„შენმა წერილმა მე მომკლა დედიკო!“ – გალაკტიონის წერილები დედას

“წერილები დედისადმი”

საყვარელო დედა!

როგორც შენ დაიბარე, მე ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გადავდეგი, მაგრამ შვიდ მანეთ ნახევარ ნაკლებ არ დამიყენა და ისიც ამ ერთის თვით.შემდეგში კი რვა მანეთ ნაკლებ ვერ დაგაყენებო.ბინა ძალიან კარგია, მხოლოდ ეს არის, რომ ფულს წინდაწინვე თხოულობს, მე ჯერჯერობით ოთხი მანეთი მივეცი, შენგან გამოტანებულს სამს მანეთს პრისკილეს მოცემული მანეთი მივუმატე. კალოშებს ვერ ვყიდულობა. ხაზეიკის ფული, სამ მანეთ ნახევარი, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნე; სხვები აქ ყველა წინდაწინვე აძლევენ ორი თვის ფულს. გწერ შენი შვილი გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი.

აბესალომს წერილი გავუგზავნე!

(ქუთაისი, 14 იანვარი, 1908 წ)

***

ძვირფასო დედა!

შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენხანს ვერ ჩამოვედი. მარგამ იმედი მაქვს ძალიან არ იწუხებ. მე ძალიან მალე ჩამოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს, და ისე დიდი საქმეები, რომ ნებას არ მაძლევს ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.

მშვიდობით, საყვარელო დედა!

მე მალე ჩამოვალ.

შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ, მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.

ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით. შენც უნდა იყო მხიარულად. მე სხვაფრივ კარგად ვარ.

შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ.

1917 წ. მარტი

***

ძვირფასო დედა! ჩემო დედა!

შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ. არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.

შებ იწერები ,,შენგან მოძულებული!”(!)

ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა ,,შენგან მოძულებული”.

ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია. დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება, დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.

ასე, დედიკო!

მშვიდობით!

წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ.

(1929 წლის აგვისტო)

კომენტარები

სხვა სიახლეები