მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა “სიკვდილზე გამარჯვებული” შეარქვეს, საცოლეს – რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა. შედეგად, დადებითი პასუხი მიიღო.
ქართველი სამხედრო, უფროსი ლეიტენანტი – ივერი ბუაძე საკუთარ შემთხვევას იხსენებს.
”ყველაფერი წამებში მოხდა, დაყვირებაც ვერ მოვასწარი, როცა ნაღმი აფეთქდა… რადგანაც ჩემი ჯარისკაცის წინ ვიდექი, პირველი ძლიერი დარტყმა მე მივიღე, შედარებით მსუბუქად ჩემი ჯარისკაცები დაშავდნენ, ხოლო ამერიკელმა სამხედრომ, ძლიერი წნევის შედეგად, მარჯვენა ფილტვი დაკარგა.
დამიზიანდა თავის ქალა, ტვინი, მარჯვენა თვალი, მარჯვენა ხელი, ფეხი დავკარგე. ჩავვარდი კომატოზურ მდგომარეობაში. ამ აფეთქებას ემსხვერპლა ავღანელი ჯარისკაცი, ის ყველაზე ახლოს იდგა თვითმკვლელ ტერორისტთან.
საუბედუროდ, თვითვმკლელ ტერორისტს ჰქონდა 10 სხვადასხვა დაავადება. ეს იყო ტიფი, სოკო, მალარია და ვენერიული დაავადებები. აფეთქების შედეგად, მისი სხეულის ნაწილებმა, მათ შორის, ძვლებმა ანასხლეტის სახით შეაღწია ჩემს ორგანიზმში და ყველაფერი გადამედო. ეს დაავადებები რამდენიმე დღეში გამომივლინდა.
დავამარცხე თვითვმკლელი ტერორისტისგან გადადებული დაავადებებიც. ერთადერთი პრობლემა, რაც მაქვს, არის პოსტტრავმული ეპილეფსია, რომელსაც ახლა ვებრძვი. ამ ყველაფრის გამო, ამერიკელმა ექიმებმა “სიკვდილზე გამარჯვებული” შემარქვეს”.