1802 წლის 26 თებერვალს მსოფლიოს უდიდესი კლასიკოსი მწერალი ვიქტორ ჰიუგო დაიბადა

1802 წლის 26 თებერვალს საფრანგეთში, ბეზანსონში, მსოფლიოს უდიდესი კლასიკოსი მწერალი ვიქტორ ჰიუგო დაიბადა. ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას ეყრდნობა და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს.
პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები: „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.
ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. მან ბავშვობიდანვე დაიწყო ლექსების წერა და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოც მიიღო. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია, როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს. 1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს „განჭვრეტას“, „ნაცვალგებასა“ და „საბრალონს“. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი 1885 წლის 22 მაისს, პარიზში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები