დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს:
“* 7 დეკემბერი > ვენერა მერწყულის ზოდიაქოში
* 21 დეკემბერი > მზე თხის რქის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 7 დეკემბერი < რეტროგრადული მარსი (ლომის მე-7 გრადუსიდან)
* 8 დეკემბერი > დირექტიული ნეპტუნი (თევზების 28-ე გრადუსიდან)
* 16 დეკემბერი > დირექტიული მერკური (მშვილდოსნის მე-7 გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა – 1 დეკემბერი (10:21 საათზე)
* სავსემთვარეობა – 15 დეკემბერი (13:01 საათზე)
* ახალმთვარეობა – 31 დეკემბერი (2:26 საათზე)
დეკემბერი – მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის ერთი ყველაზე რთული, „ცხელი“, ავარიული და ბობოქარი თვე იქნება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დაბრკოლებები, შეფერხებები, უსიამოვნებები, კონფლიქტები და შეტაკებები. პოლიტიკური მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში უკიდურესად არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი გახდება, რაც ცხადია, აისახება ყველაზე და ყველაფერზე.
ნოემბრის მესამე დეკადის ნეგატიურ გავლენა ბუნებრივია გადმოვა დეკემბერზეც და განსაკუთრებით 1-9 დეკემბერი, როდესაც რეტროგრადული მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოდან ნეგატიურ ასპექტს შექმნის სატურნთან (თევზებში). ცეცხლისა და წყლის სტიქიის ნეგატიური სინთეზი შექმნის „დუღილის“ განცდას, რაც გამოიხატება კატაკლიზმებში, ტექნიკურ ავარიებში, ხანძრებში, გაფიცვებში, მიტინგებში და სპონტანურ გამოსვლებში. დეკემბრის პირველ დეკადაში თითქმის გამორიცხულია რაიმე ტიპის შეთანხმება და საერთოდ, ურთიერთგაგება.
დეკემბრის ერთ-ერთი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება 7 დეკემბერს, როდესაც მარსი (რომელიც ცეცხლოვან ლომის ნიშანშია) ორი თვით რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ამ პერიოდში მარსი დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმოძრავებს და ბუნებრივია, მისი გავლენა ძალიან დისჰარმონიული იქნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონფლიქტებს და ძალისმიერ დაპირისპირებებს. სტატიკური-რეტროგრადული მარსი ცეცხლოვანი მერკურის რეტროგრადულობის ფონზე 1-დან 15 დეკემბრამდე გაზრდის ავარიულობისა და ხანძრების ალბათობას. არ არის გამორიცხული ზოგიერთ ქვეყანაში ვიხილოთ არა მხოლოდ მასშტაბური გამოსვლები, არამედ ხელისუფლების ცვლილებებიც. მკვეთრად მოიმატებს პოლიტიკოსებზე ან საერთოდ, ცნობილ ადამიანებზე თავდასხმების საშიშროება.
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რეტრო-მარსი შეიძლება ნიშნავდეს სპორტთან ან ხელოვნებასთან „დაბრუნებას“, შინაგან მღელვარებას, წარსულში „დაბრუნების“ მცდელობებს, განსაკუთრებით თუ მათი საქმიანობა დაკავშირებული ბავშვებთან, სკოლებთან, პედაგოგიკასთან, ბიზნესმენებისთვის – სირთულეებს ბიზნესთან, ოქროსთან და ფასიან ქაღალდებთან. გარდა ამისა, მარსის რეტროგრადულობა (ლომში) შეიძლება ასევე მიანიშნებდეს გაძლიერებულ თავის ტკივილსა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.
მიუხედავად დეკემბრის „ცხელი“ ფონისა, დეკემბრის პირველი კვირა ვენერას, ურანის და ნეპტუნის პოზიტიური გავლენა „ხელს შეუწყობენ“ შემოქმედებით საქმიანობას, კინოს, თეატრს, მუსიკას. შესაძლებელია, სახლისთვის კრეატიული გარემოს შექმნა და საინტერესო ინტერიერული გადაწყვეტილებების მოფიქრება. თუმცა, უმჯობესია არ იჩქაროთ მნიშვნელოვანის შეძენა 16 დეკემბრამდე, რადგან რეტროგრადული მერკურის გამო, დიდი რისკია, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოთ ან რაიმე დეფექტს წააწყდეთ.
რეტრო-მერკურის პიკი 5-6 დეკემბერს შეიძლება მოგვიტანოს იმ პერიოდის ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც დაიწყო 26 ნოემბერს. ამის შემდეგ უკეთ გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, საით უნდა წავიდეთ და რა პროცესები უნდა გადავახარისხოთ ჩვენს ცხოვრებაში.
თვე იქნება უკიდურესად დატვირთული მზისა და მერკურის ნეგატიური ასპექტებით იუპიტერთან და სატურნთან, რაც მიანიშნებს გარკვეულ სირთულეებზე, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყოს მსხვილ სატრანსპორტო საკითხებთან, გადაადგილებებთან, გზების მშენებლობასთან, უცხოეთში მოგზაურობასთან და ამ მიმართულებით გარკვეულ სირთულეებთან. 15 დეკემბრამდე იქნება ბევრი დაბრკოლება და შეფერხება სამუშაო პროცესში.
სიყვარულის პლანეტა ვენერა (მერწყულის ნიშნიდან) 8-16 დეკემბრის შუალედში დაუპირისპირდება მარსს. ამის გამო პირად ურთიერთობებში, შეურიგებლობისა და ეგოიზმის ფონზე, შეიძლება გართულდეს ურთიერთგაგება და დაირღვეს ჰარმონია. არ გამოირიცხება კონფლიქტი პარტნიორთან და ურთიერთობის შეწყვეტაც.
20-21 დეკემბრისთვის საერთო მდგომარეობა და განწყობა შედარებით ჰარმონიული გახდება. სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობებში, ახლობელი ადამიანები დაგვეხმარებიან უკეთ გავერკვეთ შექმნილ მდგომარეობაში, ჩვენს გრძნობებში და დავალაგოთ ურთიერთობები ახლობლებთან. ამ დღეებში ურთიერთობის დაწყება და ერთობლივი მოგზაურობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.
16 დეკემბრიდან, მშვილდოსანში მერკურის რეტროგრადულობის დასრულებით, ბევრი გეგმა დაიწყებს გამოვლენას, ბევრი ინფორმაცია გამომჟღავნდება, გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები და დამხმარეები. ამ დროიდან ბიზნესის წარმოება, მოლაპარაკებების წარმართვა და მოგზაურობა უფრო იოლი და წარმატებული გახდება.
თვის მეორე ნახევრიდან იუპიტერისა და სატურნის ასპექტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილებები, რაც მოიტანს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, განათლებასთან და საერთოდ, ცოდნის დარგებთან დაკავშირებული სასიკეთო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.
თვის ბოლოს, 25-26 დეკემბერს, შესაძლებელია წარმატებული საქმიანი მოგზაურობები, ასევე საერთაშორისო კონტრაქტებზე მოლაპარაკებების გამართვა. თუმცა, 27-28 დეკემბერს ვენერასა და ურანს შორის კვადრატული ასპექტი მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია იმპულსურობამ და წინდაუხედაობამ საფრთხე „შეუქმნას“ საქმიან, პირად და მეგობრულ ურთიერთობებს.
31 დეკემბერს თხის რქაში ახალმთვარეობა მოიტანს მნიშვნელოვან და, შესაძლოა, მასშტაბურ სიახლეებსაც, რადგან ის იქნება დეკემბრის და საერთოდ, 2024 წლის „ტრანსცენდენტური წერტილი“, რაც დაუკავშირდება იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია უკვე 2025 წელში.” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები