“სამშობლოს სიყვარული ის ჰგონიათ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან, რუსეთსა და პუტინს აგინებენ”

“ყველაფერზე დედა უფრო ზრუნავდა, მამა მოუცლელი იყო და თანაც, ადრე გარდაიცვალა – 14 წლის ვიყავი მაშინ”

ანსამბლი “ფორტე” ზაფხულიდან მოყოლებული, საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სოფლებში კონცერტებს მართავს. საზღვრისპირა სოფლების მონახულება და იქაურების გაცნობა ემოციურიც იყო და მტკივნეულიც. ამის შესახებ მომღერალი ზურა მანჯავიძე გვიამბობს. ყველა სხვა კითხვაზეც გულახდილად გვიპასუხა და როგორც საუბრის დასასრულს თქვა, ამ გამონათქვამებმა ფილოსოფოსობის ხასიათზე დააყენა.

– “მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ”
(ვოლტერი).
– საინტერესო გამონათქვამია, ირონიაშეპარული. მეცნიერების აღმოჩენა არც სჭირდება, ისედაც კარგად ჩანს ადამიანის შინაგანი სამყარო – ზოგი ადამიანობას ინარჩუნებს ბოლომდე, ზოგი თავიდანვე არაადამიანია და რაც უნდა მოხდეს, მაინც ადამიანის მაგვარ არსებად დარჩება.

– “აუცილებელი არ არის, ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა, პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს (ჟან-ჟაკ რუსო)”
– ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ აღზრდას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხასიათთან ერთად. აკაკის რომ დავესესხო, “თუ ბუნებამც არ უშველა”, ვერც აღზრდა და ვერც გარემო სწორად ვერ ჩამოაყალიბებს ბავშვს. სიყვარულის გარდა, მშობლები მასწავლიდნენ პატივისცემას უფროსებისა და ქალების მიმართ, რომ არავინ არ უნდა დამეჩაგრა და პირიქით, დაჩაგრული უნდა დამეცვა. ერთგულებას, ბრძოლისუნარიანობასაც მასწავლიდნენ – ამ ყველაფერზე დედა უფრო ზრუნავდა, მამა მოუცლელი იყო და თანაც, ადრე გარდაიცვალა – 14 წლის ვიყავი მაშინ. ფიზიკური შრომის ყადრი სწორედ მან გვასწავლა. ბებია-ბაბუების ფაქტორიც ძალიან დიდია.

– “კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება” (მარკ ტვენი).
– ოჯახიც რომ დაამატოს მარკ ტვენმა, ურიგო არ იქნება. ეს 3 რამ ნამდვილად კარგია, მაგრამ იდეალური ცხოვრებისთვის აუცილებელია კარგი ოჯახიც, პროფესიაც, რომელიც გიყვარს და ანაზღაურებადიც არის. და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლო – ეს კარგი მეგობრებიც, შესანიშნავი წიგნებიცა და სუფთა სინდისიც სამშობლოს ცნებაში ერთიანდება.

– “ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავს მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან” (ნოდარ დუმბაძე).
– “სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”, – ამაზე უკეთესად მე ვერ ვიტყვი. ხშირად მესმის, რომ “სამშობლოს”, “პატრიოტიზმის” ცნებამ დაკარგა ხიბლი, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. პატრიოტიზმსა და “ურაპატრიოტიზმს” შორის ხალხი განსხვავებას ვერ ხედავს. სამშობლოს სიყვარული ის ჰგონიათ, ქუჩაში რომ გამოვარდებიან, რუსეთსა და პუტინს აგინებენ. ასე არ არის, სამშობლოს სიყვარული უფრო ღრმაა – ყოველდღიური საქმიანობაა, ბუნების, ისტორიული ძეგლების მოფრთხილებაა, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და შენი საქმის კარგად კეთება, თავდადებაა. თავდადებაში ყოველდღიურად ხმლით ხელში ბრძოლას კი არ ვგულისხმობ, არამედ – თავდაუზოგავ მუშაობას ქვეყნის სასიკეთოდ.

კულტურის სამინისტროს და ხაშურის, კასპის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით, ზაფხულიდან მოყოლებული, საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სოფლებში კონცერტებს ვატარებთ. ემოციური იყო თითოეული იქ გატარებული დღე ჩვენთვისაც და იქაურებისთვისაც, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. უკვე 8 კონცერტი ჩავატარეთ, ორიღა დაგვრჩა. ულამაზესი სოფლებია, ბარაქიანი და უხვი, როგორც მიწით, ხეხილით, ასევე – კეთილმოსურნე და მშრომელი ხალხით, მიჯაჭვულები რომ არიან მიწას. ვერანაირი ძალა ვერ აიძულებთ იმ მიწის მიტოვებას. გმირობის ტოლფასია იქ ცხოვრება, თუნდაც ერთი ღამის გათენებაც კი. თქვენ არ იცით, როგორ შრომობს ხალხი დილიდან საღამომდე. გამთენიისას გადიან მინდვრებში და გვიან ბრუნდებიან. აი, სწორედ ეს არის პატრიოტიზმი ჩემთვის, ხალხი თავის მიწა-წყალს რომ არ ტოვებს, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ და ერთს არ დაიწუწუნებენ!

– “დღეს ჩემი ქვეყანა ჰგავს პატარა საგიჟეს, რომელსაც ექიმი ესაჭიროება, მაგრამ ამ ექიმებს თვითონ ესაჭიროებათ ექიმი და აღარ ვიცი, რა ვუშველო ჩემს საბრალო ხალხს” (მიხეილ ჯავახიშვილი).
– ზუსტად ასეა და შემიძლია ზუსტად გითხრათ პროცენტული მაჩვენებლებიც, რამდენი ადამიანია დაავადებული… რთული საკითხია, ხშირად ვკითხულობთ, რა გვეშველება? მაინც იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ და გონებას გაგვინათებს, თორემ ჩვენი თავი რომ მივუშვათ, კარგს არაფერს დავმართებთ არც ქვეყანას და არც საკუთარ თავს. იმედია, ყველაფერი დალაგდება. ამის იმედს მაძლევს ისიც, რომ უმეტესობა საღად აზროვნებს, საბედნიეროდ.

– “კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე… მაგრამ იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არაა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო” (ოტია იოსელიანი).
– დღევანდელობას ასე ზუსტად არაფერი ესადაგება. სამწუხაროდ ან თავს იტყუებენ, ან ხელს აძლევთ და ამიტომ იქცევიან ასე.

– “ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არ იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს ჰპატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება – ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია” (მარკუს ავრელიუსი).
– არის მეორე ვარიანტიც – აპატიე და აღარ გაეკარო, მაგალითად, აპატიე და გყავდეს ციხეში. შენ შეიძლება აპატიო კიდეც, მაგრამ ეს სასჯელისგან არავის ათავისუფლებს. არის რაღაცები, რაც დამვიწყებია, მაგრამ რაღაც მომენტში ამოტივტივებულა გონებაში და ტკივილი განახლებულა. შეიძლება, სიტყვით ვთქვა, მაგრამ შინაგანად ვერ შევძლო პატიება, გააჩნია ხარისხსაც – შეცდომა სხვაა, ცუდი საქციელი – სხვა, ღალატი კიდევ – სხვა. გულისტკენა, იცოცხლეთ, ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ღალატი, საბედნიეროდ, არ გამომიცდია.

– “ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა – ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული, მეგობრობა კი – არა” (ოსკარ უაილდი).
– ვერ მოვასწარი მაგ კაცის გაცნობა, თორემ საპირისპიროს დავუმტკიცებდი. არის ქალისა და კაცის საუკეთესო მეგობრობის შემთხვევები და ამისთვის ჩემი ანსამბლის გოგოების დასახელებაც საკმარისი იქნება. ძალიან უბედურად გაუტარებია თავისი ცხოვრება ოსკარს, ვნებასა და მტრობაში. არც უმაგისობაა, მაგრამ არსებობს საპირისპირო მაგალითებიც, ხშირად იმაზე უფრო დიდი და სუფთა მეგობრობაც იციან, ვიდრე ქალებს ან კაცებს შორისაა.

– “თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას” (ხალხური).
– ალბათ ასეა. ძალადობა არის ყველაზე მდაბიო საქციელი, მდაბალი სულის ადამიანებს შეუძლიათ ასე მოქცევა. რამდენად უსუსური უნდა იყო, რომ შენზე სუსტზე, გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი, იძალადო. ეს არის სისუსტის გამოხატულება და არანაირი გამართლება არა აქვს.

– “ლამაზი ქალი მოსწონს თვალს, კეთილი – გულს. პირველი ლამაზი ნივთია, მეორე კი – სიმდიდრე” (ნაპოლეონ ბონაპარტი).
– მე ერთობლიობაში მომწონს ეს ამბავი – იყოს ლამაზიც და კეთილიც, ერთი მეორეს ხელს ხომ არ უშლის?

– “ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება” (ერიხ მარია რემარკი).
– კი ბატონო, ასეა და სამყაროც მშვენიერი ხდება. მე ვიტყოდი, ქალბატონები უფრო სუსტდებიან ემოციურად და მამაკაცები ერთმნიშვნელოვნად შტერდებიან. ეს საკამათო თემა არ არის. მეც ზუსტად ასეთი ვიყავი შეყვარებულობის დროს (იცინის).

– “ადამი პირველი იღბლიანი მამაკაცი იყო, რადგან სიდედრი არ ჰყავდა” (ებრაული ანდაზა).
– მახვილგონივრული გამოთქმაა, ვისიაო, რა მითხარით?.. მე და ჩემი სიდედრი ძალიან შეხუმრებულები ვიყავით, არ სწყინდა ხოლმე. ბევრს ვიცნობ, სიდედრებთან კარგი ურთიერთობა რომ აქვთ და სიდედრებსაც რომ უყვართ სიძეები. მაგალითად, ჩემი მეგობრის სიდედრს ტელეფონის ეკრანზე სიძის ფოტო აქვს. მეც ძალიან მიყვარდა სიდედრი, მასაც ვუყვარდი. ტელეფონს ვერ აუღო ალღო, თორემ მასაც ჩემი ფოტო ექნებოდა ეკრანზე. ერთი რამ გამახსენდა, მონათლული არ იყო და ჩემი მოძღვრისთვის უკითხავს, ზურამ რომ მომნათლოს, არ შეიძლებაო? მოძღვარმა უპასუხა, – ამდენი ხანია, მღვდელი ვარ და ასეთი რამ არავის უკითხავსო.

– “საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია” (სოფოკლე).
– ასეა და თანაც, ასეთები ბევრნი არიან, თუნდაც ჩემს სფეროში – ერთ სიმღერას ჩაწერენ და უკვე ჯექსონი ჰგონიათ თავი. რატომ უჩნდებათ ამხელა ამბიცია, არ მესმის. მართლა ვინც რამეს წარმოადგენს, ის უფრო თავშეკავებულია. ცარიელ კვახს რომ უფრო დიდი ხმა აქვს, ეგ ამბავია. ქართველები საერთოდ, ამბიციური ხალხი ვართ და ეს კარგია სტიმულისთვის, საქმის საკეთებლად, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, დიდი დოზით მიღებული წამალიც კი მოგწამლავს.

– “შურიანები კვდებიან, მაგრამ შური – არასოდეს” (მოლიერი).
– როგორც ადამიანის სხვა ნაკლოვანებები არ კვდება, ასეა შურიც, თუმცა აქაც არის განსხვავებები. მე იმ ადამიანების მშურს, რომლებიც როიალზე კარგად უკრავენ; მხატვრებისაც მშურს, რადგან მეც ძალიან მინდა ვხატავდე. მაღალი ხალხისაც მშურს, კალათბურთს კარგად ვთამაშობდი, მაგრამ სიმაღლემ ხელი არ შემიწყო და ამიტომ…

– “მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში” (შექსპირი).
– ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომ რაღაცის შიში არ ჰქონდეს. ზოგს კალიის ეშინია, ზოგს – ობობის და ზოგს – გველის. საბოლოო ჯამში, ყველა შიში სიკვდილის შიშს უკავშირდება, გააჩნია, ეს შიში რას გაგაკეთებინებს.

– “რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს” (გოდერძი ჩოხელი).
– სიცოცხლე ალბათ სიკვდილიდან გაქცევის მარადიული პროცესია… ჩაიწერეთ ეს სიტყვები, ხომ გითხარით, ფილოსოფოსობის ხასიათზე დამაყენა-მეთქი ამ გამონათქვამებმა. ხუმრობის გარეშე კი ვიტყვი, რომ სიცოცხლე ყოველთვის გამარჯვებულია – რაც უნდა მოხდეს, სიცოცხლის პროცესი მაინც გრძელდება და ამიტომ. რაც მთავარია, ადამიანმა მუდმივად სიკვდილის შიშში არ უნდა გაატარო დრო და ისე უნდა გამოიყენო, რომ დატოვო შენი სახელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში!

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები