საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ხელბურთელი ტიტე კალანდაძე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ყველა აიცრას.
ვეტერანი სპორტსმენი სრულად ვაქცინირებულია და აცხადებს, რომ ადამიანები მეცნიერებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა ენდონ და ვაცქინაციის პროცესში ჩაერთონ.
„ჩემთვის ძალიან ელემენტარულია ეს საკითხი, რომ თუ გვინდა, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ – ყველა უნდა აიცრას. სრულად ვაქცინირებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შიშიც არ მქონია, მანამდე გადავიტანე კორონავირუსი – ძალიან მსუბუქ ფორმებში.
მე ვფიქრობ, რომ უნდა ავიცრათ, რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
ისეთი ინფორმაციები ვრცელდება, რომ რეანიმაციაში ვინც წევს, 95 პროცენტი აუცრელია. აქედან გამომდინარე, ისიც გავითვალისწინოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მეცნიერება უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ელემენტარულად, ვენდოთ მეცნიერებს და ექიმებს, მათ თუ არ ვენდეთ, მაშინ წავიდეთ ყველა სადმე მთაში, ტყეში.
სპორტს რაც შეეხება, რომ არ შეფერხდეს, განვითარება აუცილებელია. მსოფლიოს მეცნიერები ამბობენ, ჯანდაცვის ორგანიზაციები ამბობენ, რომ უნდა ავიცრათ. ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც მოწინავე გუნდების მოთამაშეები აცრილები არიან. ჩემი შვილებიც ევროპაში თამაშობენ და ორივე აცრილია. თუ არ აიცრები, ვერ ითამაშებ. მაშინ ყველაფერს უნდა ჩამოვცილდეთ, ყველაფერზე უარი ვთქვათ. თუ გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ის, რაც გვიყვარს, მაშინ უნდა ავიცრათ. მით უმეტეს, სტატისტიკური მონაცემები არსებობს, რომ თითქოს აცრა 99 პროცენტს შველის და რატომაც არა – უარს რატომ ვამბობთ ამაზე, მე არ მესმის”,- აღნიშნავს კალანდაძე.
ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელის თქმით, საზოგადოებას ვაქცინაციას ვერ დაავალდებულებს და აიძულებს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი პირადი მაგალითი საუკეთესო მოწოდებაა.
„მე აცრას ვერავის დავავალდებულებ. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ვსაუბრობ. ოჯახში ყველა აცრილი ვართ, დედაჩემიც, რომელიც 85 წლის არის, აცრილია და ძალიან თავისუფლად გადაიტანა ვირუსი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრებას და ყოველ წუთს ტელევიზიით თუ სხვა საშუალებით აღარ გვესმოდეს სიტყვა „კორონა”,- ამბობს ტიტე კალანდაძე.