რას ყვება ედუარდ ოგანესიანი კოტე თოლორდავაზე: მინდა, ყვითელ პრესას იმედები გავუცრუო

მოსკოვში გარდაცვლილ ქართველ მსახიობს, 35 წლის კოტე თოლორდავას რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში იგონებს.

ედუარდ ოგანესიანმა კოტე თავის ორ ფილმში გადაიღო და კიდევ, მესამე ფილმის სცენარს წერდა, კონკრეტულად კოტესთვის.

„მამაჩემი თბილისელია. ბავშვობის წლები იქ გავატარე. სცენარის იდეა მომივიდა და საქართველოში წავედით გადაღებებზე. კოტე ქასთინგზე მეგობრის ქორწილიდან მოვიდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ქასთინგი წამიერად გაიარა. მაშინვე მოგვხიბლა. მივხვდი, რომ ეს იყო ის, ვინც მჭირდებოდა. მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა. ამის შემდეგ დავმეგობრდით. არიან მსახიობები, რომლებისთვისაც გინდა სცენარი დაწერო. კოტე ზუსტად ასეთი იყო“ – ამბობს ოგანესიანი.

გადაღბების დასრულების შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებულმა რეჟისორმა გადაწყვიტა, აუცილებელად გადაეღო ფილმი, სადაც კოტე თოლორდავას მთავარ როლს მისცემდა.

„დავწერე სცენარი „პეპე“. კოტე ავიღე პროტოტიპად. ეს არის ისტორია ორი მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი 35 წლის ასაკში გებულობს, რომ მას მოსკოვში მამა ჰყავს და მიდის მის გასაცნობად. ვწერდი სცენარს და ვხედავდი კოტეს. წარმოდვიდგინე, როგორ ითამაშებდა“ – იგონებს რეჟისორი და დასძენს, რომ კოტესთან მუშაობა იმითაც იყო საინტერესო, რომ ის აბსოლუტური მსახიობი იყო. ის სწორად გრძნობდა პაუზას, სწორად ჯდებოდა როლში. მას არ სჭირდებოდა ხანგრძლივი რეპეტიციები.

„არიან მსახიობები, რომლებიც კარგად ფლობენ მსახიობის ოსტატობას. კოტეს ეს ბუნებრივად მოსდგამდა. უყურებდი მას და ხვდებოდი, რომ ის არ თამაშრობდა. პერსონაჟის არსი თუ ესმოდა, მაშინვე გარდაისახებოდა. კიდევ კარგი, საქართველოში ვითარდება კინოინდუსტრია და ერთ დღესაც კოტე გახდა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელსაც პოპულარულ სერიალებში იღებდნენ. მაყურებელს ის ძალიან უყვარდა. შეხედეთ მის თვალებს, განა შეიძლება ის არ გიყვარდეს? როგორც კი კადრში მოხვდა, ყველა მეკითხებოდა, ვინ არის ეს შესანიშნავი მსახიობიო. კოტე უყვარდათ ისევე, როგორც ევგენი ლეონოვი, დეტალების გამო. იმიტომ, რომ ის მაქსიმალურად ორგანული იყო“- ამბობს ედუარდ ოგანესიანი.

როგორც რეჟისორი ამბობს, მას სურს ყვითელ პრესას გაუცრუოს იმედები, რომელიც კოტეს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ბოროტად გამოყენებაზე წერს. „სისულელეა! მაქსიმუმი, რასაც ის ბოროტად იყენებდა მოწევაა. მაგრამ ასეთები დედამიწაზე მილიარდობით არიან“- ამბობს იგი.

რეჟისორი გაზეთს უყვება კოტე თოლორდავას რომანტიკული თავგადასავლის შესახებ და ამბობს, რომ ის იყო გიჟი კარგი გაგებით: „თავის მომავალ მეუღლეს ისე შესთავაზა დაქორწინება, რომ მთელი საქართველო აალაპარაკა. იგი ამწეთი ავიდა საცოლის ფანჯარასთან, დაუკაკუნა, აჩუქა ყვავილები, შეყვარებული ამწეს კალათში გადმოსვა და ქორწინების სახლში წაიყვანა. ჩემი აზრით, ყველა ვერ გააკეთებდა ამას. მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ შესანიშნავი მამით. ამ ადამიანმა ბევრი კარგი დატოვა, მათ შორის ჩემს ცხოვრებაში დატოვა თავისი პატარა ნაწილი“ – აცხადებს რეჟისორი ედუარდ ოგანესიანი.

წყარო: info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები