ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს მილიარდერთა მე-40 გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჩამონათვალის პირველ ადგილზე კვლავ ილონ მასკია, რომლის ქონება დაახლოებით 839 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს „გუგლის“ თანადამფუძნებლები — ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი იკავებენ. მეოთხე პოზიციაზეა ჯეფ ბეზოსი, რომელიც გასულ წელს მესამე ადგილზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება მარკ ცუკერბერგს, „მეტას“ დამფუძნებელი, რომელიც 2025 წელს რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, წელს მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.
„ფორბსის“ შეფასებით, მიმდინარე წელს მილიარდერთა რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ, საფონდო ბაზრების ზრდამ და ხელსაყრელმა ეკონომიკურმა გარემომ.
შედეგად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში რეკორდული რაოდენობის — 3428 მილიარდერი მოხვდა, რაც 400-ით მეტია, ვიდრე 2025 წელს.
მათი საერთო ქონება ასევე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და დაახლოებით 20,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს — ეს 4 ტრილიონით მეტია, ვიდრე გასულ წელს.
მილიარდერთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 989 მილიარდერი ცხოვრობს. მათ შორის 15 ადამიანი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 20-ეულში შედის.
მეორე ადგილზეა ჩინეთი (ჰონგ კონგის ჩათვლით) — 610 მილიარდერით, ხოლო მესამეზე ინდოეთი, სადაც 229 მილიარდერი ცხოვრობს.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი — „ფორბსის“ 2026 წლის რეიტინგი:
-
ილონ მასკი — 839 მლრდ დოლარი (Tesla, SpaceX)
-
ლარი პეიჯი — 257 მლრდ დოლარი (Google)
-
სერგეი ბრინი — 237 მლრდ დოლარი (Google)
-
ჯეფ ბეზოსი — 224 მლრდ დოლარი (Amazon)
-
მარკ ცუკერბერგი — 222 მლრდ დოლარი (Meta)
-
ლარი ელისონი — 190 მლრდ დოლარი (Oracle)
-
ბერნარ არნო და ოჯახი — 171 მლრდ დოლარი (LVMH)
-
ჯენსენ ჰუანგი — 154 მლრდ დოლარი (მიკროჩიპების ინდუსტრია)
-
უორენ ბაფეტი — 149 მლრდ დოლარი (Berkshire Hathaway)
-
ამანსიო ორტეგა — 143,3 მლრდ დოლარი (Zara)
ანალიტიკოსების შეფასებით, რეიტინგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში ყველაზე დიდი ფინანსური ძალა ტექნოლოგიურ სექტორში კონცენტრირდება, სადაც შექმნილი კომპანიები გლობალურ ბაზრებსა და კაპიტალს სწრაფად ზრდიან.