ძაღლი საქართველოდან რუსეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოში ცხოვრობს გერმანული ბოქსიორი ძაღლი, რომელიც ერთი წლის ასაკში 4 ქვეყნის – საქართველოს, ბელარუსის, ლიეტუვასა და რუსეთის ახალგაზრდა ჩემპიონია.
როგორც მისი მფლობელის, გიორგი ნიორაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, ძაღლმა,სახელად ევა, ერთთვიანი საგამოფენო ტურნეს ფარგლებში საგზაო და საჰაერო ტრანსპორტით 6000 მილი დაფარა, სამ ქვეყანას ესტუმრა და სამივე ქვეყნის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. გამოფენები სმოლენსკში, მინსკსა და ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2000-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ქართველმა ევამ საკუთარი ჯიშის ახალგაზრდა ძაღლების კონკურსში უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
ახლა ევა მადრიდისთვის ემზადება, სადაც აპრილში ძაღლების მსოფლიო გამოფენა იმართება. “ქართული კვირა” მეტი დეტალის გასარკვევად ევას მფლობელს, გიორგი ნიორაძეს დაუკავშირდა.
_ გიორგი, როგორ აღმოჩნდით ამ ჩემპიონატებზე?
– ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, გეგმავ საგამოფენო ტურნეს, უკავშირდები ჰენდლერს, მომშენებლს და აგზავნი ძაღლს გამოფენებზე. სიმართლე გითხრათ, ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
_ რას განსაზღვრავს ეს გამარჯვება?
– ეს გამარჯვება ჩემთვის, როგორც მფლობელისთვის არის ძალიან დიდი მოტივაცია, რომც წაეგო, არაფერი შეიცვლებიდა – მე ის მაინც მეყვარებოდა ისევე უპირობოდ, როგორც მას ვუყვარვარ. უბრალოდ ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ მართლა კარგი ძაღლი მყავს.
_ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– მომდევნო წლის საგამოფენო ტურნე მომშენებელთან ერთად მთლიანად გაწერილი გვაქვს, აპრილში მონაწილეობას მივიღებთ მადრიდში ძაღლების მსოფლიო გამოფენაში, მაისში მივემგზავრებით ბელგიაში atibox-ზე, რომელიც მხოლოდ ბოქსიორების გამოფენაა და მასში მსოფლიოს ყველი კუთხიდან საუკეთესო ძაღლები მიიღებენ მონაწილეობას. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გვაქვს გეგმები. ვნახოთ, რა იქნება.
_ გამარჯვების შემდეგ ძაღლის ფასი იზრდება?
–ევა ჩემთვის ფასდაუდებელია – მეგობრობა მონეტარულად არ განისაზღვრება, თუმცა ამ და სამომავლო გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება დიდი დაინტერესება მის ლეკვებზე მთელი მსოფლიოდან. ასევე ლიეტუვაში გამოფენაზე რინგის მოგების შემდეგ, ერთ-ერთმა იტალიურმა ძაღლსაშენმა ძაღლის გაყიდვა შემომთავაზა, იხდიდნენ 20000 ევროს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გავყიდე – ის მუდმივად იქნება ჩემ გვერდით.
_ ის ალბათ დაცული ძაღლია, არა?
– რა თქმა უნდა, ვერასდროს გადაკვეთს საზღვარს შემოწმების გარეშე, აქვს ტატუ, ჩიპი – ის არის საგამოფენო, შოუ კლასის ძაღლი და მას დაკარგვის შემთხვევაში, ამ მიზნით ვერავინ გამოიყენებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მომშენებელ ანა პრაიმულოვას და ძაღლსაშენ “sat’ elit box-ს”, რომ მენდნენ და ასეთი მაღალი ხარისხის ძაღლი გამომაყვანინეს საქართველოში. ნამდვილად გამიმართლა.
წყარო: http://kartuli.kvira.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები