ფრთხილად, ქალები!

ცოლს გაშორდით და ხელმეორედ აპირებთ დაქორწინებას? გინდათ კიდევ ერთხელ შეხვიდეთ იგივე მდინარეში? როგორც გენებოთ, მაგრამ…
იქნებ, მორიგი მეორე ნახევრის შერჩევისას რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.

ძალიან მდიდარი ქალი

კაბა – Ferre-სგან, სუნამო Chanel-ისგან, ქინძისთავი – Cartier-საგან. ერთი სიტყვით, ნამდვილი სრულყოფილება და მშვენიერება.
ასეთი ქალის შეყვარება ძალიან ადვილია. გაცილებით ძნელია მისი სიყვარულის დამსახურება. მისი ცხოვრების სტილს რომ აჰყვეთ, ისე რომ ჩაიცვათ, როგორც “ისინი” იცვამენ, მისი შესაფერისი მარკის მანქანა რომ შეიძინოთ, ძალიან ბევრი ფული დაგჭირდებათ და სამაგიეროდ თითქმის ვერაფერს მიიღებთ.
მდიდარი ქალები ძალიან იშვიათად, თუ გნებავთ, თითქმის არ თხოვდებიან ღარიბ მამაკაცებზე. მდიდარმა ქალმა ყოველთვის კარგად იცის, რა უნდა. და თუ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ “თავიდან ფეხებამდე გიყიდათ და თანაც, ძალიან ხელსაყრელი კურსით”, ან ეჭვი არ მოასვენებს, რომ “თქვენ გიყვართ არა ის, არამედ მისი ფულები”.
ისე, შეიძლება, ოდესმე მან ქონება დაგიტოვოთ. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მდიდარ ქალებს ყოველთვის კარგი ექიმები და ადვოკატები ჰყავთ.

მეგობრის ცოლი
რას იზამთ, კაცის გული ასეთია, “რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა”. ამას ემატება ის, რომ “აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელია” და არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენი მეგობრის ცოლზე ლამაზი, ჭკვიანი და მიმზიდველი ქალი არ შეგხვედრიათ. მაგრამ გახსოვდეთ, მეგობრის ცოლთან არშიყით მწვავე ემოციების განცდა – ყველაზე შეუფერებელი და უკადრისი საქციელია წესიერი მამაკაცისათვის. ამას სჯობს ზვიგენების ზურგზე ისეირნოთ ან მოტოციკლით მთის ნაპრალებზე იხტუნაოთ და ამით დაიოკოთ თქვენი მოთხოვნილებები.

ქალი – მსხვერპლი

თავიდან ყველაფერი კარგად იწყება.
მას შეუძლია საათობით თქვენს პრობლემებზე ისაუბროს, გითანაგრძნოთ, დაგამშვიდოთ, როცა დაიძინებთ, ტანსაცმელი მოგიწესრიგოთ და მთელი ღამე თქვენი ყურებით დატკბეს. მას ყველაფერი აინტერესებს თქვენს შესახებ. ყოველთვის თქვენს გვერდითაა, თქვენს გარდა აღარაფერი და არავინ ახსოვს.
საკუთარი საქმე და ინტერესები არ გააჩნია, რადგან ამისთვის დრო აღარ რჩება. მთელ სიცოცხლეს თქვენ გწირავთ. მას შეუძლია 50-ჯერ დაგირეკოთ სამუშაოზე, დაგხვდეთ გასასვლელთან. ის გაიცნობს ყველა თქვენს თანამშრომელს და თანდათან ეჭვიანობას დაიწყებს, გულგრილობასა და უყურადღებობას დაგაბრალებთ და თავს მსხვერპლად გამოაცხადებს, თქვენი გულის გასალღობად თვითმკვლელობის ინსცენირებასაც კი მოაწყობს.
ასეთი ტიპის ქალებთან ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე განშორება.
განშორების შემდეგ იწყება ღამის ზარები, ისტერიკები, ლანძღვა-გინება, გულყრები, გულის ამაჩუყებელი საუბრები, – რომ თქვენ მეგობრებად დარჩებით და ა.შ. მოკლედ, ასეთი ქალებისგან ყველაფერს უნდა ელოდეთ, ამიტომ მოერიდეთ მათ. თუმცა მათი ამოცნობა ძალიან ძნელია.

ქალი – ვამპირი
მისი კოსმეტიკის ჩანთა ძლივს ეტევა მის პაწაწინა ბინაში. მისი გონებრივი შესაძლებლობანი ძირითადად ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნით შემოიფარგლება: “საინტერესოა, “დაეცემიან” ხვალ ოფისში, თეთრი ჩულქებითა და ოქროსფერი ფეხსაცმელებით რომ გამოვეცხადები?”
თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ასეთ ქალთან საქმის დაჭერას, მაშინ სამი რამ დაგჭირდებათ: წითელი ვარდები, შამპანური და მისი ყოფილი მამაკაცის გალახვა. ამ სამი პირობის შესრულების შემდეგ ქალი თქვენია, ერთი კვირით მაინც.
უარყოფითი ფაქტორი – შეიძლება მისი ყოფილი ან მომავალი მამაკაცი მოკრივე აღმოჩნდეს…
დადებითი ფაქტორი: კოსტიუმირებულ მეჯლისზე უკეთეს მეგზურს ვერ იშოვით.

თქვენი უფროსი

თქვენ გაგიმართლათ და მშვენიერი ხელმძღვანელი დაგინიშნეს. ის ძალიან დელიკატური, ენერგიული, კოხტა და ლამაზი ქალია. მიუხედავად იმისა, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს თქვენს მიმართ, მაინც გირჩევთ, რომ მასთან რომანი არ გააბათ. თქვენი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იქნება და ცოტა ხნის შემდეგ მოგიწევთ ახალი სამუშაოს ძებნა.

თქვენი ექს-ქალი
სასიყვარულო რომანებში ხშირად წერენ, როგორ გადალახეს მათ ყველა დაბრკოლება, როგორ აპატიეს ერთმანეთს ყველაფერი და როგორ დაიწყეს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება.
აბა, გაიხსენეთ, რატომ დაშორდით ერთმანეთს? იმიტომ, რომ თქვენ იგი გაღიზიანებდათ, მას კი – თქვენ. ნუთუ ახლა ფიქრობთ, რომ ის საათობით ტელეფონზე ლაპარაკს და თქვენი საპარსის ხმარებას გადაეჩვია? იქნებ, თქვენ შეგიყვარდათ საყიდლებზე სიარული და მის მშობლებთან ერთად შვებულების გატარება მოგენატრათ?
არა! უბრალოდ, თქვენ ეულად გრძნობთ თავს და ნოსტალგია დაგეუფლათ. გახსოვდეთ, ჭკვიანი კაცი ორჯერ ერთსა და იმავე შეცდომას არ დაუშვებს.

თექვსმეტი წლის გოგონა

სრულყოფილი ტან-ფეხი, არაჩვეულებრივი კანი, საოცარი თმები. მას არ სჭირდება არანაირი კოსმეტიკა, ის ქორფაა, როგორც ატამი და მხიარული და თავისუფალი, როგორც ჩიტი.
მოგიწევთ ყოველღამე მასთან ერთად დისკოთეკებზე სიარული და თინეიჯერული ჭორების მოსმენა. მალე მიხვდებით, რომ კოდექსი, პირველ რიგში, თქვენზე ზრუნავს, როცა არასრულწლოვნებთან ინტიმურ კავშირს კრძალავს.
თუ მაინც არ დაიღლებით და არ მოგბეზრდებათ ასეთ გოგონასთან ურთიერთობა, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ.

ცხოველების მოყვარული ქალი

რაში გჭირდებათ ისეთ ქალთან ცხოვრება, რომელიც თქვენს მაგივრად ყოველთვის სხვაზე ზრუნავს, მით უმეტეს, თუ ეს სხვა, საშინელი შესახედავია, აუტანელი ხასიათი და სპეციფიკური სუნი აქვს?
თუმცა როცა ის მიბრუნდება, შეგიძლიათ ძაღლს პანღური ამოჰკრათ და ჯავრი ამოიყაროთ.

მეზობელი ქალი

თავდაპირველად, ის ასანთის სათხოვნელად შემოვიდა, შემდეგ ჩაიზე მიგიპატიჟათ და დაიწყო ის,  რასაც გულუბრყვილო ადამიანები შემთხვევას აბრალებენ.
პირველ რიგში, დაემშვიდობეთ შინ მეგობარი ქალების მოყვანას. მეორეც, აუცილებლად შეიძინეთ სამეურნეო იარაღები, თქვენ თუ არა, აბა, ვინ უნდა შეუკეთოს მეზობელ მარტოხელა ქალს, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა ან დაუჭედოს ამოცვენილი პარკეტი? მესამეც, აუცილებლად დაადგინეთ, რამდენი დაგიჯდებათ გაზეთში ბინის გაცვლის შესახებ განცხადების გაკეთება ან მაკლერების მომსახურება. ეს აუცილებლად დაგჭირდებათ.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები