ავღანეთში კაცებს ქალის ცემის კანონიერი უფლება მიენიჭათ

მიღებული კოდექსი ქმნის პირობებს, სადაც ქალზე ძალადობა პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება

ავღანეთში მიღებულმა ახალმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა, რომელიც იმ სასამართლოებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც მოძრაობა „თალიბანის“ წესებით მოქმედებენ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ექსპერტთა შეფასებით, დოკუმენტი მნიშვნელოვნად ამძიმებს ქალებისა და ბავშვების სამართლებრივ მდგომარეობას და ქმნის გარემოს, სადაც ოჯახში ძალადობა პრაქტიკულად დაუსჯელი შეიძლება დარჩეს.

კოდექსის თანახმად, მეუღლის მიერ ცოლის ფიზიკური ძალადობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვევს, თუ დაზიანება მძიმე და აშკარაა — მაგალითად, მოტეხილობა ან ღრმა ჭრილობა, რომლის დამტკიცებაც სასამართლოში იქნება შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური სანქცია 15-დღიანი პატიმრობაა. შედარებით ნაკლებად თვალსაჩინო ძალადობა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა შესაძლოა საერთოდ არ ჩაითვალოს დანაშაულად, ხოლო მტკიცების ტვირთი თავად ქალს ეკისრება.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც, თუ ცოლი მეუღლის ნებართვის გარეშე დატოვებს სახლს და ნათესავებთან გადავა, ის და მისი ოჯახის წევრები შეიძლება სამართალდამრღვევებად იქნენ ცნობილი და სამთვიან თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარონ.

კოდექსი ეხება ბავშვთა საკითხსაც. მასში დაშვებულია არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური დასჯა, მათ შორის რელიგიური წესების დარღვევისთვის. ამასთან, დოკუმენტში გამოყენებულია ისეთი ფართო და ბუნდოვანი ტერმინები, როგორიცაა „უღირსი ქცევა“ ან „ამორალურობა“, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, სამართალდამცავ ორგანოებს თვითნებური დაკავებებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევს. სასჯელის სიმკაცრე შესაძლოა პირის სოციალურ სტატუსზეც იყოს დამოკიდებული.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და გაეროს სტრუქტურები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სტანდარტები შენარჩუნდეს და დისკრიმინაციული ნორმების რეალიზაცია არ გაღრმავდეს.

ავღანეთში ქალთა უფლებების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში უკვე არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო განხილვის საგანი. ახალი კოდექსი კი, ექსპერტთა შეფასებით, ამ პროცესს სამართლებრივ ჩარჩოს ანიჭებს და ქალთა სამართლებრივ დაცვის მექანიზმებს კიდევ უფრო ასუსტებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები