10 ნიშანი იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

ემოციური ინტელექტი (EI) არის ადამიანის უნარი გაიგოს და მართოს საკუთარი ემოციები, იგი წარმატების, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისა და კარიერული წინსვლის საქმეში გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე IQ, ანუ გონებრივი ინტელექტი. მიუხედავად მისი ასეთი მნიშვნელობისა, ემოციური ინტელექტის დონის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არსებობს მხოლოდ ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ რამდენად განვითარებული ხართ ემოციურ დონეზე.

 

1.გაქვთ მდიდარი ემოციური ლექსიკონი

 

ადამიანები უამრავ რამეს გრძნობენ და განიცდიან, მაგრამ ძალიან ცოტას შეუძლია გააცნობიეროს და აღწეროს შინაგანი მდგომარეობა. კვლევების მიხედვით ამას მხოლოდ ადამიანების 36% ახერხებს ადეკვატურად, დანარჩენები კი უბრალოდ არარაციონალური მოქმედებისკენ მიდრეკილნი ხდებიან. მაშინ როცა ადამიანთა უმეტესობა იტყვის, რომ ცუდად გრძნობს თავს, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ზუსტად ამბობს : ,,დაძაბული ვარ“, ,,ვღელავ“, ,,ნაწყენი ვარ“, ,,ვბრაზობ“ და ა.შ.

 

2. გაინტერესებთ ადამიანები

 

არ აქვს მნიშვნელობა ექსტრავერტი ხართ თუ ინტრავერტი, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ძალიან არიან დაინტერესებულნი სხვა ადამიანებით, აქვთ თანაგრძნობის უნარი და შეუძლიათ წარმოიდგინონ თავი თანამოსაუბრის ადგილას. შესაბამისად ურთიერთობებსაც უკეთესად ალაგებენ გარშემომყოფებთან.

 

3. ღია ხართ ცვლილებებისადმი

 

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კი არ უფრთხიან, პირიქით ელოდებიან და სიხარულით ხვდებიან ცვლილებებს, რადგან იციან, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი საშუალება.

 

4. შეგიძლიათ თქვათ ,,არა“

 

შეგიძლიათ უარი უთხრათ რაღაც-რაღაცეებზე, როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს. სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ,,არას“ თქმა იმხელა დაძაბულობას იწვევს, ისეთი თვითკონტროლი სჭირდება, რომ მხოლოდ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ახერხებენ პირდაპირ, ყოველგვარი ,,ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებ“, ,,დარწმუნებული არ ვარ“ და ა.შ. , უარი თქვან რამეზე.

 

5. გასცემთ ისე, რომ არაფერს ელით სანაცვლოდ

 

მოულოდნელი საჩუქრები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ. აი, მაგალითად, თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელთანაც მის საყვარელ მწერალზე ისაუბრეთ, რომლის უკანასკნელი წიგნი მას არ წაუკითხავს. თქვენ არაფერს ამბობთ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ამ წიგნით ხელდამშვენებული მიდიხართ. ისე, უბრალოდ… გინდათ რომ გაახაროთ. ამაზე უკეთესი დასაწყისი მეგობრობისთვის არ არსებობს. ეს ყველაზე დიდი საფასურია.

 

6. მადლიერი ხართ

 

აუცილებელია პერიოდულად იმაზე დაფიქრება, თუ რამდენი რამ გაქვთ, რისთვისაც მადლიერი უნდა იყოთ. ეს უფრო ჭკვიანური საქმიანობაა, ვიდრე იმაზე დარდი, რაც არ გაქვთ. როდესაც მადლიერებას გრძნობთ სისხლში კორტიზოლის დონე დაბლა იწევს, რაც ნიშნავს რომ სტრესი მცირდება და ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება.

 

7. საკმარისად გძინავთ

 

არაფერი ისე არ ვნებს ემოციურ ინტელექტს, როგორც არასაკმარისი ძილი. ამ დროს ტვინი მთელი დღის ამბებს აანალიზებს, რისი შედეგიც სიზმრები გახლავთ. ხდება სრული განტვირთვა. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კარგად აცნობიერებენ სრულყოფილი ძილის მნიშვნელობას და მასზე უარს არ ამბობენ.

 

8. არავის აძლევთ უფლებას ხასიათი გაგიფუჭოთ

 

თუკი ადვილია თქვენით მანიპულირება, თუკი მარტივად ბრაზდებით, გწყინთ, გიფუჭდებათ განწყობილება, თქვენი ემოციური მდგომარეობა სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ თქვენ საერთოდ ვერ მართავთ საკუთარ ცხოვრებას. ეს დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, მთელ სამყაროს იგნორირებას ვერ გაუკეთებთ, მაგრამ არავინ გიშლით ცოტა ირონიულად და იუმორით შეხედოთ მათ, ვისაც თქვენი ბედნიერების, სიხარულის და უმიზეზო სიცილის გაგება არ ძალუძს.

 

9. შეგიძლიათ გამოეთიშოთ ყველაფერს

 

ის, რომ შეგიძლიათ პერიოდულად გამოეთიშოთ დაძაბული ცხოვრების რიტმს და სრულიად განიტვირთოთ, ემოციური ინტელექტის მაღალი დონის მაჩვენებელია. თუკი 24/7-ზე მუშაობთ, საქმეებში ხართ ჩაფლული, სტრესის დონე საგრძნობლად მაღლა იწევს, რაც ნიშნავს რომ ისეთი ქმედითუნარიანი და შემოქმდებითად აქტიური აღარ ხართ.  პერიოდულად ტელეფონი უნდა გამორთოთ, ლეპტოპი დახუროთ და უქმეებზე ბუნებას მიაშუროთ მარტომ, ან მეგობრებთან ერთად. მიეცით თქვენს ტვინს სუნთქვის საშუალება.

 

10. არ ისწრაფვით სრულყოფილებისაკენ

 

ემოციურ დონეზე განვითარებულმა ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არც ცდილობენ მათ მიღწევას. ისინი ადვილად პატიობენ საკუთარ თავს და სხვებს შეცდომებს და არ იტანჯებიან წვრილმანების გამო. მათ მიუღწეველი იდეალები არ ტანჯავთ, რადგან წარმატებას ნაბიჯებად ყოფენ და თითოეული ნაბიჯის მიღწევით ტკბებიან. არასოდეს ავიწყდებათ, რომ ყველაფერი – ფულიც, კარიერაც, წარმატებაც იმისთვის სჭირდებათ რომ ბედნიერი იყვნენ. ამიტომ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ბედნიერებაა.

წყარო: mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები