„რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ, მით უკეთესი… ამით გოგონები კანს იზიანებენ და გამონაყარი ჩნდება“ – ზაზა თელია გვირჩევს, როგორ ავირიდოთ თავიდან გამონაყარი

მოზარდობის ასაკში თითქმის ყველა გოგონა იყენებს კოსმეტიკას. ბუნებრივია, რომ თავის მოვლაც უნდათ და მაკიაჟით გალამაზებაც. თუმცა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, რომ კოსმეტიკის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან არასწორმა და უხარისხო საშუალებებმა შეიძლება გოგონებს გალამაზების ნაცვლად პრობლემები მოუტანოს. უფრო ზუსტად, რა საშუალებები არ უნდა შედიოდეს კოსმეტიკაში და შეუძლია თუ არა რომელიმე ინგრედიენტს აკნეს გამოწვევა, ზაზა თელია გვპასუხობს:

– როგორც წესი, პირველ შვიდეულში რა ინგრედიენტებიცაა მითითებული, ისინი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით
არის აღნიშნულ პროდუქტში. ძლიერი კომეტოგენური ნივთიერებებიდან უნდა გამოვარჩიოთ რამდენიმე, ეთილ-ჰექსილ-პალმიტატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი – ორი ძალიან ძლიერი კომეტოგენური ინგრედიენტი. ასევე, ნატრიუმის ქლორიდი.

– დეკორატიული კოსმეტიკა რა ასაკიდან და რა სიხშირით შეიძლება გამოიყენონ მოზარდებმა?

– რაც შეიძლება იშვიათად და რაც შეიძლება მოკლე დროით, დღის განმავლობაში. კოსმეტიკური საშუალებებით დაძინება კატეგორიულად არ შეიძლება. სახე უნდა დაიბანონ, დაიტენიანონ და რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ, მით უკეთესი.
კოსმეტიკას უნდა დავაკვირდეთ, რომ არ იყოს ზეთოვანი. ასევე, ბზინვარე, ბრჭყვიალა, მძიმე მაკიაჟის გამოყენება არ არის რეკომენდებული. არ უნდა გაუზიაროთ ფუნჯები სხვებს. ასევე, სამაკიაჟო ფუნჯების ხშირი ჰიგიენაც მნიშვნელოვანია. 4-5 გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ და გააშროთ.
– რამდენად იწვევს აკნეს კოსმეტიკური საშუალებები?
– თუ თინეიჯერულ ასაკში აკნე გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი თანაფარდობით გვხვდება, შემდგომ პერიოდში, სტატისტიკურად, გოგონები მკვეთრად უსწრებენ. იმიტომ, რომ ქალები უკვე იწყებენ სახეზე სხვადასხვა ტიპის საცხების გამოყენებას. გიდასტურებთ, რომ სხვადასხვა ტიპის საცხების გამოყენება, რუტინა, მოვლის საშუალებების გრძელი სია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც წესი, პრობლემას ქმნის. ასეთმა საშუალებებმა შესაძლებელია აკნეს განვითარების პროვოცირება გამოიწვიონ. მით უმეტეს, როცა ისინი ძლიერ კომეტოგენურ ინგრედიენტებს შეიცავენ. კომეტოგენური ინგრედიენტების ჩამონათვალი ძალიან გრძელია.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები