ქართულ ფილმში – “უძინართა მზე” ერთ-ერთ მთავარ როლს დათო კაზიშვილი ასრულებს. ის არაპროფესიონალი მსახიობი გახლავთ, თუმცა, იმდენად კარგად განასახიერა თავისი სეხნია – დათო, რომ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი დაინტერესდა, თუ სად არის და რას საქმიანობს. ამ ადამიანზე არაერთი ჭორიც დაიწერა. მაგალითად, ვიღაც ამტკიცებდა, – საზღვარგარეთ ცხოვრობსო, სხვამ დაწერა: გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.
– დათო, ბოლო დროს შენზე ათასნაირი ჭორი გავრცელდა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ტელეეკრანზე რომ არ ვჩანვარ და არც პრესაში იბეჭდება ჩემი სტატიები, ხალხი ათას რამეს იგონებს.
– არაერთ მსახიობს აქვს რამდენიმე როლი შესრულებული და მათ მაინც ვერავინ ცნობს, შენ კი ამ ერთი როლის გამო, რომელიც წლების წინ ითამაშე, ვერ დაგივიწყეს.
– როგორც ჩანს, ეს წარმატებული ფილმისა და ჩემი გმირის – დათოს დამსახურებაა.
– ბევრი ძებნის შემდეგ, მონასტერში გიპოვე. აქ როგორ და რა გზით მოხვედი?
– ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი.
– მონასტერში წასვლით, სულიერი შვება იპოვე?
– ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.
– საბოლოოდ, სასულიერო გზას აირჩევ?
– არ ვიცი.
– არსებობს შანსი, რომ ცოლს შეურიგდე?
– ამის შანსი აღარ არსებობს! მან ოჯახის დანგრევით ძალიან მატკინა გული. ვეღარ ვეტყვი, – მიყვარხარ-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება. მე მიყვარს გოგონა, რომელიც დაქორწინებამდე შემიყვარდა, მაგრამ ახლა ის ჩემთვის აღარ არსებობს.
– როგორც ვიცი, საერთო შვილი გყავთ.
– კი, გვყავს 6 წლის თეკლა, რომელიც ჯერ პატარაა და ჩემს სანახავად ვერ მოდის. ამიტომ, მე მივდივარ მასთან და ვნახულობ.
– თეკლას გარდა, კიდევ ხომ გყავს შვილი?
– კი, უფროსი ქალიშვილი მყავს – ნიკი, რომელიც მალე 15 წლის გახდება. ის დედასთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს და სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი თითქმის არ მაქვს. ვიდრე პატარა იყო, დღე არ გავიდოდა, მასთან არ მივსულიყავი. ერთად კარგად ვერთობოდით. მერე დედამისმა ამერიკაში წაიყვანა. რომ დავურეკე, მითხრა, – ბავშვს აღარ დაექონტაქტო, აცადე, ახალ ცხოვრებას შეეგუოსო. მაშინ ნიკი 3 წლის იყო. დედამისი გათხოვდა და ბავშვი ახალ ოჯახს უნდა შეჩვეოდა. რა ვიცი, ალბათ ეს ილონას (ბავშვის დედა) მხრიდან ქალური შურისძიება იყო.
– რისთვის იძია შური?
– ალბათ, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა.
– მას შემდეგ ბავშვი აღარ გინახავს?
– რამდენიმე წლის წინ, საქართველოში იყო ჩამოსული და ერთხელ ვნახე. ახლა კი წინასააღდგომოდ, ვნების კვირაში, მონასტერში გაორმაგებულად ვმუშაობდით. წარმოიდგინეთ, სააღდგომოდ რამდენი სანთელია საჭირო, ამიტომ მთელ დღეებს შრომაში ვატარებდი. ერთ დღესაც, სამუშაო ფორმით, ტაძრის ეზოში გამოვედი. პატარა გოგონამ დამიძახა. მივედი, ის კი მხოლოდ მიყურებს, არაფერს მეუბნება. – მე დამიძახე-მეთქი? – ვკითხე. ბავშვს ქალი ახლდა და იმან მკითხა, – ვერ იცანი? შენი შვილიაო. ლამის ჩავიკეცე. წარმოიდგინე, შვილი ვერ ვიცანი! ნიკის დანახვა საოცრება იყო ჩემთვის. როგორც ჩანს, ემოციები ვერც მან მოთოკა და ტირილი დაიწყო. ახლა ნიკი ისევ ამერიკაში დაბრუნდა. სულ მასზე ვლოცულობ.
– როგორ ფიქრობ, შენი ურთიერთობა რატომ არ შედგა არც ერთი შენი შვილის დედასთან და საბოლოოდ, მარტო რატომ დარჩი?
– მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე. ალბათ, ძნელია, ადამიანებმა ერთმანეთს გაუგონ. არადა, ოჯახი დიდი სიწმინდეა.
– ცოტა რამ ფილმზეც გვითხარი. როგორც ვიცი, თემურ ბაბლუანმა ქუჩაში გიპოვა.
– მართალია. მაშინ 17 წლის ვიყავი. პირველად რომ მნახეს, თემური იქ არ იყო, გადამღები ჯგუფის სხვა წევრებმა ფოტო გადამიღეს, მერე კი სინჯების გადასაღებად დამიბარეს.
– ამ ფილმის შემდეგ თემურ ბაბლუანთან ურთიერთობა არ გქონია?
– როგორ არა, რამდენჯერმე გვქონდა კონტაქტი. ფილმის – “13” – პრემიერაზე დამპატიჟა და მეუღლესთან ერთად წავედი.
– სხვა ფილმში მონაწილეობა აღარ შემოუთავაზებია?
– თემურს – არა, მაგრამ სხვებისგან მქონდა შემოთავაზება. მათ არ დავთანხმდი, რადგან სცენარი არ მომეწონა. “უძინართა მზეში” თამაშის შემდეგ, ძნელი იყო სხვა როლი მომწონებოდა.
– ამბობენ, – ფილმში დათომ საკუთარი თავი განასახიერაო.
– ფილმში თითქმის ყველა საკუთარ თავს ასახიერებს. რაც შეეხება “ქუჩურ ცხოვრებას”, მაშინ თითქმის ყველა ახალგაზრდა ასე ცხოვრობდა. ამ ფილმის გადაღება 1987 წელს დაიწყო და 1992 წელს დასრულდა. წარმოიდგინე, იმ დროს ჩვენს ქვეყანაში როგორი პერიოდი იყო. ალბათ, მაყურებელმა ფილმი იმიტომაც შეიყვარა, რომ თითოეულ გმირში საკუთარ თავს ხედავდა… “უძინართა მზე” თემურ ბაბლუანმა მამას მიუძღვნა.
– გადაღების მერე მსახიობის პროფესიის დაუფლების სურვილი არ გაგიჩნდა?
– ამ მიმართულებით სწავლა დავიწყე, მაგრამ გული ვეღარ დავუდე. სხვათა შორის, თემურმა მითხრა, – ახლა რომ სამსახიობოზე სწავლობდე, შეიძლება, ამას შენთვის ხელი შეეშალა, რადგან ბუნებრიობას თამაში შეცვლიდაო. თემურისთვის ბუნებრიობა ყველაზე საინტერესო იყო.
– არაპროფესიონალ ადამიანს 5 წელი გადასაღებ მოედანზე ყოფნა არ მოგბეზრდა?
– როგორ არა! რამდენჯერმე უარიც კი ვთქვი გადაღებების გაგრძელებაზე, მაგრამ თემოს ძალიან დიდ პატივს ვცემდი და კვლავ უკან ვბრუნდებოდი. გადამღები ჯგუფიც არაჩვეულებრივი იყო.
– გამოუცდელ, პატარა ბიჭს ისეთ დიდ მსახიობთან თამაში, როგორიც ელგუჯა ბურდულია, არ გაგიჭირდა?
– არა, არ გამჭირვებია. თემომ მასწავლა, – კი არ ითამაშო, არამედ ისე მოიქეცი, როგორც ამა თუ იმ სიტუაციაში რეალურად მოიქცეოდიო. თემურ ბაბლუანს მსახიობთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. კარგად ახერხებს, ადამიანის რესურსები ამოქაჩოს.
– დათო, ახლა კიდევ რომ შემოგთავაზონ ფილმში მონაწილეობა, დათანხმდები?
– ჩემს გაცდენილ-დაკარგულ წლებს ძალიან ვნანობ. დროს უდიერად მოვექეცი. პოპულარული გავხდი, ხალხის სიყვარული მოვიპოვე და მერე უფრო დიდი წარმატების მიღწევაც შემეძლო, მე კი საამისოდ არაფერი გავაკეთე.
– ასეთ პატარა ასაკში პოპულარული ბიჭი რომ გახდი, ეს “თავში ხომ არ აგივარდა”?
– კი, ამან თითქოს ამპარტავანი გამხადა. წარმოიდგინე, 5 წელი როგორი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში მომიხდა ყოფნა, მე კი ყველაფერს დაუდევრად მოვექეცი. ახლა მაქვს სურვილი, ჩემი ასეთი ცუდი საქციელისთვის “შური ვიძიო”. მინდა, ჩემი ნიჭი და რეალური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვიყენო. იმედია, ამის შანსი მომეცემა… წარმოიდგინე, მაშინ მხოლოდ საქართველოდან კი არა, რუსეთიდანაც მქონდა კარგი შემოთავაზება და მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი – ამის მიზეზი ამპარტავნებაც იყო, “ქუჩური ცხოვრებაც” და რა ვიცი, კიდევ რა… ახლა საერო ცხოვრებას იმიტომ მინდა დავუბრუნდე, რომ ისევ გადასაღებ მოედანზე მოვხვდე.
– ხშირად, ადამიანი მონასტერში სინანულის გამო მიდის. შენ რას ნანობ ყველაზე მეტად?
– უჰ, იმდენ რამეს ვნანობ… მაგალითად, ჩემს საყვარელ ხალხს რომ ვერ გამოვადექი ისე, როგორც მინდოდა. სხვათა შორის, მეგობარმა მითხრა, – შენ პატარაობიდანვე ისე ცხოვრობდი, რომ გარშემო მყოფები იმედის თვალით შემოგყურებდნენ, მაგრამ მათ ეს იმედი გაუცრუეო. ჩემი მეგობარი მართალია! ვნანობ, რომ მამას ისე ვერ მოვეფერე და ვერ გავუფრთხილდი, როგორც იმსახურებდა, ახლა კი შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მაქვს, რადგან გარდაცვლილია.
– რას იტყვი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობის გამოსწორების შანსი გაქვს?
– არსებობს ასეთი გამონათქვამი: უფრო მეტი ელაპარაკე უფალს შვილებზე, ვიდრე შვილებს – უფალზე. ჰოდა, მე სწორედ ასე ვიქცევი…
წყარო: ჟურნალი გზა