„დავუჯეროთ ექიმებს და ავიცრათ ერთმანეთისთვის“

 

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი დღეს მეორედ აიცრა. ამბობს, რომ ეს ნაბიჯი, პირველ ყოვლისა, სხვების სიცოცხლის დასაცავად გადადგა და ყველას მოუწოდებს აცრისკენ. ბატონი თამაზი ორხევში მდებარე თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის დირექტორია. სასულე საკრავთა ორკესტრის ხელმძღვანელმა უამრავი თაობა აღზარდა.

თამაზ მოლაშვილი:
– ავიცერი იმიტომ რომ, პირველ რიგში, დავიცვა სხვები. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. მართალია, პირბადე სულ მიკეთია, რეგულაციის წესებსაც, დისტანციასაც ზედმიწევნით ვიცავ, მაგრამ ვაქცინაცია აუცილებელი იყო. ორკესტრის მეცადინეობას ვესწრები, გუნდს ვუსმენ, სულ ბავშვებთან ვტრიალებ, ამიტომ, პირველ რიგში, მე უნდა ვიყო ბავშვებისთვის და გარშემომყოფებისთვის უსაფრთხო, რომ ჩემგან ვინმე არ დაინფიცირდეს.
დღეს უკვე ორჯერ ვაქცინირებული ვარ და ძალიან მინდა ამ პანდემიის დასრულება, საამისოდ კი საჭიროა, ყველანი ავიცრათ.
მე – თამაზ მოლაშვილს მყავს შვილიშვილი, ჩემი მოსახელე თამაზი და მას შეეძინა პატარა, რომელსაც სულხანი დაარქვეს. ეს პატარა ჩემთვის ყველაფერია. ამ პანდემიის გამო პატარა სულხანს ვერ ვნახულობ, ბავშვი ვერ მინახავს, მეტირება… ამ ხნის კაცისთვის ყველაზე დიდი სიხარული პატარა სულხანის გულში ჩახუტებაა, ძალიან მენატრება, მაგრამ მათთან არ მივდივარ, მეშინია, რამე არ მივუტანო და ვუფრთხილდები, მხოლოდ ვიდეოთვალით ვუყურებ, როგორ თამაშობს პატარა სულხან მოლაშვილი, რომელიც უკვე 9 თვისაა.
მინდა დროზე დასრულდეს ეს პანდემია, რომ ისევ იმ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, რაც პანდემიამდე იყო. ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობის, ჩახუტების საშუალება გვქონდეს. ასეთი დრო რომ არ იყოს, მეც წავიყვანდი და წამოვიყვანდი ჩემს დიდ სიხარულს, პატარა სულხანს. როცა ჩემმა რძალმა მითხრა, ბავშვს სულხანს ვარქმევო, ვიბღავლე, შენ გამიცოცხლე სულხანი-მეთქი. სპეციალისტები ამბობენ, რომ აცრა აუცილებელია, დავუჯეროთ ექიმებს და ავიცრათ ერთმანეთისთვის. უპრობლემოდ ავიცერი, ორი კვირით ადრე დავრეგისტრირდი და დაყოვნების ოთახში ვხუმრობდი კიდეც, კახელი ვარ, არაფერი მომივა- მეთქი.
სამწუხაროდ, კოვიდით უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. უმძიმესი სტატისტიკაა, ამის მოსმენაც კი რთულია, ამიტომ გვირჩევენ, ავიცრათ, რადგან აცრა სიკვდილისგან იხსნის კოვიდინფიცირებულ ადამიანს. დაფიქრდით, ადამიანებო. ვურჩევ ყველას, ეს ნაბიჯი გადადგას და აიცრას.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები