ჯადოების, შელოცვების, ავი თვალის ბევრს სჯერა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის რელიგიური ხალხიც, ამას ცრურწმენას უწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ნაკლებად მისდიონ მსგავს რამეებს.
თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო მკითხავები, ჯადოქრები თუ მაგები მომრავლდნენ და ათასგვარი ჯადოს გაკეთებაზე თუ პირიქით, ჯადოს მოხსნაზე მუშაობენ. ასე რომ, ეს მასალა მათთვისაა, ვისაც ჯადოების სჯერა.
თურმე, ფოტოსურათები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, რადგან ეს სულაც არ ყოფილა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, არამედ მასზე თქვენ შესახებ ინფორმაცია და თქვენი ენერგეტიკაა აღბეჭდილი, რაც შეიძლება არაკეთილისმსურველმა გამოიყენოს. ხანდახან ერთადერთ ფოტოს მთელი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.
ავი თვალი და ფოტო
გარკვეული პერიოდის წინ მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ახალგამოჩეკილი ოთხი წიწილა ფოტოზე აღბეჭდეს, მერე კი საგანგებო ნიშნები გაუკეთეს ზურგებზე, რომ მოგვიანებით ერთმანეთისგან განესხვავებინათ. ამის შემდეგ სამი წიწილის ფოტო გვერდზე გადადეს, მეოთხესი კი გაამრავლეს და ნაცნობ-მეგობრებს დაურიგეს.
ფოტოსთან ერთად ნაცნობები დაარიგეს: თუ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა ექნებოდათ ან უბრალოდ მოწყენილები იქნებოდნენ, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ფოტოზე გამოსახულ ყვითელ არსებას და ფიქრებით ეცადათ, ამ წიწილისგან აეღოთ ძალები.
შედეგად, ექსპერიმენტის „მსხვერპლად“ ქცეული წიწილა ყველას თვალწინ შეიცვალა. ცუდად ვითარდებოდა, სხვებს ჩამორჩებოდა, ბოლოს ძალიან მოდუნდა, ნაკლებს მოძრაობდა და ცოტა ხანში მოკვდა კიდეც.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ექსპერიმენტი შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის მეშვეობით ენერგეტიკული პოტენციალის გარღვევა და გამოწოვა. ექსტრასენსთა აზრით კი, ფოტოს „გათვალვა“ ძალიან იოლია. ძირითადად, გათვალვა შეუძლია შურიან ან გაბრაზებულ ადამიანს. თქვენი ფოტო რომ დაიცვათ, მასზე რაიმე წარწერა გააკეთეთ.
თუ ფოტოს საჩუქრად აძლევთ, წააწერეთ რაღაც ასეთი: „სამუდამო მეგობრობის ნიშნად“ ან სხვა. ეს დაგეხმარებათ გათვალვის თავიდან აცილებაში. თუმცა არა ჯადოს მოცილებაში.
ჩვეულებრივ ადამიანს ხომ ქვეცნობიერად, უნებურადაც შეუძლია გათვალვა ან დაწყევლაც კი, ჯადოს გაკეთება კი მხოლოდ მაგებს ხელეწიფებიათ, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან ბედის განვითარების წესებში. რაც უფრო სუსტია ადამიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, მით უფრო იოლია მისი მოჯადოება და მით უფრო დრამატული იქნება მასზე შელოცვის მოქმედება.
თურმე, ფოტოსურათზე გაკეთებული ჯადო ადამიანის აურაში გადადის, რადგან ადამიანსა და მის ფოტოს შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი არსებობს. ნურასდროს ნუ გადააგდებთ ფოტოებს, მით უმეტეს, სახლის გარეთ. ალბომებში ან კოლოფებში შეინახეთ. ნუ აჩუქებთ ფოტოს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და ნურც ყოფილ ცოლებსა და ქმრებსა დაუტოვებთ. თქვენ ხომ არ იცით, როგორი პარტნიორები ეყოლებათ მათ მომავალში და რამდენად ეჭვიანები იქნებიან ისინი.
სხვადახსვა სახის ჯადო
ჯადო მრავალგვარი არსებობს. მაგალითად, თქვენი ნებისყოფის შესამცირებელი და სხვისი ბრძანების შესასრულებელი – ეს ჯადო ქარზე, მტვერზე კეთდება. არის ჯადო უნაყოფობაზე, იმპოტენციაზე. ბევრს გაუგია ათასგვარი ჯადოები ცვილის ფიგურებით, დახოცილი ცხოველებით თუ დამპალი მცენარეულობით.
როცა ზღურბლზე ნაგავი ყრია, არასდროს არის ეს კარგი. ხშირად ზღურბლზე მზესუმზირას ყრიან, რომ ოჯახში უფულობა შეიტანონ. რგოლად შეკრული თოკები და ძაფები – სიმსივნეებისა და მამაკაცური იმპოტენციის მომტანია, ბუმბულები, ბეჭდები – მარტოობაზე გაკეთებული ჯადოა. რასაც კარის ზღურბლზე ყრიან, ყველაფერი შეიძლება ჯადოდ იქცეს პატრონის უყურადღებობის შედეგად. ამიტომ, არასდროს აიღოთ არაფერი, ძალიან ძვირფასიც კი, რაც თქვენს კართან გარეთ დევს. ჯობია, ჯოხით ან ტოტით გადააგდოთ სახლიდან შორს. თუ საშუალება გაქვთ, კვალი წყლითაც მოასუფთავეთ. ასევე არ არის სასურველი გზაჯვარედინზე რაიმეს აღება. ესეც შეიძლება იყოს ჯადო, რომელიც თქვენზე გადმოვა.
ჯადო ტელეფონით?
ხანდახან ადამიანს კენტი რიცხვის ყვავილებისგან შემდგარ თაიგულს შეგნებულად ჩუქნიან, თანაც, წვრილ ყვავილებს ირჩევენ, რომ ეს თვალში მოსახვედრი არ იყოს; თუ სახლში ბეწვის ქულა იპოვეთ, არადა, შინაური ცხოველები არ გყავთ, ე.ი. ვიღაცა თქვენს ოჯახში უსიამოვნების შეტანას ცდილობს. ასევე ტოვებენ კარის წინ ცარიელ ბოთლებს – ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის უფროსს ალკოჰოლისკენ უბიძგებენ. თუ მოულოდნელად გაქრა ფოტო ან უცებ იპოვეთ დახეული, ან სხვა ფოტოსთან მიწებებული, ესეც ჯადოს ნიშანია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – არ ღირს თურმე ალვის ხესთან და იფანთან ფოტოს გადაღება, რადგან ეს ხეები ენერგიას აცლიან. ფოტოებისთვის საუკეთესო ხეებია არყი, ალუბალი, ასევე სხვა ნაყოფიერი ხეები, რადგან მათი ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს.
სხვათა შორის, თურმე ჯადოს გაკეთება ტელეფონითაც შეიძლება. მაგალითად, როცა ზარი ირეკება, ყურმილს იღებთ და არავინ გპასუხობთ. ასეთ დროსაც შეიძლება სადენის მეორე მხარეს ვიღაც შელოცვას ბუტბუტებდეს. ამიტომ, თუ ტელეფონში სიჩუმეა, მაშინვე დაკიდეთ ყურმილი.