”ყოფილმა გეი ქმარმა მეორე ქორწილში დამპატიჟა…”

ნათია 29 წლისაა და უკვე მეორედ შექმნა ოჯახი. დღეს ყველაზე მეტად იმას ნერვიულობს, რომ ახალშექმნილი ოჯახი მეორედ არ დაენგრეს, რადგან ქმარი არასოდეს აპატიებს, რაც ცოტა ხნის წინ ჩაიდინა.

– 23 წლის ვიყავი, გოგას რომ ცოლად გავყევი. ერთ სამსახურში ვმუშაობდით და ყველა ვხვდებოდით, რომ გეი იყო, მაგრამ მე მაინც შემიყვარდა. რაიონიდან ვიყავი ჩამოსული, ქირით ვცხოვრობდი. ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ თავშესაფარს ვეძებდი. მეგობრები დამცინოდნენ, ეგ ცოლად მაინც არ წაგიყვანსო, მაგრამ ერთხელ სუფრასთან გოგამ ცალკე გამიყვანა და მითხრა, ვიცი, რომ ჩემი ორიენტაციის შესახებ ყველაფერი იცი, ჩემი მშობლები გიჟდებიან, რომ არ ვქორწინდები და იქნებ, ცოტა ხნით ჩემს ცოლობას დათანხმდე, არაფერს მოგაკლებ და დაშორების შემდეგ ერთოთახიან ბინასაც გიყიდიო.
– ალბათ ძალიან გაგიჭირდა ამის მოსმენა, რადგან გიყვარდა…
– არა, თითქოს ზუსტად ამ წინადადებას ველოდი. ძალიან გამიხარდა. თანახმა ვიყავი, რომ იმ დღესვე გავყოლოდი, მაგრამ არ დამთანხმდა. ერთი კვირით ბოიფრენდთან ერთად გერმანიაში მიფრინავდა. იქიდან დაბრუნებულმა მშობლები გამაცნო. ჩემი დანახვა არ გახარებიათ, რადგან სოფლიდან ჩამოსული რძალი არაფერში სჭირდებოდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. მთავარი იყო, გოგას ცოლი მოეყვანა. ერთ თვეში მათთან გადავედი საცხოვრებლად.
– როგორ ცხოვრობდით?
– ერთად გვეძინა, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, ღამე რამდენჯერ მიცდია ჩახუტება, მაგრამ ცივად მიშორებდა. ვიცოდი, რა რისკზე მივდიოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მასში კაცს გავაღვიძებდი. სამთვიანი წვალების შემდეგ მითხრა, თუ კიდევ ერთხელ მექნებოდა მცდელობა, სახლიდან გამაგდებდა. ისე შემეშინდა, რომ ახლოს აღარ მივკარებივარ. გოგას ბოიფრენდი გავიცანი. ჩემზე ეჭვიანობდა, მეუბნებოდა, ჩემს საოცნებო მამაკაცთან ღამე შენ რატომ უნდა გეძინოსო, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული იყო მის ერთგულებაში. ერთად რვა თვე ვიცხოვრეთ და დავშორდით. გოგამ პირობა შეასრულა და ერთოთახიანი ბინა მიყიდა.
– დედამთილი როგორ შეხვდა თქვენს დაშორებას?
– ვერ შემეგუა, თითქოს რაღაცას ხვდებოდა და არ უდარდია. შეიძლება, იმასაც უნდოდა, ხალხისთვის დაენახვებინა, რომ მისი გოგა გეი არ იყო და ცოლი ჰყავდა. დაშორების მიუხედავად, მე და ყოფილი ქმარი მეგობრებად დავრჩით და ხშირად მეპატიჟებოდა თავისი ბოი-ფრენდის სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანი ბესო, რომელსაც ცოლად გავყევი. არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან მინდოდა გათხოვება. ისიც რაიონიდან იყო ჩამოსული და ბინიან გოგოს ეძებდა, მაგრამ რომ გაიგო, განათხოვარი ვიყავი, არ მოეწონა. ყველაფერი ვუამბე და კინაღამ გაგიჟდა, მითხრა, რომ გოგას აღარასოდეს შევხვედროდი და მეც დავთანხმდი.
– გოგას ამაზე რა რეაქცია ჰქონდა?
– რქიანი ეძახა და ბევრი იცინა. ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია, მაგრამ ბესო ვერც იგებდა. ერთ დღეს გოგამ დამირეკა და მითხრა, რომ თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, პატარა ქორწილი ჰქონდა და დავსწრებოდი. სიხარულით გავიქეცი, ბესო კი ორი დღით სოფელში გავუშვი. ადგილზე აღმოვაჩინე, რომ გოგას ქორწილში მოწმე მე უნდა ვყოფილიყავი და ეს ფუნქციაც არაჩვეულებრივად შევასრულე.
– რა პრობლემაა, ბესომ როგორ უნდა გაიგოს?
– სულ ათი კაცი ვიყავით სუფრასთან და ერთმა გოგონამ ”ფეისბუქზე” სურათი ამიტვირთა, რისი ნახვაც ბესომაც მოასწრო და ახლა მაშანტაჟებს, თუ არ ვეტყვი, იმ სუფრაზე რა ხდებოდა, ყველას გააგებინებს ჩემი პირველი გათხოვების რეალურ მიზეზს.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები