“ქაცარავამ გადაცემაში ჩაილაპარაკა “აუ, ახლა ამას ვცემ” – იჩივლებს თუ არა კესარია სასამართლოში

გადაცემის „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“ წამყვანი ირაკლი ვაჭარაძის იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გადაცემაში დაფიქსირებული ტრანსფობიური ფაქტების გამო იგი უნდა დაიხუროს.
როგორც ჯაჯანიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ის აჩვენებს იმას, რაც საქართველოში ხდება, ხოლო რაიმე სახის პროპაგანდას ან მოწოდებას, არ აკეთებს.
მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს გადაცემის დახურვა, გადაწყვეტილება კი ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა მიიღოს.
ჯაჯანიძის თქმით, თუ ტელეკომპანია გადაწყვეტს, დახუროს გადაცემა, მაშინ მას შეუწყვეტენ კონტრაქტს.
„ჩემი დამოკიდებულება გამოჩნდა, რომ გადაცემის დროს მე უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს კონფლიქტები. მე ვაჩვენე ის, რაც საქართველოში ხდება. მინდა ნახოს მოსახლეობამ ჩვენს ირგვლივ რა ხდება. ეს რესპონდენტები მოდიან და საუბრობენ. ძალას არავის არ ვატანთ. ამას უყურებს მოსახლეობა.
ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს დახურვა. თუ მოუნდება „იმედს“, დახუროს. მე არ ვიცი. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კონტრაქტი, თუ შემიწყვეტენ კონტრაქტს, შემიწყვიტონ. მალე პენსიაზე გავალ. პაციენტი ექიმთან მიდის იმიტომ, რომ დაავადების შესახებ გაიგოს. თუ ექიმი დაუმალავს, ხომ არ მორჩება? ამ შემთხვევაში მე ვაჩვენებ, რა ხდება საქართველოში? კარგ დღეში ვართ, თუ ცუდ დღეში ამაზე აზრს ხალხი გამოხატავს. როგორ შეიძლება, ვინმეს მოვუწოდო ან პროპაგანდა გავუწიო? მე ვაჩვენებ იმას, რაც არის“, – აღნიშნა ჯაჯანიძემ.
gada
„კვირა“ გადაცემაში მიწვეულ კესარია აბრამიძესაც დაუკავშირდა. იგი თვლის, რომ იუნა შაფათავამ და დათო ქაცარავამ მისი უფლებები დაარღვიეს, თუმცა დაიწყებს თუ არა მათ წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას, ამაზე ფიქრობს და ჯერ არ გადაუწყვეტია. მისივე განცხადებით, გადაცემას აკვირდებოდა 6 იურისტი, რომლებმაც მას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, განუმარტეს, რა კუთხით შეიძლება მომხდარზე რეგირება.
იურისტებმა ნახეს ისეთი ფაქტები, რომლითაც ჩემი უფლებები დაირღვა. ორი დღის განმავლობაში არ წყდება ადამიანების მხრიდან დადებითი ემოციები, მხარდაჭერა და ძალიან კარგი ემოციები გამოიწვია ჩემ მიმართ ამ გადაცემამ. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა იყო ჩემი უფლებების დარღვევის ფაქტები. თუნდაც ის, რომ დათო ქაცარავამ ჩაილაპარაკა – „აუ, ახლა ამას ვცემ“.

მუქარის ტექსტები იყო. თავისუფლად შემიძლია, რომ პასუხისგებაში მიეცნენ დათო ქაცარავაც და იუნა შაფათავაც. ცხელ გულზე რაღაცებს არ ვწყვეტ. თუ ამას გადავწყვეტ, ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საქართველოს დონეზე მოვაგვარებს რაღაცას. თუკი ამ ნაბიჯს გადავდგამ, სხვა ქვეყნებს ჩავრთავ ამ საქმეში. ჩავრთავ უფლებადამცველებს, მარტო ქართულ საზოგადოებას არა. სხვადასხვა ქვეყანა ჩაერთვება, სადაც მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც თუნდაც აღნიშნული სიტყვის გამო დათო ქაცარავას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან.

მე, ვიდეომასალებიც, ყველაფერი ჩავწერე. ქაცარავას რეპლიკაც ისმის ეთერში. უკვე ყველაფერი დავაკოპირე და კომპიუტერში ჩავწერე. როცა გადაცემა გავიდა, იურისტებთან და ორგანიზაციებში გადავრეკე. 6 საკმაოდ ცნობილი იურისტი აკვირდებოდა გადაცემის მსვლელობას, სად რა დარღვევა იყო, ყველაფერი უკვე მითხრეს, ასევე რა კუთხით შეიძლება ამ საქმეების აღძვრა. ახლა ვფიქრობ. ჩემზეა დამოკიდებული. ამ გადაცემამ ჩემი რეიტინგი ძალიან მაღლა ასწია. ხალხი მიხვდა, ვინ არის სინამდვილეში კესარია და რატომ მებრძვიან არშემდგარი, წარუმატებელი ქალები“, – ამბობს კესარია.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად” ტრანსფობიური განცხადებების გამო უნდა დაიხუროს.

“იმედზე საშინელი შოუ რომ გადის, ჯაჯანიძის, რაც დღეს იქ ვიხილეთ, მსგავსი საშინელება ჯერ არ ყოფილა (ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ეშვებიან უფსკრულში). ისეთი ამაზრზენი ტრანსფობია გამოიჩინეს კესარია აბრამიძის მიმართ, რომ ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე. ხვალ დილიდანვე მივხედავთ ამ საქმეს. ეს გადაცემა უნდა დაიხუროს და პირობას ვდებ, რომ ლგბტ თემის წევრებთან ერთად ამას მივაღწევთ, უკიდურესი ზომების მიღებაც რომ დამჭირდეს. ასეთი დამცირება, დაცინვა, გადავლა ადამიანზე მისი გენდერული იდენტობის გამო, მეორე არ მინახავს. მე აქ მხარეებს არ ვიჭერ და იქ მიმდინარე კამათზე არ ვაკეთებ კომენტარს. აქ პრობლემა მაქვს ამ არხთან, მის ჯერჯერობით უპასუხისმგებლო მენეჯმენტთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ცოცხალი ადამიანებისგან ცირკს აწყობს”, – წერს ვაჭარაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები