უქმნის თუ არა მოზარდებს საფრთხეს ეპილაცია და რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული – დერმატო-ვენეროლოგის რჩევები
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სახიდან და სხეულიდან არასასურველი თმის მოცილებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. ეპილაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და მოზარდებისთვის ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ბევრ მათგანს თმიანობა დისკომფორტს უქმნის, მშობელთა ნაწილი კი თავს იკავებს, რადგან ეპილაციის მეთოდების უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ არიან. სინამდვილეში, უქმნის თუ არა მოზარდებს საფრთხეს ეპილაცია და რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, FIFA-ს სერთიფიცირებული სპორტული ექიმი, ზაზა თელია გვესაუბრება:
– 11-12 წლის ასაკიდან ეპილაციის გაკეთება შესაძლებელია და სრულიად უსაფრთხოა მოზარდებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში ბავშვებს თმიანობა განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის და დამატებითი
ფსიქოლოგიური სტრესია. ამიტომ, მათთან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. დავაკვირდეთ, როგორია ფსიქოლოგიური განწყობა. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვი განიცდის, რცხვენია, რა თქმა უნდა, ეპილაციის სხვადასხვა მეთოდს უნდა მივმართოთ და თავიდან ავარიდოთ დისკომფორტი. ასევე, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ეპილაციის შემდეგ უფრო მეტი და მუქი ფერის თმა ამოდის, მითია. სამეცნიერო მტკიცებულება ფაქტის შესახებ, არ არსებობს.
– ეპილაციის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. მათგან რომელია ყველაზე პოპულარული და რა უნდა გაითვალისწინონ გამოყენებამდე?
– ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ლაზერული ეპილაციის გაკეთება თმის სრულ გაქრობას არ გულისხმობს. ის უბრალოდ ამცირებს თმის ამოსვლას. ასევე, ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა დავიცვათ გარკვეული პერიოდულობა, თუ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს. ლაზერული
ეპილაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყველაზე პოპულარული ალექსანდრიტისა და დიოდის ლაზერია. თუმცა, ორივეს განსხვავებული სიხშირის ტალღა აქვს. ნაკლებად ცნობილია იაგ ნეოდიუმი, რომელიც უფრო გრძელტალღოვანია, ვიდრე ალექსანდრიტი და დიოდი და მუქი ფერის კანზეა მისი გამოყენება რეკომენდებული. უფრო უსაფრთხოა, რადგან მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს შედარებით მაღალი რისკი აქვთ, რომ ლაზერული ეპილაციის შემდეგ გარკვეული გვერდითი ეფექტები განუვითარდეთ. მაგალითად, როგორებიცაა ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქები. ვისაც თეთრი ფერის კანი აქვს, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ მეთოდს მიმართონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტური არის ადამიანებში, რომლებსაც თეთრი ფერის კანი და მუქი ფერის თმა აქვთ, იმიტომ, რომ ლაზერი თმის პიგმენტს, მელანინს იჭერს. ასევე, ქერა ტიპისა და თეთრი თმის ლაზერული ეპილაცია არ არის ეფექტური იმიტომ, რომ ლაზერი ვერ აღიქვამს და შესაბამისად, არც სასურველი შედეგი გვაქვს. ლაზერული ეპილაციის გაკეთება მოზარდებში უსაფრთხოა. ამის გარდა, არსებობს ნემსით ეპილაციაც, თუმცა, გაცილებით მტკივნეული მეთოდია და აღნიშნულ ასაკში არ მიმართავენ ხოლმე.
– რამდენად უსაფრთხო და რეკომენდებულია ცვილით ეპილაცია მოზარდებში?
– ცვილით ეპილაციაც ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია. უსაფრთხოა მოზარდებისთვისაც, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ცვილით ეპილაციის გაკეთებამდე, აუცილებლად თბილი წლით უნდა დაიტენიანონ კანი. ეპილაციის შემდეგ კი ასევე თბილი წყლით დაბანა და დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, რომ კანის გაღიზიანება თავიდან ავირიდოთ. ყველაზე ეფექტურია მინერალური ზეთის, თეთრი ვაზელინის ან სხვა ისეთი ტიპის დამატენიანებლის გამოყენება, რომელიც პარფიუმს არ შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი აღნიშნულ რეკომენდაციებს მიმართავს, კანზე გარკვეული გვერდითი ეფექტები მაინც უვითარდებათ და სხვა ტიპის ეპილაციას უნდა მიმართონ.
– პოპულარულია დეპილაციის კრემის გამოყენებაც. მოზარდებისთვის უსაფრთხოა?
– დიახ, უსაფრთხოა და შეუძლიათ გამოიყენონ.
– ვიდრე ეპილაციას მიმართავენ, ალერგიული სინჯის აღება ხომ არ არის წინასწარ აუცილებელი?
-არა, თმის ეპილაციისთვის ალერგიული სინჯის აღება საჭირო არ არის.
წყარო: www.mshoblebi.ge