„16 წლის ასაკში მომიტაცეს, ვცხოვრობდი ადამიანთან, რომელიც არ მიყვარდა“

16 წლის იყო, გორში დეიდასთან ცხოვრებამ რომ მოუწია. სწორედ მაშინ 24 წლის ბიჭმა მოიტაცა. დარჩა იმიტომ, რომ მომავალი ქმარი არ დაეკავებინათ. წელიწად-ნახევარში ეს ურთიერთობა დამთავრდა. 20 წლის ასაკში მეორედ გათხოვდა. ამ ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, სამი წლის ნიტა, რომელიც კატოს შვილს, ნაკოს როლს თამაშობს „ჩემი ცოლის დაქალებში“. თავად „ფორმულა კრეატივის“ თანამშრომელია. მსახიობობაზე სულ ოცნებობდა და ამის შანსიც მიეცა, როცა მისი გმირის, შორენას როლი დაიწერა. როგორც ჩემი რესპონდენტი, ნინო ბარიშვილი ამბობს, ფაქტობრივად, იძალადა რეჟისორთან, რომ ეს როლი მისთვის მიეცათ.

ნინო დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია:

– ნინო, როგორ მოხვდი ფორმულა „კრეატივში“?

– პატარა მყავდა ბავშვი. უკვე მარტოხელა დედა ვიყავი და სამსახური ძალიან მჭირდებოდა. დავურეკე ირაკლი საღინაძეს და ვთხოვე, თუ რამე სამსახური გამოჩნდა თქვენთან, დამლაგებლის პოზიციაც რომ იყოს, თანახმა ვარ, ძალიან მჭირდება სამსახური-მეთქი. პროფესიით მედდა ვარ, ამ პროფესიით არ მიმუშავია არასდროს. მორიგეობები სჭირდება ჩემს პროფესიას და პატარა ბავშვის პირობებში ვერ შევძლებდი. დავიწყე კლაბზე მუშაობა. ეს არის მოძრაობა, რომლითაც რეჟისორსა და მსახიობებს ანიშნებ მორიგი დუბლის დაწყებას. ეს ყველაზე მარტივია იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად ისწავლო. მერე რეჟისორის ასისტენტობაც მოვინდომე, შევისწავლე. ახლა ყველა ჯგუფი დაკომპლექტებულია, მაგრამ, თუ ვინმეს პრობლემა აქვს და ვერ მოდის, მე ვცვლი ხოლმე.

– შენი გმირი, შორენა როგორ შეიქმნა და როგორ გადახვედი იმ სფეროში, რასაც მსახიობობა ჰქვია?

– ეგ ძალიან სასაცილო ისტორიაა. ბავშვობიდან მინდოდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი. სულ კინოსა და თეატრისკენ გამირბოდა თვალი და გონება. ფორმულა „კრეატივში“ მუშაობაც ამიტომ მინდოდა, რომ შეხება მქონოდა ამ პროფესიის ხალხთან, თავად ვყოფილიყავი მონაწილე… დღემდე არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო. ის სერიები რომ წავიკითხე, სადაც შორენას გმირი ჩნდება, ბოლო ხმაზე ვხარხარებდი, ლიფონავას ვეკითხები, რა ხდება,  ეს ჩემზე დაწერა ქეთიმ-მეთქი. სამსახურში ყველამ იცის ჩემი პირადი ისტორია.

– ჩვენც გვიამბობ?

– 16 წლის ასაკში მომიტაცეს, წელიწადი და 8 თვე ვცხოვრობდი ადამიანთან, რომელიც არ მიყვარდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ დედამთილისა და მაზლის ჩარევით დამენგრა ოჯახი. დეტალებს აღარ მოვყვები.

– ეს ამბავი თბილისში მოხდა?

– არა. 5 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამაჩემი რუსეთში ცხოვრობდა. დეიდებმა გამზარდეს. 4 დეიდა მყავს. ხან რომელთან ვიზრდებოდი და ხან – რომელთან. ერთი საცხოვრებელი ადგილი არ მქონდა. 16 წლის ასაკში გორში ვიყავი, დეიდაჩემი შეუძლოდ იყო, მარტო ცხოვრობდა და ვეხმარებოდი. ამ დროს შევუყვარდი ჩემს მომავალ ქმარს და მომიტაცა.

– როგორც ვიცი, სწორედ იმიტომ დარჩი ქმრის ოჯახში, რომ არ დაეჭირათ…

– კი, შემეცოდა. იმდენად პატარა ვიყავი, სულელი, გამოუცდელი… დედაჩემის სურვილი იყო, მესწავლა, წარმატებული ვყოფილიყავი. გარდაცვალების წინ წერილი დაუწერია, რომ ჩემი სწავლა-განათლებისთვის მიეხედათ მის დებს. ყველაფერს აკეთებდნენ დეიდები, რომ ეს ბოლო სურვილი შეესრულებინათ მისთვის. არაფერს მაკეთებინებდნენ, ცოცხს არ მაკავებინებდნენ ხელში, რომ დრო არ დამეკარგა სახლის დალაგებაში. კარგად ვსწავლობდი, შეყვარებულზე არც ვფიქრობდი, არც ვიცნობდი ამ ადამიანს, როგორ უნდა მყვარებოდა. ამდენად, ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადამიანთან, რომელსაც არ ვიცნობდი. ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოვჩნდი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა ჩემს თავს.

– თავად რამდენი წლის იყო?

– 24-ის.

– ძალადობა რაში გამოიხატებოდა?

– მხოლოდ იმაში, რომ მომიტაცა. ხელით არავინ მეხებოდა, ამას ვერ ვიტყვი. მაქსიმალურად ვცდილობდი, მათ წესებს, ტრადიციებს მოვრგებოდი. ბუნებით მშვიდი ადამიანი ვარ. არ შემიძლია კამათი, კონფლიქტი. ბევრს ამის გამო შტერი და სულელი ვგონივარ.

– შეგიყვარდა?

– არა. რომ შემყვარებოდა, ალბათ, ერთად ვიქნებოდით.

– საბოლოოდ რა მოხდა, რატომ დაშორდით?

– არ ცდილობდა, თავი შეეყვარებინა ჩემთვის. ასე ამბობდა, მე ხომ მიყვარხარ და რა მნიშვნელობა აქვს, შენ გიყვარვარ თუ არაო. ეს რომ მითხრა, იქ დამთავრდა ყველაფერი.

– საერთო შვილი არ გყავთ?

– არა.

– ამის მერე შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მამაკაცი გამოჩნდა, მაგრამ ეს ქორწინებაც დასრულდა…

– ეს ურთიერთობა ძალიან უჩვეულოდ დაიწყო. პირველი ქორწინების შემდეგ იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა, მამაკაცის გაგონება არ მინდოდა. მხოლოდ მეგობრობა შემეძლო მამრობითი სქესის ადამიანთან. თუ ვიგებდი, რომ ვინმეს მოვწონდი, გამარჯობასაც კი აღარ ვეუბნებოდი იმ ბიჭს. ჩემს მეორე ქმართან ურთიერთობა მეგობრობითა და თანამშრომლობით დაიწყო. ქველმოქმედებას ეწეოდა, აგროვებდა ნივთებს გაჭირვებული ხალხისთვის. მე და ჩემი მეგობარიც ვაბარებდით ტანსაცმელს, რასაც აღარ ვიცვამდით. მერე აღმოჩნდა, რომ იმ რაიონში მიდიოდა, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობდა, გამოველაპარაკე. აქედან დაიწყო ყველაფერი. მერე ბევრ რამეში დამეხმარა. მართლა მეგობრულად ვიყავით და ამასობაში ისე შემოგვეყვარა ერთმანეთი, რომ თავადაც ვერ მივხვდით (იცინის).

– რამდენი ხანი იცხოვრეთ ერთად?

– ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე დავქორწინდით და 6 თვე ვიცხოვრეთ. 20 წლის ვიყავი, მეორე ოჯახი რომ შევქმენი. ბოლოს რაღაც აირია და გადავწყვიტეთ, ცივილიზებულად დავშორებოდით ერთმანეთს. დაშორებიდან ერთი თვის თავზე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მქონდა შანსი, რომ მეუღლეს შევრიგებოდი და ერთად გაგვეზარდა საერთო შვილი. მაგრამ ხმაურსა და კამათში შვილის აღზრდას ვარჩიე, მარტოხელა დედა ვყოფილიყავი. ჩემი მეორე ქმარი დღესაც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყოველდღე ნახულობს შვილს.

– ნიტა 3 წლისაა და უკვე ტელევარსკვლავია…

– ჰო, ნიტა „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს შვილს ასახიერებს, ნაკოს. ერთხელ ძალიან სასაცილო ისტორია დამემართა. ბაღში მიმყავდა ნიტა, გზად მაღაზიაში შევიარეთ. კონსულტანტი გოგონა გვიყურებს ორივეს, მე უხერხულად ვიღიმი, ვიფიქრე, მიცნო-მეთქი და გამიხარდა. ეს ნაკო არ არისო, მკითხა. ჩემი სერიები ნანახიც არ ჰქონდა. ასე რომ, ჩემი შვილი უფრო ადრე გახდა პოპულარული, ვიდრე – მე.

 

სრულად იხილეთ ბმულზე:http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები