როგორ მოვანატროთ თავი მამაკაცს

ადამიანის მართვა იოლი არა, თუმცა შესაძლებელია. გონიერი ქალები ამას ისე ოსტატურად ახერხებენ, რომ მამაკაცები ვერ კი ხვდებიან როდის ექცევიან ზეგავლენის ქვეშ. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოანატროთ თავი პარტნიორს:

ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მამაკაცს განშორების სურვილი არ გაუჩნდეს.

ამისთვის საჭიროა, იდეალურ ქალად გარდაისახოთ – ეცადეთ, ყოველთვის მხიარულ განწყობაზე იყოთ და კარგად გამოიყურებოდეთ. უნდა შეგეძლოთ დიალოგისთვის საინტერესო თემის შერჩევა, შეკითხვების დასმა, მოსმენა. დაინტერესდით თქვენი პარტნიორის საქმიანობით, განვლილი დღით, მიღწეული წარმატებებითა და განცდილი უსიამოვნებებით. მიეცით თავს უფლება ურჩიოთ, ან კორექტულად მიანიშნოთ თქვენთვის მიუღებელ თემებზე. ხშირად აღფრთოვანდით მისით, შეაქეთ – მამაკაცებს უყვართ ეს. ამასთან, პერიოდულად საკუთარი თავიც გაიხსენეთ – ზომიერად, მაგრამ ხშირად ისაუბრეთ თქვენივე მიღწევებზე. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე აღნიშნეთ, თუ როგორი მიზანსწრაფული და პერსპექტიული ხართ ცხოვრებაში, დაე დაიჯეროს…ზოგჯერ მსუბუქი ფლირტიც არ გაწყენთ, მცირე ეჭვიანობა ნებისმიერ ურთიერთობას უხდება.

იმისთვის, რომ შეყვარებულს მოენატროთ, ყველაზე კარგი ხერხი დისტანციის დაცვაა. მოიფიქრეთ დამაჯერებელი მიზეზი და აიღეთ ტაიმ-აუტი ურთიერთობაში, თუმცა ამ საქმეში გარაჭარბება არ ივარგებს. განშორება ხანგრძლივი არ უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ზარებს, მაგრამ როცა საქმე ესემესებს და ონლაინ მიმოწერებს ეხება, აქ სხარტი პასუხებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. მართალია, მოლოდინი დამღლელია, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის ერთგვარი მიჯაჭვულობის განცდას, რაც, საბოლოო ჯამში, გრძნობებს ამყარებს.

თქვენთან შეხვედრის მოლოდინი გაუმძაფრდება პარტნიორს, თუ რომანტიულ ვახშამს დაგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ძილის წინ, ტელეფონში ჩაჩურჩულოთ. არ დაგავიწყდეთ, თითქოსდა შემთხვევით წამოგცდეთ ფრაზა, რომ ახალი სექსუალური თეთრეული შეიძინეთ და მან ეს აუცილებლად უნდა ნახოს…

იმისთვის, რომ თავდავიწყებით მოენატროთ, აჩუქეთ პარტნიორს თქვენივე ფოტო, ან რაიმე სამახსოვრო ნივთი. ყოველ ჯერზე, საჩუქრის შეხედვისას, მას თქვენდამი საკუთარი გრძნობები გაახსენდება. შეარჩიეთ „თქვენი“ სიმღერა, რომლის პირველივე ბგერების გაგონებაზეც, მას თქვენი ნახვისა და მოფერების სურვილი გაუჩნდება. და ბოლოს, მელოდიის მსგავსად, აუცილებელია გქონდეთ თქვენი „სუნამოც“. მამაკაცები ქალის სურნელს კარგად იმახსოვრებენ. ხშირად, სავსებით გაუცნობიერებლად, სწორედ ეს სურნელი ხდება ურთიერთობის გაგრძელების მიზეზი. ამიტომ, საკმარისია, მამაკაცმა ქუჩაში თუ ტრანსპორტში თქვენთან მიახლოვებული არომატი შეიგრძნოს, რომ მისი გონება მომენტალურად გადაეწყოს მხოლოდ ერთ ფრაზაზე: – როგორ მენატრება…

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები