ბოლო დღეებში ასტრონომიულ კალენდარში ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ფიქსირდება და სწორედ ამიტომ გაჩნდა განცდა, რომ ე.წ. „დაბნელებების დერეფანში“ შევედით. 2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელება დაფიქსირდა, ხოლო 3 მარტს მთვარის სრული დაბნელება მოხდება, რომლის დროსაც დედამიწის თანამგზავრი მოწითალო ელფერს მიიღებს.
ეს ის პერიოდია, როდესაც მზისა და მთვარის დაბნელებები ერთმანეთისგან დაახლოებით ორი კვირის ინტერვალით ხდება. ასტრონომიულად ეს ბუნებრივი ციკლია, რომელიც მთვარის ორბიტისა და ფაზების კანონზომიერებით აიხსნება. შესაბამისად, მსგავსი მოვლენები ხშირად წყვილად ან სამეულად ფიქსირდება.
3 მარტის მთვარის სრული დაბნელება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება. დედამიწის ატმოსფეროში გავლისას მზის სხივები ლურჯ სპექტრს კარგავს, ხოლო წითელი სხივები უფრო თავისუფლად ვრცელდება და მთვარემდე აღწევს. სწორედ ამ ფიზიკური პროცესის შედეგად იღებს მთვარე სპილენძისფერ-მოწითალო შეფერილობას, რასაც პოპულარულ ენაზე „სისხლისფერ მთვარეს“ უწოდებენ.
ეზოთერიკულ სივრცეში ამ პერიოდს ხშირად ემოციურად ინტენსიურ ფაზად განიხილავენ. ცნობილი კანადელი ასტროლოგი ჩანი ნიკოლასი აღნიშნავს, რომ დაბნელების დღეებში უმჯობესია ფიზიკური დატვირთვის შემცირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება. მისი შეფასებით, ეს დრო უფროშინაგანი გააზრებისა და ემოციური გათავისუფლებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე მკვეთრი ცვლილებებისთვის.
ნიკოლასის განმარტებით, 3 მარტის დაბნელება განსაკუთრებით უკავშირდება კონტროლის გადაჭარბებულ სურვილსა და პერფექციონიზმს. ასტროლოგი გვირჩევს, ამ დღეებში ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, შევამციროთ სტრესი და საკუთარ თავზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ.
ასტროლოგი ჩანი ნიკოლასი აღნიშნავს, რომ ქალწულის ნიშანში მიმდინარე მთვარის სრული დაბნელება ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე აისახება, ვის რუკაშიც ძლიერი აქცენტი აქვთ ქალწულზე, თევზებზე, ტყუპებსა და მშვილდოსანზე — ამ ნიშნებისთვის შეიძლება გაძლიერდეს ემოციური მგრძნობელობა, პასუხისმგებლობის წნეხი და შიდა დაძაბულობა. ვერძისა და მორიელისთვის ეს პერიოდი შესაძლოა კონფლიქტური თემების გამწვავებას უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით პირად და პროფესიულ ურთიერთობებში. სასწორისთვის აქტუალური ხდება ბალანსის ძიება, ხოლო ლომისთვის — თვითგამოხატვისა და ავტორიტეტის საკითხები. შედარებით მშვიდად შეიძლება გაიარონ კურომ და თხის რქამ, რადგან ეს დრო მათთვის უფრო პრაქტიკული გადაფასებისა და სტრუქტურის გამყარების შესაძლებლობას ქმნის. მერწყულისთვის მნიშვნელოვანი ხდება გუნდური ურთიერთობები და საერთო მიზნები, კირჩხიბისთვის კი — ოჯახური და ემოციური სივრცის მოწესრიგება. თუმცა ნიკოლასი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ დაბნელების პერიოდში არ ღირს აჩქარება — მოვლენებს ბუნებრივად უნდა მიეცეს განვითარება, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უმჯობესია მას შემდეგ იქნეს მიღებული, როცა ემოციური ფონი დამშვიდდება.
და მაინც, — „როდის ამოისუნთქებს დედამიწა?“ — ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, დერეფნის პიკური ეტაპი 3 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ენერგეტიკული ფონი თანდათან დასტაბილურდება და ყოველდღიური რიტმი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
ასტრონომია ზუსტად განსაზღვრავს, როდის ხდება ციური მოვლენები, ხოლო ასტროლოგია ცდილობს ახსნას, როგორ შეიძლება ეს პერიოდი ადამიანმა შინაგანად აღიქვას. მიუხედავად ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებისა, ერთი რამ უცვლელია — დაბნელება ბუნებრივი ციკლის ნაწილია, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც თავად ციური მოვლენა და მისი ხილული ეფექტია.