ირმა ცქიტიშვილი – „შედით კოვიდპაციენტებთან პალატებში და გაამხნევეთ, მოუყევით, რა კარგია, რომ აცრა არ გაიკეთეს, რა კარგია, რომ სიკვდილი დასტრიალებთ თავზე და ჯოჯოხეთში არიან“
„აცრაა ფაშიზმი თუ – აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები? 82 წლის ასაკში, უმძიმესი ანამნეზით, ჩემმა მშობლებმა კოვიდი დაამარცხეს, 68 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი კი აუცრელობამ შეიწირა“, – მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ირმა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში აცრის მოწინააღმდეგეებს პასუხობს და ვაქცინაციის აუცილებლობაზე წერს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსს 70-80 ადამიანი ეწირება, როგორ უნდა მისცე თავს უფლება, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრება სხვას მოახვიო თავს.
„დღეს უკარგესი ადამიანის დედა დაასაფლავეს. 68 წლის ასაკში გარდაიცვალა კოვიდით, აცრილი არ იყო, რადგან ანტივაქსერების რჩევებისა და პროპაგანდის მსხვერპლი გახლდათ!
აქ კი წერენ – შეაჩერეთ „კოვიდფაშიზმიო“!
მიგზავნიან საშინელ ვიდეოებს და სულელურ სტატიებს!
რას ნიშნავს ეს? აცრაა ფაშიზმი თუ აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები?
დღეში 70-80 ადამიანს ვკარგავთ! როგორ უნდა მისცე თავს უფლება, რომ ამ ფონზე ვინმეს აცრის საწინააღმდეგო მოსაზრება მოახვიო თავს ან გააპროტესტო არსებული რეგულაციები?
თუ დაგითვლიათ, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ თქვენმა აცრის საწინააღმდეგო აგიტაციამ?!
ერთი თვე რომ კლინიკაში დედის და მამის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი, რომელი თქვენგანი დამეხმარა?
ისევ ექიმებმა მიშველეს და დროულად ჩატარებულმა აცრამ! 82 წლის ასაკში, უმძიმესი ანამნეზით, ჩემმა მშობლებმა კოვიდი დაამარცხეს, 68 წლის ჯან-ღონით სავსე ქალი კი აუცრელობამ შეიწირა!
რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ და თქვენს უგულო მოწოდებებს და არა ექიმებს, რომლებიც 24 საათი იბრძვიან ჩვენი ახლობლების გადასარჩენად!
რომელიმე , ამ „კოვიდფაშიზმთან მებრძოლი“, თუ შესულხართ კლინიკაში და გინახავთ, როგორ იხრჩობა ხალხი, როგორ იხვეწებიან, რომ გადაარჩინონ, ან როგორ ნანობენ აუცრელობას!
მიდით, შედით და გაამხნევეთ! კიდევ ერთხელ მოუყევით, რა კარგია, რომ აცრა არ გაიკეთეს! რა კარგია, რომ სიკვდილი დასტრიალებთ თავზე და ჯოჯოხეთში არიან!
ვერ გაბედავთ ამის გაკეთებას!
არასდროს არ ვიქნები სიკვდილის და სიბნელის მხარეს! მხოლოდ სიცოცხლე და ბოროტებაზე გამარჯვებაა ის ადგილი, სადაც მე ვდგავარ“!, – წერს ცქიტიშვილი.