ქართველ მწერალთაგან პირველი, ვინც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო – 29 ივნისი მისი დაბადების დღეა

1894 წლის 29 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი დაიბადა. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადავოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედოთ ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს: „ოქროს ვერძსა“ და „ცისფერ ყანწებს“. პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, როგორც ცნობილია, პაოლო 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე ვაჟი კი 1940 წელს გადაუსახლებიათ. 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და „ევროპის“ ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში. პაოლო იაშვილი დაარსების დღიდან აქტიურ მონაწილეობდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: „ოქროს ვერძი“ და „ცისფერი ყანწები“. ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. პაოლო, სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტარაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი. ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, „თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას – ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“, – იგონებს შალვა აფხაიძე. მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია და საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. თვითმკვლელობის ამ შემაძრწუნებელ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა,როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ. 1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

სხვა სიახლეები