აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატში საბავშვო ტანსაცმლის ბუტიკის მფლობელი პამელა „ბრუკ“ სკრონსი მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ჩვიდმეტჯერ დააკავეს. მას მომხმარებლების მოტყუებასა და თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ქალის ონლაინ-მაღაზიიდან ათეულობით მომხმარებელმა საბავშვო ტანსაცმელი შეუკვეთა, თუმცა არც პროდუქცია მიუღიათ და არც თანხა დაბრუნებიათ. სამართალდამცველებს ცნობით, სკრონსი კლიენტებს შეკვეთების დაგვიანების შესახებ გამოგონილ მიზეზებს აწვდიდა, მოგვიანებით კი მათთან კავშირს წყვეტდა.
საქმე ეხება Thomas & Turner Boutique-ს — საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიას, რომელიც სამხრეთ კაროლინის ქალაქ ბელტონში ფუნქციონირებდა. გამოძიების მონაცემებით, შესაძლო დაზარალებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, ხოლო საერთო ზარალი 10 ათას დოლარზე მეტია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პამელა სკრონსის არაერთმა დაკავებამ სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ინტერნეტში განსაკუთრებით გავრცელდა მისი სხვადასხვა დროს დაკავების ფოტოები, რის გამოც მას მომხმარებლებმა „Boutique Bandit“ — „ბუტიკის თაღლითი“ შეარქვეს.
ბოლო დაკავების შემდეგ სასამართლომ სკრონსს გირაო შეუფარდა. თავად ბრალდებული დანაშაულს საჯაროდ არ აღიარებს, მისი ადვოკატის განცხადებით კი, ის „სასამართლო პროცესს ელოდება“.