4 საიდუმლო სწავლის უნარისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად – კვლევის შედეგი

ჩვენი გონება ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებს და ყოველი მათგანის დამახსოვრება არარეალურია. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მცირედი ძალისხმევით შეგიძლიათ, აცნობოთ თქვენს ტვინს, რისი „შენახვა“ ღირს მეხსიერებაში. კვლევის მიხედვით, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 29-63%-ით გააუმჯობესეს შედეგები მას შემდეგ, რაც სწავლის ისეთი ტექნიკა გამოიყენეს, როგორიცაა ლექციაზე ჩანაწერების გაკეთება, შედარებითი დიაგრამების აგება, ასოციაციებისა და პარალელების გავლება და სხვა. 1. მასალის თუნდაც 4-ჯერ წაკითხვა ისევე ეფექტური ვერ არის, როგორც ერთხელ მისი მოკლე შინაარსის დაწერა. თანაც, წერა უკეთესია ხელით და არა – კლავიატურაზე აკრეფა, რაც არღვევს ამ პროცესის ეფექტურობას. პროფესორი ანე მანგენი ამბობს: „ხელით წერის დროს, კალამთან და ფურცელთან შეხებით, ჩვენი ტვინი უკუკავშირს ამყარებს ჩვენს მამოძრავებელ მექანიზმებთან. ეს კავშირი სრულიად განსხვავდება იმ უკუკავშირისაგან, რომელიც კლავიატურის შეხების დროს წარმოიქმნება.“ 2. არსებობს ახლო-ფოტოგრაფიული მეხსიერების გაუმჯობესების სისტემაც, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ გარკვეულ პრაქტიკას საჭიროებს. რადგან ადამიანები უკეთესად იმახსოვრებენ სურათებსა და გზებს, ვიდრე რიცხვებს, ჩემპიონები საუკეთესო მეხსიერების მქონეთა შეჯიბრში ქმნიან ე.წ. მეხსიერების სასახლეს – ფიქციურ სტრუქტურას, რომელშიც შეუძლიათ „გაიარონ“ და მათთვის ადვილად დასამახსოვრებელ ადგილებთან დააკავშირონ ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც სჭირდებათ. ჩემპიონი ჯოშუა ფოერი ამბობს: „ყველაფერი შეიძლება აღიბეჭდოს ადამიანის გონებაში, თუ წარმოდგენაში მარტივად ავაგებთ ჩვენს საყვარელ ადგილს და დასამახსოვრებელ რიცხვებსა თუ სახელებს იქ შესაბამისი მიმდევრობით დავალაგებთ“. 3. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოცდა. ამაში ძალიან დაგეხმარებათ ტესტების გაკეთება. ტესტის ძალიან ცუდად დაწერაც კი გეხმარებათ ახალი მასალის დამახსოვრებაში. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ცუდი შედეგების მქონე ბავშვებს მათი გამოსწორების მცდელობა აქვთ, რაც უფრო წაახალისებს სწავლას მომავალში. გარდა ამისა, სწავლების პროცესში ტრენერის მიერ განზრახ დაშვებული შეცდომებითა და შემდგომ, მათი გამოსწორების გზების ჩვენებით, უკეთ ხდება მასალის დამახსოვრება, ვიდრე შეცდომების სრულად თავიდან აცილებით. 4. სწავლის დანაწილება ყველაზე მნიშვნელოვნადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამას ასობით ექსპერიმენტიც ამტკიცებს. იგი დაახლოებით 50%-ით ზრდის მასალის დამახსოვრების შანსს. ამის საპირისპიროდ, მეხსიერების „კალათაში“ ყველაფრის ერთობლივად „ჩაყრა“ შეიძლება გამოცდის ჩაბარებაში კი დაგეხმაროთ, მაგრამ რამის სასწავლად ეს კარგი გზა ნამდვილად არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები