აზერბაიჯანელმა აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა “გააცურა” და 90 მილიონი თაღლითურად მიითვისა

აშშ-ში აზერბაიჯანის მოქალაქეს, 38 წლის ანარ რუსტამოვს, ჯანდაცვის სფეროში მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საქმის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, რუსტამოვმა შექმნა ორგანიზაცია Dublin Helping Hand და მისი მეშვეობით Medicare Advantage-ის პროგრამაში ათასობით ყალბი განაცხადი გააგზავნა. დოკუმენტებში მითითებული იყო, თითქოს პაციენტებს მიეწოდებოდათ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა, მათ შორის გლუკომეტრები და ორთოპედიული ბანდაჟები, თუმცა რეალურად ეს პროდუქცია არც გაცემულა, არც ექიმების მიერ იყო დანიშნული და არც თავად პაციენტებმა იცოდნენ, რომ მათი სახელით მსგავსი მოთხოვნები ფორმდებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, სქემა დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში მოქმედებდა და სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რუსტამოვი ადრე ცხოვრობდა სანივეილში, კალიფორნიის შტატში, თუმცა ამ დროისთვის ის ძებნილია. ნაფიცმა მსაჯულებმა მის წინააღმდეგ 14 ბრალდებაზე უკვე გასცეს ბრალდების აქტი, რომლებიც მოიცავს ჯანდაცვის სფეროში თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

თუ ბრალდებული ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობენ, მას თითოეულ მუხლზე 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები