ძლიერი სქესი უკვე კარგახანია აღარ დნება ატლასის ფეხსაცმლის “კონცხის” დანახვისას და არც კაბის მოკრძალებულ ჭრილში დაჭერილი კანის სითეთრე აღელვებს დაუძლურებამდე. ვიზუალური ეფექტებით განებივრებული მამაკაცები ქალური სექსუალობის მიმართ გაცილებით მომთხოვნები გახდნენ. ამიტომ XXI საუკუნის ქალებს მათ გრძნობებზე ზემოქმედებისთვის გაცილებით ძლიერი ბერკეტები სჭირდებათ.
მზერა
უბრალოდ თვალები კი არა, ან დაფერილი სქელი წამწამები, არამედ თვითონ მზერა. იდუმალი ან ყურადღებიანი. მორცხვი ან გამომწვევი. გახსნილი თუ დაფიქრებული. მთავარია – ის სტიმულად იქცეს. თვალები თამაშობენ: ჯერ ფართოდ გაიხსნებიან, მსუბუქად და მომენტალურად ზეიწევა წარბები, გუგები გაფართოებულია. მერე, როცა პოტენციური საქმროს ყურადღება დაჭერილია, გვერდს ინაცვლებ, თვალების ორ უძირო ოკეანეს მოკრძალებულად ხრი და იღიმები. თვალები – სულის სარკეა, შენს სულს კი, აი, ეს კაცი ენატრება. ღირს ამის დამალვა?
ღიმილი
საუბარი აღარაა კბილების სითეთრესა და სილამაზეზე, სუფთა და ჯანსაღ სუნთქვაზე: ეს არც განიხილება. მთავარი ამოცანა ღიმილის ყველაზე თამამი სურვილებისა და იმედების დაპირებად გადაქცევაა. იმის დაპირებად, რასაც ვერც კი წარმოიდგენს კაცი. სინჯე სარკესთან მისვლა და ცოტა არ იყოს ზევიდან შეხედე თავს. ამასთან ბაგეები ისე დაალაგე თითქოს საკოცნელად გაგიმზადებია და ცოტათი გაიღიმე. ძნელია? ამბობენ, აუცილებელიაო. აჩვენე რჩეულს, რომ სწორედ შენი ტუჩების სიტკბო მიაბრძანებს მთვარეზე და დააბრუნებს უკან.
მაკიაჟი
საბრძოლო შეფერილობას კატეგორიული უარი! უფრო მეტი რელიეფურობა ყვრიმალებს – ამისთვის ცოტა რუჯი და მორჩა. თვალები უნდა გამოკვეთო, ცოტა აღმოსავლური ჭრილითაც დაამშვენო. ტუჩსაცხის გემოზე კაცები არ გიჟდებიან, ამიტომ მკვეთრი საცხის ალტერნატივად ბრჭყვიალა ე. წ. “ბლესკი” გამოდგება, რომელიც ვიზუალურად ტუჩებს ადიდებს კიდეც.
ტანსაცმელი
ზაფხულში გაშიშვლებულ ქალებს რა დალევს. მაგრამ, მკვახე იყო ის ყურძენიო, ისე მოსდით მერე ჩვენს კაცებს. ზედმეტად გულახდილი სამოსი კაცში სურვილს ბადებს. ხოლო რადგან ამ მღელვარების მოხსნა მომენტალურად შეუძლებელია, ეს ისეთ პროცესებს იწვევს, რომელთაც იმპოტენციის განვითარებისთვის ბიძგის მიცემაც შეუძლიათ.
ასე რომ, მოდით, ჩავიცვათ და მამაკაცების ფანტაზიის ასპარეზი მივცეთ. ტანისამოსზე კეკლუც დეტალებს რა გამოლევს, რა აუცილებელია წელამდე ქვედაკაბა, განა კაბის ჭრილი არ კმარა, რომ ლამაზი თეძო გამოჩნდეს?! ან რა აუცილებელია დეკოლტე მაინცდამაინც ჭიპამდე და წინ იყოს. ლამაზი ზურგი საკმაოდ მიმზიდველი სანახაობაა!
სიარული
ვის არ ახსენდება ”სამსახურეობრივი რომანი” და სიარულის რეპეტიცია საქმიანი დირექტორის კაბინეტში, როცა საუბარი ლამაზ სიარულზეა: “სულ მოიკაკვება, მოიხრება, ძველისძველი ფეხსაცმელივით და წავიდა სირბილით!” ასე მართლა არ შეიძლება. ქალი მსუბუქად უნდა დადიოდეს, ფეხი თეძოდან უნდა მოძრაობდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ბოტასი აცვია, ბალეტკები თუ 15-სანტიმეტრიანი “ცათამბჯენები”. ვერც მერლინ მონრო და ვერც სხვა მისი მსგავსი სექსსიმბოლო თავის “წოდებას” თეძოების რხევის გარეშე ვერ მიიღებდა.
წელი
იცით თუ არა, რომ მოხრილობით საკუთარ თავს 10 სანტიმეტრს პარავთ? მოხრილობა ყოველთვის არ ნიშნავს ტვინის სიმძიმეს და ქალისთვის მძიმე თავთავის ანალოგია დიდი ნუგეში არ უნდა იყოს. მოხრილობა – პირველი მაჩვენებელია იმის, რომ ადამიანისთვის მისი გარეგნობაცა და ჯანმრთელობაც სულ ერთია. ლამაზად შემართული სხეული მხოლოდ სწორი ზურგი არ არის, მაღალი კისერია, პირდაპირი მზერა, თანაბარი მხრები, მაღალი მკერდი (მაშინაც კი, თუ ძალიან მაღალი არაა), შეზნექილი მუცელი, მკვრივი კუნთებია. ასეთი ქალი უფრო მაღალი ჩანს, კარგად აგებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. ეს კი მიმზიდველობის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
ხმა
რაც უფრო მომხიბვლელი ხარ სექსუალურად, მით დაბალი ხმა გაქვსო. ასეთი დასკვნა ამერიკელ ფსიქოლოგებს გაუკეთებიათ. ხმა ხშირად თამაშობდა მნიშვნელოვან როლს მამაკაცებისა და ქალების მიერ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც შთამომავლობის გაგრძელებას უკავშირდება. ითვლება, რომ ვნების ხმა – დაბალია. თუ გოგონა ძალიან ლამაზია, მაგრამ წრიპინა ფალცეტი აქვს, კაცს ნაკლებად მოხიბლავს ყველა დანარჩენი სამკაული. ამიტომ ხმასაც ვარჯიში სჭირდება. დაუმატე ტემბრს ერთი-ორი დაბალი ნოტი და შენი სოპრანო დაუვიწყარი გახდება!
სურნელი
არომატი კი არა – სურნელი. ბევრი მამაკაცისთვის სურნელი ძლიერი სტიმულია. ნაპოლეონი წერდა ჟოზეფინას ბრძოლის ველიდან: “გთხოვ, არ დაიბანო, მალე მოვალო”, წარმოგიდგენიათ? კაცს თავბრუ დაფრქვეული პარფიუმერიის სურნელით კი არ უნდა დაეხვეს, არამედ სხეულის სურნელით.
კოკო შანელი ამბობდა: სუნამო იქ წაისვით, სადაც კოცნას ისურვებდითო”. სტილის ამ ხატებას ვერ შეეკამათები. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ მთელი შუშის გადავლება (მით უფრო ზაფხულში) დიდი შეცდომაა. კისერი, მკერდის ჭრილი, ყურის ბიბილოს უკან – შენი სურნელი უნდა ტრიალებდეს და ცოტათი კიდევ უსუნამოს სურნელი ერეოდეს.
ქცევის სტილი
ქცევის სექსუალური მანერა – მთელი ხელოვნებააო, ამბობენ. ეს მიმიკის, ჟესტებისა და მოძრაობების მოხერხებული შეხამებაა. არსებობენ ამ თვისებით ბუნებისგან დაჯილდოებული ქალბატონები. მაგრამ სწავლაც შეიძლება. გაიხსენეთ “ძირითად ინსტინქტში” შერონ სტოუნი, ფეხს ფეხზე რომ გადაიდებს. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია. ინტერესის გამომხატველი ჟესტებით დაიწყე: ოდნავ წინ გადაიხარე, მიუახლოვე მოსაუბრეს ხელი ან ფეხი. თუ მოხერხდა ოდნავ შეეხე კიდეც. ამ მცირედს რომ აითვისებ, სხვა ნიუანსებს თვითონვე მიაგნებ.
ფლუიდები
არც ტანსაცმელი, არც ოსტატური მაკიაჟი, არც ლამაზი მკერდი კაცს არ მიიზიდავს, თუ შენგან მომხიბვლელობის ე. წ. ფლუიდები არ ვრცელდება. მთავარი შინაგანი განწყობაა, შენი საკუთარი ენერგეტიკა. ისეც ხომ ხდება, მიდიხარ ლამაზი მაგრამ საშინელ ხასიათზე ხარ. ვერც ვერავინ გამჩნევს, ვერც ვერავის ამჩნევ. გამოვარდები პურზე ან შაქარზე ჯინსებით, გაწეწილი და კაცები რატომღაც მზერით გაცილებენ. ფლუიდების გამოსხივებას კი დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: მეტი პოზიტივი მზერაში და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფიტნესი, სეირნობა…
* * *
მიმზიდველი ქალი აუცილებლად კალმით ნახატი მზეთუნახავი არ არის! თუ თქვენს არსენალში ზემომოტანილი იარაღებია მობილიზებული, აუცილებლად გახდებით ყველაზე სასურველი ქალი არაერთისთვის.