დღეს, როდესაც შენ რუსმა მხატვრებმა, კიდევ ერთხელ ხუთი წლით აგირჩიეს ისე, რომ არცერთი ხმა არ გაშავებულა და ყველამ ერთხმად გაღიარა. ეს მინდა მოგილოცო არამარტო შენ, არამედ ქართველებსაც. იმიტომ, რომ ქართველი სადაც არის, ყველგან ქართველია, – ასე მიმართავს პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერილ ღია წერილში მოქანდაკე ზურაბ წერეთელს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, პოეტი რუსეთში მოღვაწე მოქანდაკეს მორიგ წარმატებას ულოცავს.
“ღია წერილი ჩემს ზურაბ წერეთელს!
ძვირფასო ზურაბ, 25 წელიწადია არ მინახიხარ.
ბოლოს, ბელას იუბილეზე შევხვდით და როგორც ყოველთვის
სცენაზე ამოხვედი კულისებში და ეს ყველაფერი დიდი კონვერტით დამთავრდა რა საკვირველია.
შემდგომ, მე და ვალერი მუქერიამ თავზე წამოვიცვით “მეწელიცა”, იცი შენ ეს რასაც ნიშნავს.
დღე არ გასულა, რომ შენი სითბო, შენი ძმობა და შენი სიყვარული,მე არ მეგრძნო.
ამიტომ,მიუხედავად ამ დიიდი მანძილისა, რომელიც მე და შენ გვაცილებს, ყოველთვის მახსოვხარ, მიყვარხარ! და არაფერს არ ნიშნავს
ჩემი მადლობა იმასთან შედარებით, რაც შენ ჩემი, და ჩემი ოჯახისთვის და არამარტო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის გაქვს გაკეთებული.
აქ, უნიჭოები ისევ ჭრიჭინებენ ხანდახან, ზოგი ჟირაფს ხატავს, ზოგი ვაშლებს, მაგრამ არცერთია ფიროსმანი და არც მეორე სეზანი,
შენი მასშტაბი შეუდარებლად დიდია.
არ არსებობს მსოფლიოში არცერთი კუთხე, სადაც შენი ქართველობის, შენი კაცობის,შენი დიდი ნიჭის კვალი არ დაგემჩნია.
დაწყებული ნოტრდამის კუნძულზე, ესე იგი იქ სადაც შუაგულ პარიზში დგას შენი პავლე, ის პოლონელი, რომელმაც ბევრი რამე შეცვალა მსოფლიოში,
გარდა ამისა, დიდი პიკასოთი დაწყებული, რომელზედაც მე მაინცდამაინც არ ვგიჟდები მაგრამ პიკასო, პიკასოა და ჩვენი პიკო ნიჟარაძით დამთავრებული, რომელიც
მე სიგიჟემდე მიყვარს შენსავით, მაგრამ ყველა შენი მეგობარი და შენგან აღიარებული იყო. ასევე მახსოვს, კართაგენის დათვალიერების შემდეგ, გემზე როდესაც
ტუნისში ვიდექით, უცებ რუსმა ტურისტებმა დაიწყეს ყვირილი, ცერეთელი! ცერეთელი!
მე გამოვვარდი და ვხედავ შენ და შაგალი საუბრობდით და რომელიღაც ვიტრაჟს ათვალიერებდით. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როდესაც შენ რუსმა
მხატვრებმა, კიდევ ერთხელ ხუთი წლით აგირჩიეს ისე, რომ არცერთი ხმა არ გაშავებულა და ყველამ ერთხმად გაღიარა.
ეს მინდა მოგილოცო არამარტო შენ, არამედ ქართველებსაც. იმიტომ, რომ ქართველი სადაც არის, ყველგან ქართველია.
არ მახსოვს, არცერთი დიდი მოღვაწე, არცერთი დიდი პოლიტიკოსი, ვინც მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა, რომლის მასპინძელიც შენ არ ყოფილიყავი შენს
სახელოსნოში. შენ კი ჩუმად იღიმებოდი და თესავდი სიკეთეს, სიკეთეს და მხოლოდ სიკეთეს.
მიყვარხარ ძმაო, მეტი რა გითხრა, კორონა დამეჯახა, წამაქცია და დამანგრია. თუ ფეხზე დავდექი, მე გადაწყვეტილი მაქვს, ისე მოგეფერო, როგორც გეკადრება და
გისურვო დიდხანს სიცოცხლე იმიტომ, რომ შენ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში სიცოცხლე აჩუქე, მარტო რამდენი მილიონის წამლები დაარიგე, იმ ხალხს
დაურიგე ვისაც არ იცნობდი, ვინც არ გაინტერესებდა როგორც მადლიერების გამომთქმელი შენს მიმართ არამედ შენი გულუხვობით. მაგრამ ყველაზე დიდი, რაც
მთავარია ჩემთვის ისა არის, რომ შენი დიდი მასშტაბი, შენი დიდი ზეგავლენა მონუმენტურ ხელოვნებაზე ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია.
ახლა კი გკოცნი და გეხვევი, და მაქვს იმედი, რომ ფეხზე დავდგები და ისე მოგეფერები, როგორც ეს შენს კაცობას და ქართველობას ეკადრება.
შენი რეზო ამაშუკელი.
(ბოდიში ორთოგრაფიისთვის)” – დაწერა პოეტმა სოციალურ ქსელში.
პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, პოსტკოვიდური სინდრომით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა.