“ცრუა იმედები, თითქოს, დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს ფაიზერ-ბიოტექის ვაქცინა მოუსწრებს” – აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ,,ცრუ მოლოდინს,, უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დეკემბრის ბოლოს საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა მიიღოს.

„ყველა კითხვის პასუხი აბსოლუტურად დამაიმედებელი რომც იყოს, ფაიზერ-ბიოტექის ვაქცინა, სამწუხაროდ, პრობლემურია ლოჯისტიკის კუთხით. მის შენახვას განსაკუთრებული პირობები სჭირდება, -80C მაცივარში. ამის საშუალება ამერიკის წამყვან ჰოსპიტლებსაც კი არ გააჩნიათ. ამგვარი მაცივარი მხოლოდ სპეციფიკური კვლევითი ცენტრების ძვირადღირებული ფუფუნებაა, რამდენადაც ლიტერატურიდან ჩანს. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ვაქცინას სრული ეფექტურობის პირობებშიც კი ლოჯისტიკური პრობლემა ექმნება და, ჩემი აზრით, ცრუა იმედები, რასაც ამ დღეებში მედიასაშუალებები ავრცელებენ, თითქოს, დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს ფაიზერ-ბიოტექის ვაქცინა მოუსწრებს.

ფაიზერის გარდა, კიდევ უამრავი სანდო კომპანია მუშაობს ვაქცინაზე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ასე რომ, გვირაბის ბოლოს  შეიძლება, სინათლის უამრავი წყარო აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლაში ცრუ ან ნაკლებად სანდო იმედები საიმედო მეგობარი ვერ იქნება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს და ვეცადოთ, ამ ეტაპისათვის თავი დავიცვათ მარტივი და იაფი პრევენციის საშუალებებით: ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა“, – წერს ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

სხვა სიახლეები