რამდენიმე წარმატებული მეთოდი გათხოვების მსურველთათვის…

გასათხოვარ ქალბატონთა უმრავლესობას ძალზე აინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს, სასურველმა მამაკაცმა ხელი და გული რომ სთხოვოს. არსებობს რამდენიმე შედარებით გავრცელებული სტრატეგია, რომლის გათვალისწინებაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ყველაზე გავრცელებული სტრატეგია
თქვენს რჩეულს სულ უფრო და უფრო ხშირად უნდა ელაპარაკოთ მომავალ ქორწინებაზე: თუკი მამაკაცს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოთ და უთხრათ, რომ ქორწილის დღესა და მენდელსონის მარშის მოსმენაზე ოცნებობთ. როცა ადამიანს ერთსა და იმავეს დაჟინებით უმეორებენ, ის ან თანხმდება წინადადებას ან საერთოდ წყვეტს ურთიერთობას აბეზართან. ასე რომ, სანამ ამ მეთოდს მიმართავდეთ, სათანადოდ უნდა დარწმუნდეთ საკუთარი პოზიციის სიმყარეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ.

მეორე – წარმატებული მეთოდი
მამაკაცს თავი ისე უნდა შეაჩვიოთ, რომ ვერასოდეს დაგივიწყოთ: თქვენ მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი, ამქვეყნად ყველაზე სასურველი და მშვენიერი უნდა იყოთ. მაგრამ ამავდროულად, ხანდახან, შეუვალი და მიუწვდომელი ქალის ნიღაბი უნდა აიფაროთ და თქვენთვის სასურველი კანდიდატი ცოტათი გააწვალოთ კიდეც. ერთი სიტყვით, ისე უნდა მოიქცეთ, რომ გამუდმებით დაძაბული იყოს და თქვენი დაკარგვის შიში მოსვენებას არ აძლევდეს.

მესამე – ანუ “შოლტის” მეთოდი
ქალთა უმეტესობას ნებისმიერ წვრილმანზე გაბუტვა სჩვევია. ზოგიერთი კი ისე ოსტატურად ირგებს განაწყენებული ქალის როლს, რომ მიზნის მიღწევას თითქმის უპრობლემოდ ახერხებს. ოღონდ ამგვარი სტრატეგია მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუკი თქვენი რჩეული – უკვე “მოთვინიერებული” და თქვენი კაპრიზების შესრულებასაც მიჩვეულია.

მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც მამაკაცების დასაპყრობად სულ სხვა მეთოდებს მიმართავენ:
სუსტი, უმწეო ქალი ყოველთვის იწვევდა ისეთი მამაკაცის თანაგრძნობას, რომელსაც სხვაზე ზრუნვა ცხოვრების წესად აქვს ქცეული. როცა ქალი სამოქმედოდ ამგვარ სტრატეგიას ირჩევს, “მზრუნველი” მამაკაცი უმეტეს შემთხვევაში, გულსა და ხელს მას სთავაზობს.
ზოგიერთ მამაკაცს, მისით აღტაცებული აღფრთოვანებული ქალის დანახვა ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია. დიახ, მას უყვარს, როცა ხოტბას ასხამენ, ყოველთვის ყველაფერში ეთანხმებიან და მის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერენ. თუკი თქვენი გული ამ კატეგორიის მამაკაცმა დაიპყრო, ეს აბზაცი კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ და თავად მიხვდებით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
არიან მამაკაცები, რომელთაც ძალზე იზიდავს ინტელექტუალი ქალბატონების საზოგადოება. ამ კატეგორიის მამაკაცს კმაყოფილებას ანიჭებს აშკარა უპირატესობა იმ მამაკცებთან შედარებით, რომელთაც “სულელი” ცოლები ჰყავთ. ასე რომ, თუკი მიგაჩნიათ, რომ ნაკითხი, ერუდირებული ქალბატონი ბრძანდებით, თამამად შეგიძლიათ, “ინტელექტუალი ქალების მოყვარული” მამაკაცის ცოლობაზე იქონიოთ პრეტენზია.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვეტილების მიღებამდე ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ! მართალია, ცოლქმრული ცხოვრება დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ერთგულებაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება და საერთო ინტერესების არსებობა. ამიტომ, ეცადეთ გაუწიოთ თქვენს რჩეულს ღირსეული მეგობრობა, გაიზიაროთ მისი სიხარული, გაითავისოთ პრობლემები… რათა მისთვის მართლაც “მეორე ნახევრად” იქცეთ.

წყარო: ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები