ლელა ჯავახიშვილი: „ვაქცინაცია – ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად”

„პირველად რომ შემოვიდა ვაქცინები საქართველოში, მაშინვე ავიცერი „სინოფარმით” . ახლა უკვე „ბუსტერის” გაკეთებას ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, რაც მთავარია, ამდენი ადამიანი იღუპება და უწინარესად – ამის შესაჩერებლად“, – ამბობს საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრი, დიდოსტატი ლელა ჯავახიშვილი.

მოჭადრაკე ვაქცინაციის დაბალ ტემპს საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს. აღნიშნავს, რომ ე.წ. ანტივაქსერები აბსურდულ თეორიებს აყალიბებენ. ლელა ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ერთადერთი იარაღია პანდემიის შესაჩერებლად და რაც მთავარია, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა აიცრას მოსახლეობის დიდი ნაწილი, რათა ვირუსმა მუტაცია ვეღარ შეძლოს.

„როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, შესაძლოა 100%-ით ვერა, მაგრამ აცრა ძალიან დიდი პროცენტით იცავს ადამიანს სიკვდილისგან.
ჩემთვის გაუგებარია, რამ შეიძლება შეაფერხოს ადამიანი, რომ აცრა არ გაიკეთოს. პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ – ერთ მხარეს ძალიან ბევრ გარდაცვლილს და მეორე მხარეს -შესაძლებლობას, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი არ იცრება.

პანდემიის გამო ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა სპორტულ კარიერაში. თითქმის ორი წელი დაიკარგა. ახლაც კალენდრები შედგენილია, მაგრამ ყველა კალენდარს აწერია, რომ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. პანდემიამ ძალიან დიდი ზარალი მოუტანა სპორტსმენებს და, ზოგადად, მთელ მსოფლიოს.

მესმის იმ ხალხის, ვინც ორჭოფობს აცრაზე, მეც მეშინოდა და შეუძლებელია, ადამიანს არ შეგეშინდეს თუნდაც იმ აცრის, რომელიც, როგორც ვამბობთ, გამოცდილი არ არის. ჯერ ერთი, „ფაიზერი” დიდი ხანია ამ ტიპის ვირუსებზე მუშაობს. და მეორე, რაც ახლა ხდება, ჩვენ ვადარებთ ამას, დავუშვათ, რა მოგვივა რამდენიმე წლის მერე, რაც არალოგიკურია.
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ახლა გვაქვს იმხელა საფრთხე, რომ რა მოგვივა 10 წლის მერე, ამაზე ფიქრი არაადეკვატურია. მესმის, ვისაც ეშინია, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, ანტივაქსერები, რომელთა ნაწილსაც ეს საკითხი რელიგიურ ფანატიზმში გადაჰყავს და რაღაც ჩიპებს უკავშირებს. რეალურად, ელემენტარულად, ბიბლია ან „ახალი აღთქმა“ რომ ჰქონდეთ წაკითხული, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს „მხეცის ნიშანი“ თუ ჩიპით ადამიანის დანიშვნა მოხდება მისი თანხმობით და მათ ეცოდინებათ, რომ ეს არის „მხეცის ნიშანი“ და ეს დაფარული არ იქნება.

ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვაქცინაციის გარდა სხვა საშუალება არ გვაქვს პანდემიის შესაჩერებლად, თანაც ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. როცა ვუტევთ ამ ბაქტერიას, ის ცოცხალი ორგანიზმია, განიცდის მუტაციას და ცდილობს თავის გადარჩენას. ამიტომ ეძებს ისეთ სხეულს, რომელიც არ არის ვაქცინირებული და იქ განიცდის მუტაციას. ვირუსის ახალი მუტირებული ვარიანტებიც იმიტომ გაჩნდა, რომ მთელი მსოფლიო ვაქცინირებული არ არის და ეს უფრო საშიშს ხდის სიტუაციას. შემდეგ შეიძლება დაავადებამ ისეთი მუტაცია განიცადოს, რომ კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოიტანოს. ძალიან საშიშ ეპოქაში ვცხოვრობთ და თუ გავიაზრებთ ამას, რაც შეიძლება მალე და რაღაცნაირად ვუშველით, კარგი იქნება”,- ამბობს ლელა ჯავახიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები