შეიძლება თუ არა ნათლიობაზე უარის თქმა და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს?

ყველა ქრისტიანულ ოჯახში ნათლობის პროცესი დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. ჯერ ნათლიას (ან ნათლიებს) ვირჩევთ.
სამწუხაროდ, ეს არჩევანი ზოგჯერ მომავალი ნათლიის საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობით არის განპირობებული… შემდეგ წვეულების ორგანიზება იწყება… თავად ნათლიასაც ბევრი საზრუნავი აქვს: ოქროს ჯვარი, საჩუქრები… თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მაინც იჭირვებს, რადგან ფიქრობს, რომ “ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება”.
სინამდვილეში როგორია ქრისტიანული წესი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია, როდის უნდა დავთანხმდეთ ნათლიობაზე და რა უნდა აჩუქოს ნათლიამ ნათლულს. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:

– როგორი ადამიანი უნდა ავირჩიოთ ნათლიად?
– ნათლიის არჩევისას უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა მისი ეკლესიურობა, რელიგიური ცნობიერება, საღმრთო საკითხებისადმი წვდომა უნდა იყოს. როდესაც იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაწესრიგებელი, კარგ იურისტს მივმართავთ, სახლის მოწყობისას – დიზაინერს, ავადმყოფობისას – რჩეულ ექიმს, მანქანის გასამართად – საუკეთესო ხელოსანს და ა.შ. მით უფრო, სული უნდა ვანდოთ ისეთ პიროვნებას, ვისაც ყოველკვირეული გამოცდილება აქვს ტაძარში სიარულისა, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას.
არაფრით არ შეიძლება შერჩევა მატერიალური ნიშნით, “დავიმოყვრებ და შვილს ფინანსურად არ გაუჭირდება”, “მიხედავს”, “ოქროს ჯვარს აჩუქებს”, “კარგი ნათლია” ეყოლება. სადაც მიწიერი ცნობიერება ერთვება, იქ სულიერი ღირებულებები კვდება. ეცადეთ, ისეთი ნათლია დაუყენოთ ბავშვს, რომელიც ქრისტიანულად აღზრდაში შეეწევა ოჯახს. ნათლიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ფულზე მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრებაა. შეიძლება ჩვენგან ოქროებს მოელიან (ეს მიწიერი ხედვაა), მაგრამ ჩვენ გული რასაც გვთხოვს, ის უნდა გავცეთ.
ოქროს და ბრილიანტის ჯვარი საერთოდ არ არის სავალდებულო, უფალმა ხის ჯვარი იტვირთა და მით გამოიხსნა კაცობრიობა. მასალა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, საუკეთესო ბრილიანტს აირჩევდა ქრისტე. სულიერ ხედვას განაპირობებს ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ხარჯებზე ფიქრი მიწიერი საზომია. ქრისტიანი ფინანსების გამო ნათლობაზე თავს არ შეიკავებს, უფრო სულიერი პასუხისმგებლობა თუ გვაიძულებს უარის თქმას.
– რა მოვალეობა აკისრია ნათლიას?
– სულიერი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხორციელ ნათესაობას უტოლდება. ნათლულზე ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც საკუთარ შვილზე. მისი განცდა, ტკივილი, მწუხარება, სიხარული ერთნაირად უნდა გავიზიაროთ. თუ ვიცი, რომ კვარტალში ერთხელ ვნახავ ნათლულს და ვერაფრით დავეხმარები, უმჯობესია, უარი ვთქვა, ვიდრე ტაძარში  აღმზრდელობითი აღთქმა დავდო და სიტყვა არ შევასრულო. შეუსრულებელი სიტყვისთვის ადამიანი  ღვთისგან ისჯება. იმდენი სული უნდა ვიტვირთოთ, რამდენზეც შევძლებთ პასუხისგებას. კარგად უნდა ვერკვეოდეთ სახარების სწავლებაში, ვიცოდეთ მრწამსის მნიშვნელობა და თან გარანტი უნდა ვიყოთ ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებაზე. ჩვილი მშობლებისა და ნათლიის სარწმუნოებით ინათლება, რადგან მას არჩევანის უფლება არა აქვს.
თუ პატარას ვნათლავთ, აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ თუ მშობლები მორწმუნენი არ არიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაყვანა ტაძარში, რომ ეზიაროს. სამწუხაროდ, არსებობენ მონათლული “ათეისტებიც”, რომელთაც ეკლესიის სწამთ, მაგრამ არა მღვდლის. არადა, სწორედ იმ მღვდლის ხელით მოინათლა, რომლისაც არ სწამს, კატეხიზაცია კი ხელს უწყობს ადამიანს, ნათლიის მეშვეობით გაეცნოს სარწმუნოებრივ ანბანს, თუმცა უკუღმა ხდება დღეს, ნათლულისგან უფრო ხშირად ნათლიები სწავლობენ ქრისტეზე.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები