რომში „სურვილის ჩაფიქრებაც“ ფასიანი გახდა

რა ღირს ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდება

რომის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობა ტრევის შადრევანზე ახალი წესები ამოქმედდა. ამიერიდან უცხოელი ტურისტებისთვის მასთან მიახლოება და ტრადიციული მონეტის ჩაგდება ფასიანი გახდა.

როგორც CNN იუწყება, არარეზიდენტ მოქალაქეებს დღის და საღამოს საათებში სპეციალური ბილეთის შეძენა მოუწევთ, რომლის ღირებულება 2 ევროა. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ტურისტების უკონტროლო ნაკადის შემცირებას და ისტორიული სივრცის დაცვას.

შადრევანთან მისვლა უფასო  მხოლოდ ღამის საათებში იქნება — 22:00-ის შემდეგ.

ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს დატვირთვას და პარალელურად დამატებით შემოსავალს მოუტანს დედაქალაქს, რომელიც ძეგლის მოვლასა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მოხმარდება. ამასთან, ტრადიცია უცვლელი რჩება: შადრევნიდან ამოღებული მონეტები — წლიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო — კვლავ საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაირიცხება.

მიუხედავად ახალი წესებისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგი ტურისტი შეზღუდვების გვერდის ავლას ცდილობს და მონეტებს შადრევანში შორიდან, დამცავი ბარიერების მიღმა ისვრის.

რომის სიმბოლოს გარშემო დაწესებული ახალი წესები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ პოპულარული ტურისტული ქალაქები ტურიზმის კონტროლს — სურვილების ჩაფიქრებაც კი უკვე წესებს ექვემდებარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები