9 რამ, რაც უცხოელს საქართველოში აკვირვებს

პოლიციის მანქანები

უცხოელებისათვის ოდნავ დამაბნეველია, რომ პოლიციის მანქანები ყოველთვის ჩართული ციმციმათი მოძრაობენ. სხვაგან, სადაც ვყოფილვარ, პოლიცია ციმციმას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუკი ფორსმაჟორული სიტუაციაა და სამართალდამცავებს სწრაფად გადაადგილება უწევთ. საქართველოში კი ეს უბრალო ნორმაა – მაშინაც კი, როდესაც არაფერი ხდება. თუკი რაიმე გადაუდებელი დავალების შესასრულებლად მიეშურებიან, პოლიციელები ხმოვან სიგნალსა და მიკროფონებს იყენებენ, რომ სხვა მანქანებს გზის დათმობა მოსთხოვონ.

მარჯვენა საჭეები

რატომ აქვს ზოგიერთ მანქანას საჭე მარჯვენივ? იმ ქვეყნებში, სადაც მარცხნივ მოძრაობაა დაწესებული, საჭე მარჯვენა მხარესაა. იმ ქვეყნებში კი, სადაც მანქანები მარჯვენა მხარეს მოძრაობენ, მანქანის საჭე მარცხნივაა. საქართველოში მარჯვენა მხარეს მოძრაობაა მიღებული, თუმცა გზაზე ორივე ტიპის ავტომობილები გხვდება.

სტუმართმოყვარეობა

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქართველები უცხოელების მიმართ განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას ავლენენ. ასეთი ქცევა ჩემი მშობლიური ქვეყნისათვის (გერმანიისთვის) ძალიან უცხოა. იქნება ეს მოხუცი ქალბატონი სოფელში, რომელიც ლაშქრობის დაწყებამდე სახლში დამზადებული ყველითა და ღვინით გამარაგებს; თუ ტაქსის მძღოლი, რომელიც მზადაა, აეროპორტიდან ქალაქში 35 ლარად წაგიყვანოს, და მცირე საუბრისა და საერთო კოლოფიდან სიგარეტის მოწევის შემდეგ კი გადაწყვეტს, რომ მხოლოდ 20 ლარი გამოგართვას და ტელეფონის ნომერსაც გაძლევს – იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი შინ დამზადებული ღვინის გასინჯვა მოგინდება.

ალკოჰოლის სმის კულტურა

ყველა ერი, რომელსაც საკუთარი ნაციონალური სასმელი და დალევასთან დაკავშირებული ადათები აქვს, უნდა ამაყობდეს ამით. ქართველებს საკუთარი ღვინო და ჭაჭა აქვთ. მომწონს სადღეგრძელოების თქმისა და სუფრასთან ურთიერთობის ქართული წესი, მაგრამ ზოგიერთი ჩვეულების არსს ვერ ვხვდები – რამდენად ნასვამი უნდა იყო საიმისოდ, რომ მაგიდის კბილებით აწევის გადაწყვეტილება მიიღო! მე ეს მინახავს!

პოლიეთილენის პარკები

საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოუდგენლად დიდ რაოდენობას იყენებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ ხოლმე სუპერმარკეტში, ვინც შეძენილი პროდუქტების ჩასაწყობად საკუთარი ჩანთითაა მისული. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც უფასო პარკს იღებ მაშინ, როდესაც ჩანთის წამოღება გავიწყდება, მაგრამ ზოგჯერ რესურსების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება სრულიად გადაჭარბებულია. რა საჭიროა პოლიეთილენის პარკი, თუკი მხოლოდ ერთ ნივთს ყიდულობ? რა მნიშვნელობა აქვს, ხელში დაიჭერ მას, თუ პოლიეთილენის პარკით ატარებ?

დამოკიდებულება გარემოს მიმართ

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში არც ისე ბევრი ადამიანი ზრუნავს გარემოზე. ნაგავს ყველგან წააწყდებით – ქალაქგარეთაც კი, უმშვენიერეს ბუნებაში. თბილისი ძალიან დაბინძურებულია გამონაბოლქვით, რადგან ყველა ავტომობილითა და ავტობუსით გადაადგილდება. აქ ადრე ტრამვაი ყოფილა. ცუდია, რომ აღარ არის. ავტობუსისგან განსხვავებით, ტრამვაი იაფია და გარემოს არ აზიანებს. რატომ არ იყენებენ უფრო მეტ ველოსიპედს? ველოსიპედი არამხოლოდ არ აზიანებს გარემოს, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

მოკლე შარვლები

მამაკაცები ცხელ დღეებშიც კი (ასეთი დღეები საქართველოში ძალიან ბევრია) გრძელ შარვლებსა და ჯინსს ატარებენ. ნუთუ არ ურჩევნიათ, რომ სიცხეში შორტები ეცვათ? უცნაურია.

პირჯვრის გადაწერა

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან რელიგიურია. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან და მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების წინ მარხულობენ და ლოცულობენ. მაგრამ მე მაოცებს, რომ ადამიანები ეკლესიის, ან მონასტრის გვერდით გავლისას ორჯერ იწერენ პირჯვარს – მაშინაც კი, თუკი ავტობუსში სხედან და ეკლესია საკმაოდ შორსაა მათგან.

მოკლეტარიანი ცოცხები

გავრცელებულია მოსაზრება, რომ გერმანელები მუყაითი და დისციპლინირებული მშრომელები არიან. თუმცა, მე მგონია, ისინი უბრალოდ ზარმაცები არიან, ყველანაირად ცდილობენ იმუშაონ გონივრულად, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ საქმე. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქვთ ქართველ მეეზოვეებს მოკლე და პატარა ცოცხები. ასეთი ცოცხებით დასუფთავება ხომ უფრო არაგონივრულია – საქმეს დიდი დრო სჭირდება და თანაც ზურგის პრობლემები შეიძლება შეგექმნას.

წყარო: http://jam-news.net

კომენტარები

სხვა სიახლეები