9 აპრილი – შენახული მოგონებები

ნივთები, რომელთაც საგულდაგულოდ უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მოგონებებს, ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

ქურთუკის სახელოები

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.

მამუკა ამ სახლში, ბოლოს, 1989 წლის 1-ელ აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშობლებთან კვირაში ერთხელ თუ ჩავიდოდა ხოლმე. პირველში დაიბარა: მომავალ კვირას არ მელოდოთ, ქორწილში მივდივარო. მოიტყუა. თურმე, აქციებზე დადიოდა. იმ დღეს, ცხრაში, მეგობრებს აცილებდა რუსთავში. გაცილებამდე რუსთაველზე აქციაზე შერჩნენ.

მამუკას ჯინსის ქურთუკი სცმია – ის ქურთუკი, სახელოები რომ ეხსნებოდა. თბილი ამინდი იყო, ქურთუკის სარჩული და სახელოები სახლში დატოვა. 9 აპრილის ღამით მამუკა მოკლეს. მეგობარ გოგოებს იცავდა.
უსაბუთო ცხედარი ნათესავებმა ამოიცნეს. ჯიბეში ფურცელზე წითელი კალმით მიწერილი მამიდის ტელეფონის ნომერი ედო. ამ ნომრით დაუკავშირდნენ მათ. ე. წ. არამიანცის საავადმყოფოში მიაგნეს. შეცვლილი იყო, 40 წლის კაცს ჰგავდა სახედასიებული. 21 წლის იყო. მამუკა სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ოჯახი ინახავს ქურთუკის სახელოებსა და მოსაქოქ თეთრ მაღვიძარას, რომელიც 30 წელია, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს – 12-ის 5 წუთს. მამუკას დამ, ინგა ნოზაძემ, ზუსტად არ იცის, როდის გაჩერდა საათი, როდის მოქოქა ის მამუკამ ბოლოს.

ოთახი

9 აპრილის აქციაზე წასვლის წინ, საღეჭი რეზინი თაროზე მიაწება. მამა ხალხში ღეჭვას უკრძალავდა, უზრდელობააო. თამრიკოს საღეჭ რეზინს მამამისი, არკადი ჭოველიძე, დღემდე ინახავს. სახლის მესამე სართულზე ორ დიდ ოთახში, სადაც ყველაფერი თამრიკოსია, თვითონ იშვიათად შედის. „პრანჭიაც იყო. ყველაფერი უყვარდა, რაც ახალგაზრდა გოგოს უნდა უყვარდეს“, – ამბობს. მისი სამკაულები ისევ ისე აწყვია ზარდახშაში, როგორც თამრიკომ დატოვა. მაგნიტოფონს მტვერს გადაწმენდენ ხოლმე, კარადის თავზე შემოწყობილი თოჯინები 30 წლისწინანდელ პოზაში სხედან.

„საქართველოში არ ვიყავი, სკანდინავიის ქვეყნებში ვიყავი. იქ გავიგე… ამოვწყდით… აქ რომ ვყოფილიყავი, როგორ არ გავუშვებდი? გავუშვებდი – ეგრე ვზრდიდით, პატრიოტი იყო. სულ პატარა იყო, ლექსს რომ ამბობდა: „ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულშიო“ და აჰაა… მეც გავყვებოდი და ეს არ მოხდებოდა“,- თამრიკოს ოთახში კარადას აღებს და თეთრწინსაფრიან, მუქ ყავისფერ საბჭოთა სკოლის ფორმას კარადის კარზე კიდებს. თამრიკოს მამა ოთახიდან გამოსვლას ჩქარობს. „ძნელია, თამრიკოს მამა იყო“, – ცრემლს ჩვენგან მალულად ყლაპავს.

თამრიკო ჭოველიძე 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. კინო რუსთაველისკენ გარბოდა, ზურგიდან ხელკეტი ჩაარტყეს. 16 წლის იყო.

ჭიქა

თამრიკო და ნათია კლასელები იყვნენ. ნათია ბაშალეიშვილიც 16 წლისა იყო. 9 აპრილის აქციაზე აკაკი ბაქრაძის სიტყვის მოსასმენად მიდიოდნენ. სოხუმიდან მის ჩამოსვლას ელოდნენ. კლასელები ერთმანეთს ნათიას დედამ, მაული ლატარიამ შეახვედრა. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი კლასელი, ნინო ანდღულაძეც. მაული სახლში წავიდა.

 

“ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, რაღაც მომხდარიყო. ჩემი ხელით შევუკერე მარლისგან პირბადე. მაგრამ… რას დაიცავდა. ის არ გვეგონა, რომ ასეთ ძლიერ შხამს გამოიყენებდნენ. ისეთი შხამი იყო გამოყენებული, სახლში მიცვალებული რომ მოვასვენეთ, წაბლისფერი თმა, თითქოს, წითლად ჰქონდა შეღებილი“.

30 წელია, ნათიას დედას ყოველ ღამით 4 საათზე ეღვიძება. იმ ღამითაც კარზე კაკუნმა გააღვიძა. ნინო ანდღულაძის დედა, ლია იყო კართან: „დაგვარბიეს და წავიდეთ, ბავშვები ვეძებოთო“.  საავადმყოფოში მიაგნეს. ნინო გადარჩა, მოწამლული ნათია მეშვიდე დღეს გარდაიცვალა.

დედამ ნათიას პირადი ნივთები სულ გააჩუქა. ორი რამ ვერ გაიმეტა: ჭიქა, რომელიც მისი დაბადების დღისთვის იყიდა. „2 წლის ხდებოდა და ისეთი დრო იყო, არაფერი იშოვებოდა. ოქროულობის მაღაზიაში ვიყიდე 6 ცალი ჭიქა. სახლში რომ მივიტანე, მეუღლემ მითხრა, ამ ჭიქით ჩვენს ოჯახში მხოლოდ ნათიასა და სიყვარულის სადღეგრძელო დაილევაო. დღემდე ასეა“.

პირველკლასელ ნათიას სკოლის ფორმა ბაბუამ მოსკოვიდან ჩამოუტანა, „ მოსკოვის ფორმა უფრო ლამაზი იყო. უხაროდა, ეს ფორმა, ჩანთა, ყველაფერი ლამაზი რომ ჰქონდა. ვერ გავიმეტე ეს ფორმა. ვინახავ. თან სწავლის დაწყებასთან ასოცირდება“.

ერთადერთი ვიდეო

გია ქარსელაძე 9 აპრილის ღამით რუსთაველზე იყო. აქციაზე მისული მეუღლე და ძმა აიძულა, სახლში წასულიყვნენ. „თქვენ ახლა აქედან უნდა წახვიდეთ, აქ რაღაც მოხდებაო“, – გვითხრა“, ჰყვება გიას ყოფილი მეუღლე, ირინა ზაქარეიშვილი. „თვითონ დილით 9 საათზე მოვიდა. შოკში იყო: ეს სად ვიყავი, ეს რა ვნახეო! – მიყვებოდა. – ქაშვეთში გადაგვყავდა დაჩეხილი პატარა გოგოებიო“. – მერე მთელი დღე ვერ მოისვენა. მეგობრებთან იყო მისული. ორჯერ მიუყვანიათ სახლთან, მაგრამ არ ავიდა. 10-ში ღამის 12-ის ნახევარზე საავადმყოფოდან დარეკეს. გია დაჭრილი იყო.

„ქვები ედო ჯიბეში. არ ვიცი, ვერც წარმომიდგენია. საერთოდ არ იყო ეგეთი. ეტყობა, სიმწრისგან წინააღმდეგობას სხვანაირად რომ ვერ უწევდა, ქვებით აპირებდა რაღაცას. ალბათ, ბედი იყო. იმ მანქანაში, სადაც გიას მოხვდა ტყვია, სამი ბიჭი იჯდა უკანა სავარძელზე, გია მძღოლის გვერდით იჯდა. რომ მოიხედა, მაშინ ჰქონდა ტყვია მოხვედრილი“.

25 წლის გია ქარსელაძე, “კომენდანტის საათის” გამოცხადების შემდეგ, კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სამი თვის ქალიშვილი დარჩა.

ოჯახში ინახება ერთადერთი ვიდეოჩანაწერი. ვიდეო გადაღებულია 1987 წლის ზაფხულში. გია და მისი ყოფილი მეუღლე ჯერ დაქორწინებული არ არიან. ეს გიას ოჯახისთვის ყველაზე ძვირფასი ჩანაწერია – ჩანაწერი, სადაც გია ცოცხალია.

„გიას მეგობრის, ჯახა ონიანის გადაღებული იყო. მაგრამ ვიდეომაგნიტოფონიც არ გვქონდა მაშინ ყველას, რომ გვენახა და მეზობელთან შევიკრიბეთ ყველანი – მე, გიას დედა, გიას ძმა -რომ გვენახა… და ახლაც, 30 წლის შემდეგაც, მახსოვს ეს საშინელი შეგრძნება. ურთულესი იყო. მერე და მერე, დრო რომ გავიდა, უკვე სიამოვნებად იქცა ამ ვიდეოს არსებობა, მაგრამ მაშინ ეს იყო საშინელი სანახავი. ეს ერთადერთი ჩანაწერია, სადაც ისმის გიას ხმა, ჩანს მოძრაობა“.

თოჯინა

16 წლის ეკა ბეჟანიშვილს დედამ აქციაზე ცოცხალს მიუსწრო. „ვიცოდით, რომ აქციებზე დადიოდა, მაგრამ იმ დღეს თუ წავიდოდა, არ ვიცოდით. ფიზიკის მასწავლებელთან იყო და იქედან ისე წასულა, არავინ ვიცოდით. ჩანთაში თბილი ტანსაცმელიც კი ედო“. ეკა დედამ, ლალი ყანჩაველმა, ხანგრძლივი ძებნის მერე იპოვა. „ხელჩაკიდებული მყავდა, დარბევა რომ დაიწყო. ვერ ვიხსენებ, მერე რა მოხდა“. 9 აპრილის ღამით ლალი თავადაც მძიმედ დაშავდა. შვილის სიკვდილის და დაკრძალვის ამბავი საავადმყოფოში მყოფმა გაიგო.

ოჯახი ინახავს ეკას საყვარელ თოჯინას, რომელიც ნათესავმა გერმანიიდან ჩამოუტანა. „დიდ, ვარდისფერ ყუთში იდო, ძალიან უყვარდა, სულ თან ჰქონდა. ვინახავ, ტანსაცმელს ვურეცხავ და ისევ ვაცმევ ხოლმე“, – ამბობს ეკას დედა.

ეკას დღიურიც დარჩა და პატარა ჩანაწერების ბლოკნოტიც, სადაც ის საყვარელი მწერლების ციტატებს იწერდა. პატარა, გაცრეცილი ბლოკნოტის თავფურცელზე სკოლის მოსწავლის ხელით აწერია: ბეჟანიშვილი ეკა.

სამკაულები

მანანა ლოლაძე 33 წლის იყო. სულ რუსთაველზე იყო, ყველა აქციას ესწრებოდა. მანანა 9 აპრილის ღამით მოკლეს. მის პანაშვიდზე მისულმა ქალმა თქვა, რომ ის იყო მილიციელი, რომლის დაცვაშიც მანანა მოკლეს. მანანას მამიდაშვილის შვილი, მაკა ბაქარაძე, იხსენებს: „მანანას და იმ ქალს ერთმანეთი აქციაზე გაუცნიათ. პანაშვიდიდან ყველა რომ წავიდა, მაშინ მოგვიყვა, მანანა გადამეფარაო. ასე უთქვამს: შენ ოჯახი გყავს, შვილები გასაზრდელიო“.

მანანა პირველი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იპოვეს, „მაშინ ბრძანება იყო, რომ მიცვალებულები ოჯახისთვის არ ეჩვენებინათ. არ უნდა გაეგო ხალხს, რომ დაჩეხილები იყვნენ. ვიღაც მადლიანმა ექიმმა უკანა გასასვლელიდან ჩუმად გამოგვატანა მანანას ცხედარი“.

მაკა მანანას ნაჩუქარ სამკაულებს ინახავს: ბროშს, ბეჭედს, სამაჯურსა და მძივს. ყველა სამკაული მანანას ნაქონია. „ასე იცოდა: თუ მოგეწონებოდა, მოიხსნიდა და გაჩუქებდა, ოღონდ იმ პირობით, რომ შენც ატარებდი. ვატარებ და ვინახავ“.

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

სხვა სიახლეები