ჩეჩენი მწერალი ირწმუნება, რომ „ავატარის“ თანაავტორია და ფილმის რეჟისორს სასამართლოში უჩივის

ჩეჩენი მწერალი, რუსლან ზაკრიევი, ითხოვს, რომ ის ჯეიმს ქემერონის ფილმის, „ავატარის“ სცენარის თანაავტორად აღიარონ. მწერალმა გროზნოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ზაკრიევი აცხადებს, რომ ჯეიმს ქემერონისა და სტუდია 20th Century Fox International-ის წინააღმდეგ სარჩელი იმის გამო შეიტანა, რომ მათ საავტორო უფლებები დაარღვიეს, როცა მისი რომანიდან იდეა გამოიყენეს. რომანი კი, ღია წყაროებში, 2002 წელს გამოქვეყნდა.
„ქემერონის თანაშემწისგან სამი წერილი მივიღე. ისინი აღიარებენ ჩემი რომანისა და მათი ფილმის სრულ იდენტურობას, მაგრამ ამტკიცებენ, რომ იდეები მათ მე მოვპარე“, – აცხადებს ზაკრიევი. მას სურს, თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს.
აღსანიშნია, რომ მწერალი, უკვე 2015 წელს, თავისი ავტორობის აღიარებას ითხოვდა. მაშინ ზაკრიევი ირწმუნებოდა, რომ ქემერონმა მოიპარა მთელი ბლოკი მისი რომანიდან „საიდუმლო იარაღი“. ადგილობრივი სასამართლოები უარს ამბობდნენ მისი სარჩელის განხილვაზე, რადგან მოპასუხე მხარე აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები