უნაკლო და იდეალური მამაკაცები არ არსებობენ. ეს იცის ნებისმიერმა ქალმა, ვისაც პრინცებისა და რაინდების დინოზავრებთან ერთად გადაშენების პრეცენდენტში ეჭვი არ ეპარება . თუმცა მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმაზე თუ რა სახის სისუსტეები გააჩნიათ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს და ყველაზე ხშირად რა თვისებების გამო გარბის მათგან ქალი. მოკლედ, ვსაუბრობთ მამაკაცური ისტერიკის შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
ვერძი მამაკაცი ფიცხი, მოუთმენელი და საშინლად ინფანტილურია. მას დაუღალავად სჯერა იმის, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი საქმის კეთება, ამიტომ მისი “მტკივნეული მაზოლი” თავმოყვარეობაზე გადის. დიახ, დიახ ვერძი კაცი “გაჭედვას” მაშინ იწყებს, როცა მას ვინმე პროფესიულ თავმოყვარეობაზე ეხება. ზუსტად აქ იწყება მისი “ისტერიკა”. ამ ადამიანს შეუძლია, მთელი სული და გული ჩადოს საქმეში, რომელიც უყვარს და ამ დროს სრულიად დაივიწყოს ის, რომ სახლში საყვარელი ქალი ელოდება და დღითი დღე ნერვები ეშლება გამზადებული კერძის არაერთგზის გაცხელებით. თუ ეს ქალი ცხონებული დედა ტერეზას რეინკარნაცია არ გახლავთ ამ ცხოვრებაში, ერთ დღეს მას აუცილებლად ამოუვა ყელში ვერძის უყურადღებობა და ბავშვური მიდგომა ზოგადად პასუხისმგებლობის საკითხის მიმართ. შესაბამისად, ჩემოდანს სწრაფი ტემპით ჩაალაგებს და რომელიმე უფრო სტაბილურ პარტნიორთან გადაბარგდება.
კურო
კუროს ყველაზე დიდი ნაკლი ალბათ სიზანტე და კომფორტის გადამეტებული სიყვარულია. პრინციპში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ფული და მისი შოვნაც არანაკლებად უყვართ, მაგრამ ამ ფულს კურო, როგორც წესი, იმიტომ გამოიმუშავებს, რომ ისევ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოახმაროს. თუმცა კუროებსაც ტოვებენ საყვარელი ქალები,ძირითადად იმ მიზეზით რომ მათ გვერდით ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი ხდება. მისი მონოტონური სახლი-სამსახური-სამსახური-სახლი, კვირაში ერთხელ “დივანის დღე” (შაბათი) და “ლუდის დღე” (კვირა) შეიძლება ბუნებით აქტიური ადამიანისთვის აუტანელ რუტინად იქცეს. მით უმეტეს თუკი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, იგი ისე მიატოვებს კუროს ეს უკანასკნელი, ალბათ ყველაზე ბოლოს გაიგებს ამ ფაქტის შესახებ და როცა გაიგებს, კიდევ დიდხანს არ დაიჯერებს.
ტყუპები
მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიატოვოს ქალმა ტყუპი მამაკაცი უამრავია. თუმცა ამ მიზეზების მიუხედავად ამ ქარიზმატულ ხულიგანზე შეყვარებული სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდი ხნის მანძილზე პატიობენ მას ათასგვარი სახის უგვან საქციელს, სანამ საბოლოოდ ყელში არ ამოუვათ მისი ქცევა და იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ ეს კაცი არასოდეს შეიცვლება. ტყუპის ნაკლოვანებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც შევეცდები რამდენიმე მათგანი მოვიყვანო “ნივთმტკიცებად” – გამუდმებით ცვალებადი განწყობა, დაუღალავი ლაქლაქის სიყვარული, არაპროგნოზირებადობა, მუდმივი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და პასუხისმგებლობების აბსოლუტური უგულვებელყოფა. კიდევ გავაგრძელო? მგონი საკმარისია ეს ნუსხა საიმისოდ, რომ ქალმა ასეთი კაცის გვერდით გაჩერება ხანგრძლივი დროით უბრალოდ ვეღარ აიტანოს. მართალია, მასთან არასოდეს მოიწყენ და იგი ამ ქვეყნად ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის თქვენი და მისი სამუდამო დაშორების საკითხს იუმორით განიხილავს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ეცინება ადამიანს?
კირჩხიბი
აი თუ მართლა გაინტერესებთ, რას წარმოადგენს მთელი თავისი სისავსით ე.წ. ” მამაკაცური ისტერიკა” კირჩხიბთან გააბით რომანი, მერე კი უგზო-უკვლოდ მიატოვეთ. კიბო მამაკაცები მართალია ძალიან მზრუნველები არიან, მაგრამ მხოლოდ მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი თავისი ამ ზრუნვით სულის ხუთვამდე მიიყვანონ ადამიანი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანი ნატურაა. ამიტომ თუ ერთხელ მაინც წამოგცდათ რომ სამარადჟამოდ მისი ხართ და იგი კუბოს კარამდე გეყვარებათ, მერწმუნეთ, აზრის შეცვლის შემთხვევაში ამ კარის დიზაინზე თავად თქვენი ყოფილი კირჩხიბი იზრუნებს. კირჩხიბის აუტანელ თვისებებს შორის შედის წუწუნი, ფსევდო-დეპრესიული მდგომარეობა (როცა სინამდვილეში ცუდად კი არ არის, უბრალოდ დაყვავება და მოფერება სჭირდება თქვენგან), სიძუნწე – რატომ უნდა ხარჯოს მაკდონალდსის უხარისხო საკვებში ფული, როცა არსებობს ფეშენებელური რესტორნები, სადაც თვეში ერთხელ თუ არა წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხებთ წასვლას და ნორმალურ კერძებს დააგემოვნებთ. არადა ხომ ხდება ხანდახან კაცს მაკდონალდსის ფრი ურჩევნია მდიდრული რესტორნის კუს სუპს, მაგრამ კირჩხიბის გადარწმუნება ამაოა. შესაბამისად, თუ მის მიტოვებას გადაწყვეტთ ცოტა ხნით მაინც, იმ მოტივით რომ თქვენს ჭკუაზე მოკალათდეთ მაკდონალდსში საყვარელი ბიგ-მაკის საჭმელად, მოგიწევთ შეცვალოთ არამარტო ტელეფონის ნომერი, არამედ სამსახური და საცხოვრებელი მისამართიც. სხვა შემთხვევაში მამაკაცური ისტერიკის მთელ სერიალს ნახავთ.
ლომი
მამაკაცი ლომის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას თავი დაბადებიდან იმპერატორად ან სულ მცირე, მეფედ წარმოუდგენია. შესაბამისად, თუ იმ ქალების რიცხვს განეკუთვნებით ვისაც ჩადრის ტარება და რევერანსის კეთება ეხერხება ან ეხალისება, მაშინ როგორმე აიტანთ სახლში “საოჯახო ტირანს”, თუმცა თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალი სავარაუდოდ მოკლე ხანში აორთქლდება ლომური ისტერიკის გამოვლინების პირველივე სიმპტომებზე ამ მამაკაცის ცხოვრებიდან. თქვენ მეკითხებით, კონკრეტულად რა დროს არის მოსალოდნელი ზემოთ ხსენებული ისტერიკა? ამის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ცუნამი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგატყდეთ თავზე. მაგალითად მაშინ როცა აბაზანაში კომფორტულად მოკალათებული ნებივრობთ, ის კი უკვე მეორე ესემეს შეტყობინებას გწერთ და ამაოდ ელის თქვენგან პასუხს, ამასობაში კი ნერვიულობისგან თმა თანდათან უხუჭუჭდება. პრინციპში, ლომების უმრავლესობას ისედაც ტალღოვანი თმა აქვს. თუმცა მიმიხვდით ალბათ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამს. მოკლედ, თუკი თავს მორჩილი ქალების სიაში მოიაზრებთ, დატესტეთ იქნებ მოგეწონოთ კიდეც “ლომური ისტერიკა” და კიდევ დიდხანს შერჩეთ ერთმანეთს თქვენ და თქვენი “ჯუნგლების მბრძანებელი”.
ქალწული
აი ქალწული მამაკაცი ის ერთადერთი, უნიკალური ეგზემპლარია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს იქეთ დამართოს ისტერიკა. იგი უზომოდ მოწესრიგებული, პუნქტუალური, დახვეწილი, გაწონასწორებული და ფრთხილია. ალბათ იტყვით, განა ასეთ მამაკაცზე არ ოცნებობს ქალების უმრავლესობაო ? არა, არა და არა. მისი მოწესრიგებულობა პედანტიზმია, პუნქტუალურობა ნიშნავს იმას, რომ როცა იგი ოთხის თხუთმეტ წუთზე გინიშნავთ პაემანს, თქვენ ოთხის ოც წუთზე მისულს ადგილზე აღარ დაგხვდებათ და სულ არ აინტერესებს მას ე.წ. “ქალური თავის დაფასებები” და მითები ქრონიკული დაგვიანების სინდრომზე, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს სხვა მამაკაცები დიდსულოვნად პატიობენ. მისი დახვეწილობა, საკუთარი ჰალსტუხის ფერის და თქვენი ფრჩხილის ლაქის ზუსტ შეხამებაში მდგომარეობს. მისი სიფრთხილე კი გამუდმებული პარანოიაა არარსებული (მედიცინს სფეროში ჯერ არგამოგონილი) დაავადებების შესახებ. ჰოდა, ყოველივე ზემოთ ქმულის შემდეგ, თუ თქვენ თავად არ დაგემართებათ ისტერიკის მწვავე შეტევა მასთან ურთიერთობისას კი ბატონო, გზა ხსნილია ქალწული ზუსტად ის მამაკაცია ვინც თქვენ გჭირდებათ.
სასწორი
სასწორი მამაკაცი ბუნებით რბილი, თავაზიანი და მოსიყვარულეა. ის იმ იშვიათ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება, ვისთვისაც ემოციების მოფერებით, ჩახუტებით და ზოგჯერ ენის მოჩლექით გამოხატვაც კი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა ეს ყველაფერი იმის გარანტიას არ აძლევს მას, რომ საყვარელი ქალი მასთან სამარადჟამოდ გაძლებს. აი სწორედ აქ იწყება სასწორის ისტერიკა. მისი ისტერიულ მდგომარეობამდე მიყვანა კი მარტივზე მარტივი საქმეა. გაიხსენეთ სასწორის გამუდმებით მერყევი ორი პინა, რომელიც ხელის შეხებისთანავე მრავალსაათიან რყევას იწყებს. ზუსტად იგივე ემართება, სასწორ მამაკაცს, რომელსაც საყვარელი ქალი მოულოდნელად ტოვებს. მისი ჰარმონიული სამყარო რღვევას იწყებს. შესაბამისად, ირღვევა მისი ფსიქოლოგიური წონასწორობაც. რაც, რაღა თქმა უნდა, საბოლოოდ მას ისტერიულ მდგომარეობამდე მიიყვანს. რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა დროს მოწესრიგებული, გემოვნებიანი და თავაზიანად მომღიმარი სასწორი გარშემო მყოფებს საკუთარი “ბომჟური” იმიჯით, გაუპარსავი წვერითა და ალკოჰოლის ამონაორთქლით გააოგნებს. და ეს მდგომარეობა გაგრძელდება მანამ სანამ იგი არ იპოვნის ახალ ობიექტს საკუთარი, რყევაშერყეული პინების დასაბალანსებლად.
მორიელი
მორიელები დაბადებიდან კარგი ფსიქოლოგიური ხედვის უნარით არიან დაჯილდოვებული. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ისტერიკაში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელია. უფრო პირიქით, ის თავად აგდებს ქალების უმრავლესობას პანიკასა და ისტრიკაში, შემდეგ კი შესანიშნავად ხალისობს ამით. მორიელის საყვარელი საქმიანობა ხომ ადამიანებით მანიპულირებაა. თუმცა როგორც ნებისმიერ მოკვდავს, მორიელ მამაკაცსაც გააჩნია, მართალია კარგად შენიღბული მაგრამ მაინც სუსტი წერტილები. მორიელი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანია. ამიტომ ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობაზე მიდის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი საზოგადოებრივი სტატუსი თავისუფალი პიროვნებიდან, ვიღაცის “მფლობელობით” შეიცვლება. დიახ, დიახ განა სხვა სახელი ქვია მდგომარეობას როცა მამაკაცი აზრებით დაწყებული ყველაფერს აკონტროლებს თქვენს გარშემო: დღის განრიგს, სამუშაო გრაფიკს, მეგობრებს, მტრებს, ნათესავებს, ყოფილებს და ა.შ. შესაბამისად, გასაკვირი არაა რატომ შეიძლება მოუნდეს საშუალოსტატისტიკურ ქალს მორიელის მარწუხებისგან თავის დაღწევა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მისგან თავის დაღწევა მოახერხეთ, მორიელს მაინც ხანგრძლივი დროის მანძილზე ეყოლებით მხედველობის არეში და ყველა თქვენს ნაბიჯს გულმოდგინედ გააკონტროლებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში უჩვეულოდ მოიმატებს მოულოდნელი და ფატალური მოვლენები (მაგ. ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს თავში ყვავილის ქოთანი დაგეცემათ, თქვენი ჩავლისას მოუნდებათ მუშებს კანალიზაციის ლუკის ახდა და ა.შ.)
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცი პლანეტა იუპიტერის მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მისი ბუნება და სიტყვა “ისტერიკა” ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც საქართველო და სამხრეთ აფრიკა. მართალია საიმისოდ რომ მასზე გაბრაზდეს ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს უამრავი მიზეზი აქვს – დაწყებული არასტაბილური ხასიათით, დამთავრებული მისი გაზვიადებისკენ მიდრეკილებით და ამაო დაპირებების სიყვარულით, მაგრამ მამაკაცი მშვილდოსანი იმ უნიკალური ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მყარად სჯერა, რომ შეუცვლელი ქალები არ არსებობენ. უფრო მეტიც, იგი ხშირად რამდენიმე იდეალის დევნასაც ოსტატურად ახერხებს ისე, რომ ამის გამო სინდისის ქენჯნა ნაკლებად აწუხებს. მან ხომ ზუსტად არი იცის, რომელი ერთი აღმოჩნდება “ის ერთადერთი და განუმეორებელი” რომლის პოვნაზეც იგი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. მშვილდოსანი ბავშვური, იდეალისტი და მეოცნებეა. ამიტომ მისი საქციელი ყოველთვის წააგავს ანცი თინეიჯერის ქცევას და რა ასაკშიც არ უნდა იყოს იგი, ამგვარ საქციელს ვერც ვერასოდეს მოიშლის. ამიტომ ქალს, რომელსაც მისი ხანგრძლივი ვადით “გამოჭერა” უნდა, დიდი მოთმინება და ძალისხმევა დასჭირდება საიმისოდ, რომ ეს მოუსვენარი არსება დიდი ხნით გააბას მახეში თუ არადა გზა ხსნილია. მშვილდოსანი ისტერიკაში მაინც არასოდეს ჩავარდება თქვენ გამო. ამქვეყნად ხომ უამრავი ლამაზი ქალი დადის სრულიად მარტო, მეწყვილის გარეშე.
თხის რქა
ამ გარეგნულად ამაყ, ჯმუხ და ყინულისსახიან მამაკაცს სინამდვილეში საკმაოდ რბილი გული და სათუთი ნევრული სისტემა გააჩნია. თხის რქა სატურნის შვილია. სატურნი კი ნებისმიერ მის გავლენაში მყოფს დეპრესიის მძიმე ხუნდებით აჯილდოებს. ამიტომ, რაც არ უნდა წარმატებული, მდიდარი და განათლებული იყოს მამაკაცი თხის რქა, შინაგანად ყოველთვის გააჩნია მას კომპლექსების ვრცელი ნუსხა, რომელსაც იგი გულმოდგინედ მალავს, მანამ სანამ საკუთარ ცხოვრებაში რომელიმე დამსახურებული სუსტი სქესის წარმომადგენლის შემოშვების პერსპექტივას დაუშვებს. თუმცა ეს რომ მოხდეს, თხის რქა მანამდე ამ უკანასკნელს ყველა სახის “პროფილაქტიკურ შემოწმებას” ჩაუტარებს. ვაიდა ინტერესის ობიექტმა მისი იმედები ვერ გაამართლოს. თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არც ერთი მოკვდავი არ გახლავთ, მათ შორის არც თხის რქა. ამიტომ ისეც ხდება რომ იგი ე.წ. “ჩუმ ისტერიკაში” ვარდება, როცა ცოლი მას სიძუნწის, ზედმეტი ბიუროკრატიის ან უემოციობის გამო მიატოვებს. თხის რქას არ უყვარს გრძნობების აფიშირება, ამიტომ იგი ისტერიკასაც თავისთვის, ჯიუტი მდუმარებით გადააგორებს. თუმცა ამ დროს მისი ნერვული სისტემა საგრძნობლად დაზიანდება და სატურნული დეპრესიულობა კიდევ უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს მის გულში. რაც, რაღა თქმა უნდა, მის მომავალ პარტნიორს დააზარალებს და ასე მომავალ “ისტერიკამდე”.
მერწყული
მამაკაცი მერწყული, მშვილდოსანი მამაკაცის მსგავსად ისტერიკის შეტევებით ძალზე იშვიათად იტანჯება. პირიქით, მას თავად აქვს უნარი ისტერიკამდე მიიყვანოს ქალი, თუმცა შემდეგ არც მისი დაწყნარება გაუჭირდება. გასაკვირი როდია, რომ მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები. მათ ძალიან მოსწონთ ადამიანების ემოციურ რეაქციებზე დაკვირვება და კვლევა. ამასთან ერთად, მერწყულს არასოდეს მიაჩნია საჭიროდ ვინმეს წინაშე თავი იმართლოს. შესაბამისად, ქალი, რომელიც მის გვერდით აპირებს ყოფნას, იმ ფაქტსაც უნდა იყოს შეგუებული რომ მისი მერწყული მას არასოდეს ჩააყენებს საქმის კურსში იმის თაობაზე თუ რას, რატომ და როდის აკეთებს. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია, იგი ყოველთვის მზადაა დახმარების და მეგობრობის ხელი გაუწოდოს ნებისმიერს დაწყებული მეეზოვიდან დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტამდე. თუ მისი ამგვარი “გულუხვობა” გაღიზიანებთ და ისეთი მამაკაცი გირჩევნიათ ვინც საკუთარ ფულს, ემოციებსა და ძალებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დახარჯავს, დამიჯერეთ, მერწყულთან თანაცხოვრებისას თქვენ თვითონ გექნებათ ისტერიკა გარანტირებული. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ შეუძლია ისეთ “ვიწრო ტერიტორიაზე” მოახდინოს საკუთარი ძალების და რესურსების რეალიზაცია როგორიცაა – ოჯახი და სახლი.
თევზები
თევზი მამაკაცი ემოციური, სენტიმენტალური და ინტუიციური პიროვნებაა. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა მისი პირადი რუკა ცეცხლოვანი ასპექტებითაა “გამაგრებული”. ტიპიური თევზი კაცის ისტერიკაში ჩაგდება მარტივზე მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, იგი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თევზები ხომ ბუნებით მაზოხისტები არიან, თანაც ასე ხომ მორიგი საბაბი გაუჩნდება მეგობრებთან ერთად “ჭიქის ასაწევად”. ჰოდა, ასეთ სიამოვნებას რომელი თავმოყვარე თევზი გაუშვებს ხელიდან? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობთ, თუმცა ცოტა უფრო სერიოზულად რომ ვისაუბროთ, მიზეზი იმისა რატომ უნდა მოუნდეს ქალს თევზი მამაკაცის მიტოვება ხშირად არათუ საკმარისი, საკმარისზე ბევრად მეტია. დაწყებული მისი ინფანტილური ხასიათით, დამთავრებული საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობით. მას ხომ ახლანდელი, ყოფილი და მომავალი პარტნიორი ერთნაირად უყვარს, რა ქნას თუ არც ერთი ეთმობა დასაკარგად? იგი ხომ ძალიან ხათრიანია, ჰოდა თუკი ოდესმე არაბი შეიხის ცოლობაზე გიოცნებიათ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მამაკაცი თევზი ამ ოცნებას რეალობად გიქცევთ. თუმცა ამ ოცნებას ბონუსად აღმოსავლური ეგზოტიკა და მდიდრული აპარტამენტები ნამდვილად არ მოჰყვება.
Prev Post
სხვა სიახლეები