებათ. აუცილებლად მოიმარაგეთ ბევრი ერთჯერადი ცხვირსახოცი ან თქვენი საკუთარის გადასაგდებად იყავით მზად, იმიტომ რომ სიყვარულში გამოტყდომის შემდეგ თევზის მრავალსაათიან ცრემლისღვრას აუცილებლად შეეწირება იგი.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები