მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
თემო საჯაია: ოჯახური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ – არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი მყავს. რაც შეეხება კარიერას, ამით კმაყოფილი რომც იყო, ჯობს, არ თქვა და უკეთესისკენ იღვწოდე. ვფიქრობ, რომ შემეძლო, ბევრი რამ უკეთესად გამეკეთებინა. ამიტომ, ყოველდღიურად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ვსწავლობ, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების არეალი გავაფართოვო. ადამიანი არ უნდა იყო ჩაკეტილი და სამყაროს ვიწრო კორიდორიდან არ უნდა უყურებდე.
– როგორ შეგცვალა ოჯახურმა ცხოვრებამ?
– კარდინალურად შევიცვალე. ოჯახის აზრიც ამაშია, უნდა შეიცვალო. ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა, მეუღლესთან ერთად ცხოვრება ამას მოიცავს. ოჯახი მარტო ორი ადამიანის ერთად ცხოვრება არ არის. ეს სხვა რამ არის. ამას მოჰყვება ბავშვი, რაც პასუხისმგებლობის გაასმაგებას ნიშნავს. შესაბამისად, შევიცვალე. ახლა აღარ ვათენებ ღამეებს, აღარ დავდივარ საქეიფოდ ისე, როგორც აქამდე დავდიოდი. თუმცა, უპასუხისმგებლობით მე არასდროს გამოვირჩეოდი. ისე არასდროს მოვქცეულვარ, რომ ჩემი მშობლებისკენ გაეშვირათ ხელი – ცუდი გაზრდილი ჰყავთო. საკუთარი ოჯახის შექმნა კიდევ სხვა ეტაპია და ვფიქრობ, ისეთ ასაკში დავოჯახდი, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი და მგონია, რომ უკეთესობისკენ შევიცვალე.
– მარიტასადმი შენს დამოკიდებულებას სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოეტურად გამოხატავ ხოლმე. ცოტა ხნის წინაც „უდაბნოს ქვიშაში მარგალიტის პოვნას შეადარე“. როგორია შენი მარგალიტი?
– ჩემი აზრით, მარიტა საუკეთესო ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ის ჩემთვის ყველაზე ახლობელია. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა მეგობრობით, პირდაპირ შეყვარებულობით დავიწყეთ, მაგრამ საერთო ჯამში, მარიტა არის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. ის არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ამით ყველაფერია ნათქვამი.
– ოჯახი ცვლის წყვილის ურთიერთობას?
– კი, ურთიერთობასაც უკეთესობისკენ ცვლის. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. ჩვენი ურთიერთობა უფრო კარგი გახდა. როცა წყვილის ურთიერთობაში შვილი ჩნდება, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. შესაბამისად, ბედნიერებაში უბედური იყო, ალოგიკურია.
– როგორი ბიჭია თქვენი პატარა და როგორი ყოფილა მამობა?
– ძალიან მაგარი და საყვარელი ბიჭია. მზის ამოსვლას ჰგავს მისი გაღვიძება. რაც შეეხება მამობას, საუკეთესო შეგრძნებაა. ამას, ალბათ, მხოლოდ დედობა თუ გაუტოლდება. დედამიწაზე მსგავსი შეგრძნება არ არსებობს. ამაზე დიდი პასუხისმგებლობაც არ არსებობს. ეს ყველაზე დიდი საზრუნავია. ბავშვი აბსოლუტურად შენზეა დამოკიდებული, სანამ ის სრულწლოვანი გახდება და თავის გზას აირჩევს. ამ პროცესში შენ უნდა მიეხმარო, რომ კარგ გზაზე დადგეს, კარგი პროფესია აირჩიოს, უნდა მიეხმარო და არა გადაუწყვიტო, როგორ იცხოვროს. პასუხისმგებლობა დიდია და ვფიქრობ, რომ კარგია, როცა ცხოვრებაში ასეთი პასუხისმგებლობა გეკისრება. ეს არის ის, რაც გაყალიბებს კარგ მშობლად.
– შენ და მარიტამ რომანტიკულობა თუ შეინარჩუნეთ?
– რა თქმა უნდა, უბრალოდ, მერე რომანტიზმიც სხვა რამეში გადადის. ძალიან ძნელია, მთელი ცხოვრება ისე გიციმციმებდეს თვალები, როგორც ჯვრისწერის დღეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე პრაგმატიზმი კლავს რომანტიზმს და ასეთი ურთიერთობა აღარ არსებობს. ასე არ არის, მაგრამ ეს რომანტიზმი სხვა ფორმით ვლინდება. თუ იმას მოახერხებ, რომ ისევ ისე იყო აღფრთოვანებული შენი მეორე ნახევრით, როგორც გაცნობის დღეს, ძალიან კარგია. არ არის აუცილებელი მრავალწლიანმა ცოლქმრულმა ცხოვრებამ ასეთი მომენტები მოკლას.
– ოჯახურ საქმეებში რომელი უფრო მოხერხებული ხართ?
– სამწუხაროდ, საქმეებიდან გამომდინარე, მე ისე ხშირად ვერ ვარ სახლში. თუმცა, მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარს ოჯახური საქმეები თანაბრად უნდა ჰქონდეთ გადანაწილებული. არ არსებობს ისეთი საქმე, რომელსაც სახლში ვერ გავაკეთებ. ასე არის მარიტაც. ვისაც როგორ მოგვიწევს, თორემ, „ეს არ არის კაცური საქმე და ამას არ გავაკეთებ ან ეს ქალის საქმე არ არის და არ გავაკეთებ“– მგონია, რომ ასეთი ურთიერთობა „ტეხავს“. პირობითად, ჩაქაფულს მე უკეთესად ვაკეთებ, დაუთოებაში ალბათ, მარიტა მჯობს, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რასაც ოჯახი მოითხოვს. ამას არ სჭირდება გაწერა, წყვილი საშუალებიდან გამომდინარე უნდა იქცეოდეს, მე ასე ვფიქრობ.
– რა სირთულეების გადალახვა უწევს წყვილს ოჯახის შექმნისა და შვილის დაბადების შემდეგ?
– ჩვენ შვილს მარტო ვზრდით. ძიძა არ გვყავს, არც ბევრი ადამიანი გვეხმარება. რთულია, ისწავლო ცხოვრება ამხელა სიახლესთან ერთად, მაგრამ უნდა ისწავლო ახალ გამოწვევებთან გამკლავება. თუ მეუღლე, ოჯახი და შვილი გიყვარს, რის გარეშეც ოჯახი წარმოუდგენელია, ყველაფერს ისწავლი. მით უმეტეს, ძალიან სასიამოვნოა იმის სწავლა, რაც შენს შვილსა და ოჯახს ეხება. სირთულეა დროის ფაქტორიც. მე ოფიციალურად სამ ადგილას ვმუშაობ, ამას ემატება კონცერტები და გასტროლები. ამიტომ, ნაკლებად მიწევს სახლში ყოფნა, რაც რთულია, დიდი დანაკლისია, ყოველთვის მენატრება ჩემი ოჯახი და ამას ძალიან განვიცდი.
წყარო: თბილისელები