12 გრძნობა, რომელიც ბავშვობაში უნდა ჩამოყალიბდეს – ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

მიჩნეულია, რომ ადამიანი სამყაროს ხუთი მთავარი გრძნობით – შეხება, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება – აღიქვამს. მეექვსე გრძნობა ინტუიციაა. თუმცა, ზოგიერთი მედიკოსის აზრით, ადამიანს შეგრძნების არა ექვსი, არამედ 12 გრძნობა გააჩნია.
ძირითადად, ეს 12 გრძნობა ბავშვობაში ყალიბდება!

1. შეხება
ეს გრძნობა პირველია, რომელიც ჩვილს უჩნდება. ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ცდილობს “გამოიკვლიოს” პაწაწუნა თითებითა და ფეხებით თავისი სამყოფელის საზღვარი. დაბადების შემდეგ, იმისათვის, რომ პატარამ კარგად შეიგრძნოს სამყარო, არასდროს შებოჭოთ სამოსით, არ გაახვიოთ მჭიდროდ.

2. სიცოცხლის შეგრძნება
ეს ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც პატარა ნეგატიური (სიცივე, ტკივილი, ცოტა შიშიც) ზემოქმედების შედეგად შეიცნობს. იმისათვის, რომ ბავშვმა სიცოცხლე შეიგრძნოს, სათბურის ყვავილივით ნუ გაზრდით, მიეცით ნება, რომ იტკინოს, გამოსცადოს სამყარო.

3. მოძრაობა
ბავშვი პატარობიდანვე უნდა იყოს მიზანმიმართული. ნუ დაულაგებთ ყველაფერს ცხვირწინ. საყვარელ სათამაშოს თავად უნდა მისწვდეს, თავად მოძებნოს დაკარგული დათუნია. არ დაუშალოთ ხოხვა, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას.

4. წონასწრობა
მარტივი ფიზიკური ვარჯიშებით – წვრილ ფიცარზე დგომით, სიარულით,  ველოსიპედის მართვის შედეგად ჩამოუყალიბდება. ბავშვებს, რომლებსაც წონასწორობის სწორი აღქმა არ აქვთ, დიდობაში აზარტული თამაშებისკენ აქვთ მიდრეკილება. ადამიანის ორგანიზმი მთლიანი, რთული სტრუქტურაა და ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები მჭიდროდაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.

5. ყნოსვა
ასწავლეთ ბავშვს სურნელების შეცნობა, როგორი სუნი აქვს ყვავილს და როგორი – დამპალ ვაშლს; ახალგამომცხვარ პურს და გაფუჭებულ ყველს. ყნოსვა პირველი და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია სილამაზისა და სიმახინჯის აღსაქმელად.

6. გემოვნება
ჩაცმის, ხელოვნების, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის გემოვნება ბავშვს იმ პერიოდიდან უვითარდება, როცა მისთვის… სუფრას შლით. ლამაზი თეფში, ჭიქა, გემოვნებით გაფორმებული კერძი მასში ნამდვილ ესთეტს გააღვიძებს. ასწავლეთ მაგიდასთან მოქცევის წესები.

7. მხედველობა
თვალებს ტყუილად არ ეძახიან სულის სარკეს. თვალებში ჩახედვით შეიძლება, ადამიანის ჩანაფიქრი ამოიცნოთ. მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც, ადამიანის სული იმის მიხედვით ვითრდება, რასაც მისი თვალები ხედავს.

ამიტომ, დაეხმარეთ პატარას სამყარო ლამაზ ფერებში აღიქვას. უყიდეთ საღებავები (არა ფლომასტერები და ფანქრები), რათა ფერების ერთმანეთში შერევით სხვადასხვა ფერი მიიღოს.

8. სითბოს შეგრძნება
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბავშვებში აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი სითბოს დეფიციტია. მაქსიმალურად ხშირად ჩაეხუტეთ პატარას, აკოცეთ, უბრალოდ შეეხეთ. მან ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რა არის “სითბო” და “სიცივე”.

9. სმენა
დაკავშირებულია ემოციურობასთან. მუსიკალური ინსტრუმენტები ბავშვისთვის აუცილებელია. არსებობს მედიცინის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ადამიანს მუსიკით კურნავს. მაგალითად მუცელს დაბალი ტონები უყვარს, თავს – მაღალი, ვიოლინო კანს “ეფერება”, ქსილოფონი კარგად მოქმედებს ხერხემალზე, საყვირი და ტრომბონი – გულზე.

10. მეტყველება
ჩვილსაც კი უნდა ელაპარაკოთ. გამოიყენეთ სიმღერები, ლექსები. მოერიდეთ ბავშვთან ბილწსიტყვაობას. იმისათვის, რომ პატარამ არ იავადმყოფოს, მშობელმა მეტყველება უნდა აკონტროლოს, პატარს თანდასწრებით არ თქვას ცუდი სიტყვები.

11. აზრები
ბავშვის აზრები უბრალოა, ამიტომაც, სუფთა. დაახლოებით შვიდ წლამდე ბავშვს აქვს უფროსების აზრების გამოცნობის, “კითხვის” უნარი. უფრო მეტიც, ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრება მშობლების აზრებზეა მიჯაჭვული, დამოკიდებული. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რასაც მასზე გაიფიქრებთ და იტყვით, ის დაემართება.

12. “მეს” შეგრძნება
მარტივი რჩევა: პატივი ეცით თქვენს ბავშვს. მარტო კი არ უნდა გიყვარდეთ, არამედ, პატივსაც სცემდეთ. არავინ იცის, ვინ გაიზრდება თქვენს ოჯახში დაბადებული ბავშვი. იქნებ თქვენ კი არა, ისაა თქვენი მასწავლებელი.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები